Facebook Twitter

საქმე №ას-1339-2019 7 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ. ჩ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ღ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. ჯ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი ან მოვალე) და ლ. ჩ-ეს (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) შორის, 20... წლის ... აგვისტოს, გაფორმდა ნოტარიუს ე. შ-ას მიერ სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის №1408... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მესამე მოპასუხისაგან ისესხა 20 000 ლარი. 2014 წლის 7 ოქტომბერს ნოტარიუს ირმა ფირცხალავას მიერ დამოწმებული №14110... სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, მესამე მოპასუხემ ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე უარი განაცხადა 2014 წლის 12 აგვისტოს მის სასარგებლოდ დადებულ იპოთეკაზე (იხ. ტ. 1, ს. ფ. 307-312, 342-343).

2. მოსარჩელეს, მესამე მოპასუხეს, თ. ჩ-ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი) და ნ. ტ-ეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) შორის, 2014 წლის 7 ოქტომბერს (შემდეგში: ხელშეკრულება), სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პირველმა მოპასუხემ მსესხებელს ასესხა 9 500 აშშ დოლარი, მეორე მოპასუხემ - 5 500 აშშ დოლარი, ხოლო მესამე მოპასუხემ - 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის, 3%-ის გადახდის პირობით (ტ. 1, ს. ფ. 21-27).

3. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სესხი დაუბრუნოს 6 (ექვსი) თვის ვადაში 2015 წლის 7 აპრილამდე მსესხებლის მიერ გაცემულ ფულად ერთეულში. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის ან სარგებლის (პროცენტის) დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გადაუხადოს გამსესხებელს დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, დასახლება .... ..., მე-.... მ/რ-ნი, კორპუსი ...., ბინა .... ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

4. ნოტარიუს რ. ნ-ნის მიერ, 2015 წლის 16 ივლისს, დამოწმებული მოთხოვნის დათმობის №15076... ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის დამთმობმა რ. ბ-მა - ახალ მფლობელს - იგივე იპოთეკარს, თ. კ-ს, გადასცა მოთხოვნა, რომელიც გააჩნდა მოსარჩელის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეესტრის ნომერი №1411..., დამოწმების თარიღი 0...10.20... წელს ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ) გამომდინარე. დათმობის პირობების თანახმად, მოთხოვნის დამთმობი - ახალ მფლობელს, თ. კ-ს გადასცემს საკუთრების უფლებას 5 000 აშშ დოლარიდან 3 000 აშშ დოლარზე და მასზე დარიცხულ სარგებელსა და შესაძლო პირგასამტეხლოზე (ტ. 1, ს. ფ. 317-320).

5. ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ, 2016 წლის 11 მაისს, გაცემულია №16049... სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია პირველი მოპასუხე, ხოლო მოვალედ - მოსარჩელე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 7 ოქტომბერს ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ რეგისტრირებული სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 7 აპრილის მდგომარეობით შემდეგია: სესხის ძირითადი თანხა 9 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.1% ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 8 აპრილიდან ყოველთვიურად 9.50 აშშ დოლარი აღსრულებამდე; ასევე -სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი და 4.36 ლარი, სულ 124.36 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 28-29).

6. 2016 წლის 11 მაისის №160493... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმავე წლის 27 მაისს, კერძო აღმასრულებელმა მ. ს-მა მოვალეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. 1, ს. ფ. 30-32).

7. 2017 წლის 18 მაისს ნოტარიუსმა ი. ფ-ამ რ გასცა №1705... სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია მეორე მოპასუხე, ხოლო მოვალედ - მოსარჩელე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 7 ოქტომბერს ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ რეგისტრირებული სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 2015 წლის 7 აპრილის მდგომარეობით, შემდეგია: სესხის ძირითადი თანხა 5 500 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი -120 ლარი და 4.36 ლარი, სულ -124.36 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 112-115).

8. 2017 წლის 18 მაისს გაცემული №17053... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2017 წლის 4 ივნისს, კერძო აღმასრულებელმა მ. ს-მა მოვალე ლ. ჯ-ას გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. 1, ს. ფ. 116-117).

9. მოსარჩელემ, 2016 წლის 22 იანვარს, გვარი შეიცვალა და გახდა ღ-ა (ტ. 1, ს. ფ. 33-34).

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქეთევან კოპიტცევას განცხადება და მოვალე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად (ტ. 1, ს. ფ. 177-181).

11. სასარჩელო მოთხოვნა

11.1. მოსარჩელის დროებითმა მხარდამჭერმა პირმა, 2016 წლის 8 აგვიტოს, სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2014 წლის 7 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღრულებო ფურცლების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მსესხებელი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური აშლილობით, რის გამოც მის მიერ სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი.

12. მოპასუხეთა შესაგებელი

12.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ნოტარიუსმა შეამოწმა მსესხებლის ნების გამოხატვის ნამდვილობა და მხარეთა ქმედუნარიანობა, შესაბამისად, სარჩელი სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ დამოწმებული 2014 წლის 7 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №14110...; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ი. ფ-ვას მიერ 2016 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №16049...; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ 2017 წლის 18 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №17053....

13.2. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 302-ე, 316-ე, 317-ე, 50-ე, 54-ე, მე-12, 58-ე, 61-ე მუხლებითა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 38-ე მუხლით იხელმძღვანელა.

14. პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი

14.1. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით აპელანტთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არის მყარი ფსიქიკური და გონებრივი დარღვევების მქონე პირი. იგი 2014 წლის 7 ოქტომბერს, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას საჭიროებდა ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა, რაც სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია, გამოვლენილი ნების ნაკლის გამო.

15.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 58-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოვალის მიერ 2014 წლის 7 ოქტომბერს გამოვლენილი ნების ნამდვილობის დადგენის მიზნით, დეტალურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები, ამონაწერები ავადმყოფობის ისტორიიდან და ექსპერტიზის დასკვნები, ისევე როგორც ამგვარი გამოკვლევის შესაძლებლობა მისცა პროცესის მონაწილე ყველა მხარეს და შეაფასა ისინი მათი დამაჯერებლობის, ასევე - შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით.

15.4. საქმეში წარმოდგენილია მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის მიერ 2016 წლის 21 მარტს გაცემული ცნობა. ამ ცნობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ კლინიკას პირველად 1996 წლის 21 მარტს მიმართა ალკოჰოლიზმისა და რეაქტიული ფსიქოზის ნიშნებით. „კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების და დაკვირვებების შემდეგ შემჩნეული იქნა დემენციის ნიშნები. პაციენტმა გაიარა მკურნალობის ინტენსიური კურსი. აყვანილი იქნა აღრიცხვაზე. მას სჭირდებოდა ექიმის მეთვალყურეობა და პერიოდულად უტარებდნენ გამოკვლევას. 2000 წლის ბოლოს მოსარჩელის მდგომარეობა გაუარესდა. მან მიმართა კლინიკას ჩივილებით: სუიციდის მცდელობა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ჰალუცინაციები სიბნელეში, ბინდში, თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება, ძლიერი ტკივილები თავის არეში. მას ჩაუტარდა გამოკვლევები, რომლის საფუძველზე დასმულ იქნა დიაგნოზი: ალკოჰოლიზმი, რეაქტიული ფსიქოზი, მკვეთრად გამოხატული დემენცია, აზროვნების დარღვევა“. ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის მიერ 2012 წლის 12 აპრილს გაცემული ავადმყოფობის ისტორიიდან ამონაწერის თანახმად: „პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში მყარი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით. ოჯახის წევრების გადმოცემით, ის იყო აგრესიული, ჰქონდა გაზის მილის გადაჭრის მცდელობა. ასევე, შეიჭრა ავტომობილების მოძრაობის მაგისტრალზე, იქცევა ძალზე აგრესიულად მისი ოჯახის წევრების და მეზობლების მიმართ. პაციენტს გარეგნობა აქვს მოუწესრიგებელი, თავს არიდებს დასმულ კითხვებზე პასუხს, არ არის კონტაქტური, მხოლოდ იღებს ჯიბიდან საბავშვო სათამაშოს/საყვირს“; 2013 წლის 3 ივლისის ამონაწერის თანახმად: „პაციენტის მამა და ბიძა იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულები. პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში მყარი ფსიქიკური აშლილობით. ოჯახის წევრების გადმოცემით იგი იყო აგრესიული, სახლში ცეცხლი წაუკიდა ფარდას და ამბობდა, რომ ის არის მეფე. მაგრამ დასმულ კითხვაზე, თუ რომელი მეფე იყო, ის არ პასუხობდა. მხოლოდ ამბობდა, რომ ახლა მას სხვადასხვა ეროვნების ხალხები უსმენდნენ. პაციენტი ზის ერთ მდგომარეობაში და პასუხობს კითხვებზე ძალიან რთულად, მხოლოდ ჟესტებით“; 2013 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად: „პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში მყარი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით, სუიციდის მცდელობით. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან გაიჭრა მარჯვენა ხელი. გარეგნულად პაციენტი არის მოუწესრიგებელი, იყურება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ძალიან რთულად წარმოსთქვამს სიტყვებს იმ შინაარსით, რომ „მიეცეს მას სიკვდილის საშუალება“. ასევე ის რთულად და ფრაგმენტულად ჰყვება საშინელებების შესახებ, რომ ღამით შეიარაღებული ადამიანები თავს ესხმიან და მას აწამებენ“.

15.5. ავადმყოფობის ისტორიიდან თითოეული ზემოაღნიშნული ამონაწერი შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ პაციენტს აქვს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები დამუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

15.6. შპს „ფ. ჯ. და ნ. პ. ც.“ 2016 წლის 5 ივლისის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელე დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით: ორგანული პიროვნული აშლილობა (F 07.0) ფსიქოზური ჩართვებით და კოგნიტურ-მნესტიური ფუნქციების მკვეთრი დაქვეითებით (დემენცია), რასაც მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, მრავალჯერადი თავის ქალის ტრავმები, მათ შორის, - გონების დაკარგვით, ხანგრძლივი ალკოჰოლიზაცია, მყარი პიროვნული აშლილობით, ხასიათის დისჰარმონიით, აფექტური და რიგიდული აზროვნებით, სწორხაზოვნებით, აზროვნებასა და ქმედებაში აწეული მომთხოვნელობით, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობით, თანაგრძნობის უნარის არ ქონით, ექსპლაზიური რეაქციებით და კონფლიქტურობით, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სოციალურ ადაპტაციას, ემოციური დაძაბულობა-სისატიკით, იმპულსური ქმედებებით, თვითკონტროლისა და თავდაჭერის უნარის სისუსტე ჰეტერო და აუტო აგრესიით, რასაც თან ახლავს ცნობიერების შევიწროვება, მოტორული აგზნებები (დეკომპენსაცია), ეპიზოდური სმენითი ჰალუცინაციები, იჭვნეულობა, უნდობლობა ირგვლივმყოფების მიმართ. კოგნიტური და მნესტიური ფუნქციების მკვეთრი დაქვეითება საკუთარი მდგომარეობისა და შექმნილი სიტუაციის მიმართ კრიტიკის-უქონლობა... ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საექსპერტო კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს და 2014 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელეს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი. ამჟამად მსესხებელს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი“.

15.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება ისეთ ფაქტობრივ გარემოებას (პირის ფსიქიკური მდგომარეობა), რომლის დადგენაც სპეციალურ (სამედიცინო) ცოდნას მოითხოვს. სპეციალური კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს. გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, ნების ნამდვილობის პრეზუმფცია მოქმედებს მანამდე, სანამ იგი შედავებული და გაქარწყლებული არ იქნება საპირისპირო მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - სამედიცინო ცნობები, ამონაწერები სამედიცინო ისტორიიდან, ექსპერტიზის დასკვნები, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს დინამიურად 1996 წლიდან და ყველა ეტაპზე დგინდება, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა.

15.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებით გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ-ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს, რასაც სასამართლოს შეფასებით, შპს „ფ. ჯ. და ნ. პ. ც.“ მიერ 2016 წლის 27 ივნისის დასკვნა სრულად აკმაყოფილებს. საგულისხმოა გარემოება, რომ ექსპერტიზის ეს დასკვნა არის კომისიური სახის.

15.9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი არის კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანი. შპს „ფ. ჯ. და ნ. პ. ც.“ 2016 წლის 27 ივნისის დასკვნა პირდაპირ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს არ შეეძლო გაეგო მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა, შესაბამისად - გაეცნობიერებინა მისგან გამომდინარე შედეგები. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას არ იკვეთება მისი ე.წ. კვლევითი ნაწილის ნაკლოვანება, ასევე საეჭვო არ არის დასკვნის შემდგენთა კვალიფიკაცია, რასაც შეიძლებოდა არასარწმუნოდ ექცია წარმოდგენილი შეფასება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა სარწმუნოდ მიიჩნია და გაიზიარა მასში მითითებულ დასკვნა, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს და 2014 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელეს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი.

15.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად მოსარჩელეს მოტორული და კოგნიტური მდგომარეობის პრობლემების გამო, შეზღუდული აქვს შრომითი საქმიანობის უნარი, ასევე, ცნობიერად არ შეუძლია წვრილმანი გარიგების დადება, სამეწარმეო საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა/განკარგვა. ასევე პიროვნული ცნობიერების პრობლემების გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა. მას არ შეუძლია ფულად-საკრედიტო სისტემით სარგებლობა, სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის, კერძოდ, პენსიის აღების საკითხში. მას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში ესაჭიროება მხარდამჭერი პირის დახმარება.

15.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ უსაფუძვლოა მოპასუხეთა მითითება ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა მოსარჩელის მიერ ოჯახის შექმნა (ვინაიდან ქორწინების დროს არ ხდება პირის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმება) და მართვის მოწმობის არსებობა, ვინაიდან მოსარჩელეზე მართვის მოწმობა გაცემულია 2002 წელს, განსახილველ შემთხვევაში კი, სადავოა 2014 წლის პერიოდი (საგულისხმოა გარემოება, რომ მოსარჩელე განქორწინებულია 2012 წლის 13 ნოემბრიდან, ხოლო სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელეს 2011 წლის 14 აგვისტოდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.4 მუხლის საფუძველზე მართვის უფლება 1 წლის ვადით აეკრძალა; ასევე 2014 წლის 30 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.1 მუხლით მართვის უფლება 6 თვის ვადით აეკრძალა; ასევე 6 თვის ვადით აეკრძალა მართვის უფლება 2017 წლის 18 აპრილიდან).

15.12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე მყარი ფსიქიკური და გონებრივი დარღვევების მქონე პირია. სადავო ხელშეკრულების დადების დროს მსესხებელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა, შესაბამისად არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სადავო გარიგების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძველია, გამოვლენილი ნების ნაკლის გამო.

16. პირველი აპელანტის საკასაციო საჩივარი

16.1. პირველმა აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სადავო მტკიცებულებები გაიზიარა, რომელთა საწინააღმდეგოდაც არაერთი მტკიცებულება იყო წარდგენილი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ეხება მოსარჩელის ფსიქიკურ მდგომარეობას 2017 წლის მდგომარეობით, ხოლო სადავო გარიგება 2014 წლის 7 ოქტომბერსაა დადებული.

16.3. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, რომ მსესხებელს მართვის მოწმობა ჰქონდა, იმყოფებოდა ქორწინებაში და ჰყავს 2 შვილი. ამასთან, გარიგების დადების დროს მისი ქმედუნარიანობა ნოტარიუსმა შეამოწმა და მას ეჭვი არ გასჩენია.

16.4. კასატორმა აღნიშნა, რომ გარიგების დადების დროს მსესხებელი იყო მოწესრიგებული, გაწონასწორებული, სვამდა კითხვებს და რეაგირებდა ადეკვატურად.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

23. უპირველესად, საკასაციო სასამართლო იმას აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

24. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (შდრ. სუსგ #ას-1610-2019, 07.02.2020 წ.).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასებისა და დასკვნების გაბათილება (იხ. ამ განჩინების 15.2-15.12 პუნქტები). მან მიუთითა, რომ მოსარჩელეს შვილები ჰყავდა და მართვის მოწმობა ჰქონდა, თუმცა იმ მტკიცებულებების საპირწონედ, რომლებიც მოსარჩელემ წარუდგინა სასამართლოს და რომლებიც ზემოთ მითითებულ პუნქტებშია ხსენებული, კასატორის მიერ დასახელებული ეს გარემოებები არ გამოდგება. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებშიც გადაჭრით არის მითითებული, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო შეეგნო თავისი ქმედება გარიგების დადებისას (სსკ-ის 58-ე მუხლი), რაც სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. დასახელებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც არ იწვევს პირის მხარდამჭერის მიმღებად აღიარებას და დროებით ხასიათს ატარებს. მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნების გამოვლენისას პირს ჰქონდა ცნობიერება დაკარგული ან იმყოფებოდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში (იხ. ლ.ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 58, ველი 18, გვ. 340, თბილისი, 2017). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით დაასაბუთა საკუთარი მოთხოვნის კანონიერება და საფუძვლიანობა, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძველს, რის გამოც მისი დასაშვებად ცნობა უარყოფილია.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. ჩ-ს (პ/ნ 010080...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1691,25 ლარის (საგადახდო დავალება N21957922, გადახდის თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 1183,88 ლარი და 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 9 მაისი), 70%- 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე