Facebook Twitter

№ ას-1192-2018 13 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – ე.ხ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №…..) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“) რეგისტრირებულია გ.ჩ–ის (შემდგომში − „მოსარჩელე“) საკუთრებად.

2. სადავო უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობს ლ.გ–ი (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხისა და ე.ხ–ძის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ 2017 წელს შ.ნ–ძემ მას შინაურული ხელშეკრულებით აჩუქა სადავო უძრავი ქონება. მხარის მითითებით, ის ფაქტი, რომ ხელნაწერი ნამდვილად შ.ნ–ძის შესრულებული იყო, დასტურდებოდა ექსპერტიზის დასკვნით. მხარემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის 8 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება საქმეს არ ერთვოდა და დასახელებული გარიგება სავარაუდოდ თვალთმაქცურად იყო გაფორმებული.

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე უთითებდა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ უფლების ბათილი გარიგებით მოპოვების შესახებ, თუმცა მას არ წარუდგენია სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი - 2017 წლის 8 ნოემბრის გარიგების ბათილობის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და მიუთითა, რომ პირველმა მოპასუხემ თავის სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო თავისი კუთვნილი ნივთი მოპასუხე მხარის უკანონო მფლობელობიდან გამოეთხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

13. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ხელწერილი, ექსპერტის დასკვნა). სასამართლო არ დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ პიროვნებამ, რომლის ქონებაზეც მიმდინარეობს დავა და რომელსაც წლების განმავლობაში უვლიდა პირველი მოპასუხე, ამ უკანასკნელის სახელზე დაწერა ხელწერილი, ანდერძის სახით.

14. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ნასყიდობის ხელშეკრულების გამოთხოვის თაობაზე. ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

23. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 17-19), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

27. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის შედავება, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ წარდგენილი ხელწერილი.

28. პირველი მოპასუხე შესაგებელში უთითებდა, რომ ზემოაღნიშნული ხელწერილით შ.ნ–ძემ მას აჩუქა სადავო უძრავი ქონება, თუმცა ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

29. კასატორის იმ მითითებასთან დაკავშირებით, რომ შ.ნ–ძემ პირველი მოპასუხის სახელზე ანდერძის სახით დაწერა ხელწერილი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს, სადაც უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია. აღნიშნული ჩუქების ხელწერილის შინაურულ ანდერძად მიჩნევის შემთხვევაში, მხარეს უნდა მოეთხოვა ამ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა, შესაბამისად, სხვა მემკვიდრეებზე გაცემული სამკვიდრო მოწმობებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც მას არ განუხორციელებია. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.

34. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის მიმართვა, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი #1258457, სანოტარო აქტი ანდერძის გაუქმების შესახებ, მეზობლების დასტური, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს მიმართვა, სამედიცინო ბარათები), მთლიანობაში „9“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ 90-98).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ლ.გ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 8 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორ ლ.გ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის მიმართვა, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი #1258457, სანოტარო აქტი ანდერძის გაუქმების შესახებ, მეზობლების დასტური, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს მიმართვა, სამედიცინო ბარათები), მთლიანობაში „9“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ 90-98);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე