Facebook Twitter

საქმე №ას-696-2019 17 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ო–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.კ–ამ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „ აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ო–ის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომას და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი ხ.ხ–ი. თუმცა მოსარჩელე მხარეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაში არ მოუთხოვია.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი შეღავათებიდან ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე სასამართლოს წარმოუქმნიდა მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 2019 წლის 14 იანვარს (ორშაბათი) და ამოიწურა ამავე წლის 28 იანვარს, 24:00 საათზე (ორშაბათი).

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა ვადის დარღვევით - 2019 წლის 6 თებერვალს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად მზად უნდა ყოფილიყო 2019 წლის 3 იანვარს, თუმცა იგი კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მომზადებულა;

10.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 4, 5, 6 იანვარს მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანცელარიას და მოითხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება, თუმცა კანცელარიის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მოსამართლე და მისი თანაშემწე იმყოფებოდნენ შვებულებაში, გადაწყვეტილება არ იყო მზად და მოსამართლე შვებულებიდან 2019 წლის 25 იანვარს გამოვიდოდა. 2019 წლის 25 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელი კვლავ მივიდა სასამართლოში, თუმცა მოსამართლის თანაშემწისგან შეიტყო, რომ მოსამართლე შვებულებიდან 2019 წლის 5 თებერვალს გამოვიდოდა. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვიტა დაეწერა განცხადება გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, მაგრამ მოსამართლის თანაშემწემ უთხრა, რომ განცხადების დაწერას აზრი არ ჰქონდა, რადგან გადაწყვეტილება მზად არ იყო;

10.3. გადაწყვეტილება მზად არ იყო არც 2019 წლის 6 და 7 თებერვალს, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 6 თებერვალს წარადგინა დაუზუსტებელი სააპელაციო საჩივარი. 2019 წლის 8 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც მან სასამართლოში გააგზავნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. 2019 წლის 6 თებერვალს მხარის მიერ დაუზუსტებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენა ადასტურებს, რომ ამ დროს გადაწყვეტილება მზად არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სასამართლოში დაუზუსტებელ სააპელაციო საჩივარს არ წარადგენდა;

10.4. მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადება არ დაუწერია, რადგან განცხადებას მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარების დროს იღებენ.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

20. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი - ხ.ხ–ი (იხ. ტ.1. ს.ფ. 54-57), რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (იხ. ტ.1. ს.ფ. 32).

21. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 (2019 წლის 3 იანვარი) და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2019 წლის 13 იანვარი) გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. თუმცა მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია. მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 2019 წლის 8 თებერვალს მიმართა (იხ. ტ.1. ს.ფ. 84).

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილება მზად არ იყო.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რომლის თანახმად, ყოველი მხარე მოვალეა სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიმართვისა და სასამართლოს ბრალით მისი მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ №ას-1040-994-2013, 9 დეკემბერი, 2013 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია და არც საქმის მასალებში მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელე მხარე კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.

26. ამგვარად, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2019 წლის 14 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 27 იანვარს, რომელიც იყო უქმე დღე (კვირა), შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანა 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით შეეძლო. თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 6 თებერვალს (იხ. ტ.1. ს.ფ. 68-76), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე