Facebook Twitter

საქმე №ას-513-2019 2 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ნ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ.კ–ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ნ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ მესაკუთრედ ცნობის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, 2019 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს. თუმცა მხარეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსთვის არ უცნობებია. შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს სხდომის თარიღი არ უცნობებია არც აპელანტისთვის და არც მისი წარმომადგენლისათვის. აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა მხოლოდ მოსამართლის თანაშემწის მიერ ხელმოწერილი 2019 წლის 29 იანვრის მიმართვის წერილი და სააპელაციო შესაგებლის ასლი 8 ფურცლად. მიმართვის წერილზე მითითებულია: „დანართი 08 ფურცლად“ - და ერთვის შესაგებელი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 28 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

18. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ სასამართლოს არც აპელანტისთვის და არც მისი წარმომადგენლისთვის არ უცნობებია.

19. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს უწყების ადრესატისთვის ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესს.

20. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით.

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილება დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 52-53), თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 28 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ამავე წლის პირველ თებერვალს ჩაბარდა პირადად. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით, რომლითაც ირკვევა, რომ მხარეს ჩაბარდა უწყება და შესაგებელი (იხ. ტ.2. ს.ფ. 40).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ იგი ინფორმირებული არ იყო სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია აპელანტის წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, რომლის გამაქარწყლებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარდგენის ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მას ჰქონდა. მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება კი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად აპელანტის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე