Facebook Twitter

საქმე №ას-1475-2019 7 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. ქ. მ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ. ფ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ვაგონების დგომის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავში, სამრეწველო ზონაში მდებარე რკინიგზის ჩიხები ს/კ-ით #02.00…, 2012 წლის 5 იანვრიდან აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების, შპს „ქ. ფ.“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად შენატანისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს რ. ფ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მესაკუთრე ან შემნახველი) საკუთრებაა.

2. 2012 წლის 21 სექტემბერს სს ,,ს. რ.’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც რკინიგზა ან სარკინიგზო კომპანია) და შპს „რ. ფ. მ.“, ამჟამინდელი სახელწოდება შპს „ჯ. ქ. მ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მიმბარებელი) შორის მოძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, რკინიგზამ მოსარჩელეს განსაზღვრულ ადგილზე მიტანით ან/და იმჟამიდნელი განლაგების ადგილზე შენახვის უზრუნველყოფით, შპს “ი.“ 2010 წლის 15 ივნისისა და 17 სექტემბერის აუდიტორული დასკვნით დადასტურებული 2241 ერთეული სხვადასხვა ტიპის სატვირთო ვაგონი გადასცა, ნარჩენი ღირებულება გადაცემის მომენტისთვის - 8572 678,75 ლარი იყო.

3. სარკინიგზო კომპანიამ 2012 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული ქონება შეიტანა მოსარჩელის კაპიტალში. მოსარჩელის კუთვნილი 47 ვაგონი მოპასუხის კუთვნილ ლიანდაგებზე, ჯერ კიდევ ამ ვაგონებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობამდე, კერძოდ, 2012 წლის 21 სექტემბრამდე განთავსდა.

4. აუდიტორული კომპანია „კ.“ 2018 წლის 7 მაისის დასკვნის მიხედვით, ლიანდაგების მდებარეობისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, წლიური საიჯარო ქირა 18 600 ლარია.

5. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, მოსარჩელემ 2017 წლის 25 მაისს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ კუთვნილი 47 სატვირთო ვაგონის გატანაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და წარდგენილი შეგებებული სარჩელით ვაგონების დგომის საფასურის, 921 670 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით კი, მოსარჩელის სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება, დავის საგნის არარსებობის გამო.

6. მოსარჩელე არ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორს და მიუთითა, რომ ვაგონები, 1990-იანი წლებიდანაა განლაგებული მოპასუხის ტერიტორიაზე, შესაბამისად, საკუთრებაშიც ნივთობრივი ნაკლის მქონე ქონება მიიღო, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებია, რაც ნივთის ნაკლის მიმართ თმენის ვალდებულებას წარმოშობს.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებულ მოპასუხეს 89 900 ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 763-ე, 764-ე, 775-ე 976-ე მუხლები და სარკინიგზო კოდექსის 1-ლი, 30-ე, 31-ე და 50-ე მუხლები გამოიყენა.

8. შეგებებულმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ ვაგონების დგომის საფასურის ანაზღაურება გამოირიცხებოდა თუ მოპასუხე დაამტკიცებდა, რომ მიბარება უსასყიდლო იყო. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და, გარდა თავისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, შეგებებული მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს კანონით დასაშვები და გამაბათილებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით.

10.1. კასატორის მტკიცებით, ვაგონები ლიანდაგებზე განლაგებული იყო 1990-იანი წლებიდან, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოსარგებლის თანხმობაც არსებობდა. მესაკუთრის შეცვლის შემდეგ სარგებლობის წესი არ შეცვლილა, უფრო მეტიც შეგებებულმა მოსარჩელემ ისე შეისყიდა ლიანდაგები, რომ პრეტენზია არ გამოუთქვამს არც გამყიდველისა და არც ვაგონების მესაკუთრის მიმართ. აღნიშნულით, ის უსასყიდლო მიბარების შესახებ, მისი უფლებრივი წინამორბედის მიერ გამოვლენილ ნებას დაეთანხმა.

10.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ლიანდაგები წლების განმავლობაში მწყობრიდანაა გამოსული, დაკარგული აქვს მისასვლელი ლიანდაგის ფუნქცია, შესაბამისად, მისი ექსპლუატაცია და მასზე ვაგონების უსაფრთხო მოძრაობა შეუძლებელია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ვაგონების დგომის საფასურის ანაზღაურება სსკ-ის 764-ე (1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. 2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული,მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას ჩვეულებრივი საზღაური) და 775-ე (თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. დადგენილია, რომ შემნახველი ანუ შეგებებული მოსარჩელე მოქმედებდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, მიბარების უსასყიდლო ხასიათის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში მიბარებისას, მიბარების სასყიდლიანობის შესახებ და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 764-ე მუხლზე, რომელიც მიბარებას, როგორც წესი, განიხილავს უსასყიდლო ხელშეკრულებად, თუმცა ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს ამავე ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებული გამონაკლისი, რომლის თანახმად, თუ შემნახველი მოქმედებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. სხვაგვარად რომ ითქვას, კანონმდებელი მოცემულ შემთხვევაში, უშვებს სასყიდლიანი მიბარების პრეზუმფციას, რომლის თანახმად, თუ შემნახველის მიერ ნივთის შენახვა მის კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს, მაშინ მიბარება ანაზღაურებადია და არ არის აუცილებელი ამის თაობაზე მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობა.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე/კასატორი პრეზუმირებულ ფაქტის გაქარწყლებას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით შეეცადა, კერძოდ, მიუთითა, რომ უფლებრივ წინამორბედებს შორის ანგარიშსწორება არ განხორციელებულა და მას სასამართლოსათვის სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნული მეორე მხარემ უარყო და მიუთითა, რომ უსასყიდლო მიბარების შესახებ არცერთ იურიდიულ პირთან შეთანხმებული არ ყოფილა. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს. შესაბამისად, კასატორის მსჯელობა, რომ უფლებრივ წინამორბედებს შორის მიბარებიდან გამომდინარე ანგარიში არ გასწორებულა, არ გამორიცხავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 764-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მიბარების სასყიდლიან ხასიათს.

16. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ლიანდაგები წლების განმავლობაში მწყობრიდანაა გამოსული და მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და კასატორის ყურადღებას მიაქცევს აუდიტორული კომპანია „კ.“ 2018 წლის 7 მაისის დასკვნაზე, რომლის თანახმად, სწორედ ლიანდაგების მდებარეობისა და მახასიათებლების გათვალისწინებითაა დაანგარიშებული წლიური საიჯარო ქირა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

18. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

19. კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ. ქ. მ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი