Facebook Twitter

საქმე №ას-1401-2019 7 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. კ. ა.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ჯ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან დამზღვევი) სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფერო „ფ. მ.“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების თამბაქოს საქართველოს ტერიტორიაზე განაწილებაა. კომპანიამ 2017 წლის 6 აპრილს სს „ს. კ. ა.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია ან მზღვეველი) დადებული შეთანხმებით დააზღვია ტვირთი და ის ფინანსური ზარალი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა დამზღვევთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დისტრიბუტორის (სავაჭრო აგენტის) მიერ იმ თანხის მითვისებით, რომელიც დამზღვევს უნდა მიეღო კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად და რომლის ოდენობაც წინასწარ, საქონლის გადაცემის მომენტში დაფიქსირდებოდა, გარდა ქურდობისა და ტვირთის დანიშნულების ადგილას მიუტანლობის შემთხვევებისა.

2. მზღვეველმა დაზღვეულის სახელზე ტვირთის დაზღვევის ღია პოლისი გასცა. დაზღვეულ რისკებად ტვირთის დაზღვევა და ფინანსური ზარალი, სადაზღვევო პრემია - 18500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო თითოეულ გადაზიდვაზე/სადაზღვევო შემთხვევაზე ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 120 000 ლარით განისაზღვრა. დაზღვევის პერიოდი ვრცელდებოდა 06.04. 2017-დან– 05.04.2018 წლამდე დამდგარ სადაზღვევო შემთხვევებზე.

3. 2018 წლის 24 იანვრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, მოსარჩელეს მ. ბ-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელი ან სავაჭრო აგენტი) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით - 12 070,35 ლარის, ხოლო მ. ჯ-ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელი ან სავაჭრო აგენტი) მოქმედებით - 28 212,95 ლარის ზიანი მიადგა.

4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2018 წლის 10 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგსადაზღვევო შემთხვევის (ფინანსური ზარალის) დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო; ის ამტკიცებდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა, რადგანაც დაზღვეული იყო არა ზოგადად ფინანსური ზარალი ან/და დისტრიბუტორთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით დამდგარი ზიანი, არამედ მათ მიერ დამზღვევის კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული კონკრეტული თანხა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი უარყოფილ იქნა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 799-ე მუხლი გამოიყენა.

7. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა, რადგან, დაზღვეული რისკების შინაარსის გათვალისწინებით, ვლინდებოდა ის საგამონაკლისო შემთხვევა (ტვირთის ადგილზე მიუტანლობა), რაც მზღვეველს შეთანხმების მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.

9. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.

9.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სავაჭრო აგენტების ქმედება არ წარმოადგენდა დაფარული რისკის კატეგორიას, რადგან მათ პროდუქცია არ მიუთვისებიათ და ისინი რეალიზაციის მიზნით მოქმედებდნენ. გარდა ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიუტანლობა, კომპანიაში პროდუქციის დაუბრუნებლობის შემთხვევად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებისათვის - 40 283,30 ლარის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობას, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლების წინაპირობების არარსებობა განაპირობებს. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა არ იყო განხორციელებული. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნებოდა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის, ანუ მოვლენის, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, რეალიზაციის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) კომპანიისათვის ზიანის მიყენებას.

13. პირველ რიგში საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის არსებობაზე, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

14. დადგენილია რომ, სავაჭრო აგენტების ფუნქცია მარშრუტების მიხედვით რეგულარულად დაფარვის უზრუნველყოფა და გეგმისა და მარშრუტების მიხედვით ვიზიტების განხორციელება იყო; ასევე დადგენილია, რომ სავაჭრო აგენტებმა მათთვის განკუთვნილ ობიექტებში პროდუქციის შეტანის შემდეგ ავტომობილის ბორტში დარჩენილი თამბაქოს პროდუქცია, შემდგომში მისი უფრო მაღალ ფასში გაყიდვის მიზნით მესამე პირს მიაწოდეს და მათივე განმარტებით, ისინი ამონაგები თანხიდან პროდუქციის ღირებულების კომპანიისათვის დაბრუნებას აპირებდნენ. ამ გარემოების გამაბათილებელი დამაჯერებელი მტკიცებულება კი, საქმეზე წარმოდგენილი არ არის, რაც საკასაციო პალატას უქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ სავაჭრო აგენტები სახელშეკრულებო ვალდებულების საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათთვის გადაცემულ ტვირთს. ამდენად, შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკით/ფინანსური ზარალით ანუ სავაჭრო აგენტების მიერ დამზღვევის კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხის მითვისებით, კომპანიისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში კი, ვლინდება ის საგამონაკლისო შემთხვევა, რაც მზღვეველს შეთანხმების მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - დაფარული რისკის არსებობის დამტკიცება, მით უფრო, რომ კასატორს დავის ეს ნაწილი საკასაციო პრეტენზიებში სათანადო დასაბუთებით არ გაუმყარებია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, არ ვლინდება სსკ-ის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების) განმაპირობებელი წინაპირობები (წინამძღვრები).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

16. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჯ." საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი