Facebook Twitter

საქმე №ას-1304-2019 7 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ბ-ვი (მოპასუხე)

მესამე პირი - ნოტარიუსი რ. გ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჟ. ბ-ვა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი ან მოსარჩელის მეუღლისა და მოპასუხის დედა), 2000 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილის სამკვიდრო მასაში შედიოდა ბორჯომის რაიონში, დაბა …, ჭ. ქუჩა #...-ში მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამკვიდრო ქონება, დანაშთი ქონება, უძრავი ქონება ან სადავო ქონება). მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილები), ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მემკვიდრე) და ვ. ბ-ვები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მემკვიდრე ან მოსარჩელის მეუღლე); ამ უკანასკნელის რეგისტრირებული მეუღლე იყო თ. ბ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი).

2. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოსარჩელესთან და მის აწ გარდაცვლილ შვილთან, ანუ მოსარჩელის მეუღლესთანერთად ქ. ზესტაფონში; დედის გარდაცვალების შემდგედ მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ გააგრძელეს ცხოვრება იმავე სახლში. ეს უკანასკნელი 2007 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 24. ტ.1).

3. 2008 წლის 21 ივლისს მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ სრულად მიიღო მისი მეუღლის დანაშთი ქონება; შესაბამისად, მის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა; ძმის გარდაცვალების შემდეგ, 20… წლის … სექტემბერს, მოპასუხე როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონების, მდებარე დაბა …, მესაკუთრე გახდა. მან სადავო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებაა 63 180 ლარი, 2014 წლის 17 აპრილს მესამე პირზე გაასხვისა (გაყიდა).

4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, მოსარჩელემ 2018 წლის 4 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ იმ საფუძვლით, რომ გასხვისებული ქონება მის აწ გარდაცვლილ მეუღლესაც ეკუთვნოდა. მან მოპასუხეზე გასხვისებული ქონების 1/4 ნაწილის ღირებულების, 15 795 ლარის, დაკისრება მოითხოვა

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ის ამტკიცებდა, რომ მოსარჩელის მეუღლე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და მხოლოდ ისაა ამ ქონების ერთადერთი მესაკუთრე.

6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონებაზე სავალდებულო წილის 1/4 მესაკუთრედ; მოპასუხეს - 15 795 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1337-ე, 1372-ე, 1374-ე, 1421-ე, 1424-ე, 1456-ე, 1457-ე, 316-ე, 317-ე და 982-ე მუხლები გამოიყენა.

7. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

8 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი უარყოფილ იქნა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სამკვიდრო ქონება არა ანდერძისმიერი, არამედ კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო, რაც გამორიცხავდა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას.

9. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. კასატორის მტკიცებით, ის სადავო ქონებას მეუღლესთან ერთად ფლობდა მამკვიდრებლის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდგომაც. შესაბამისად, სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის თაობაზე სარჩელიც დასაბუთებულია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.

13. მოპასუხის მიერ გასხვისებული ქონების 1/4 ნაწილის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 1306-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი), 1336.1 (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), 1328-ე (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება), 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის ნორმების გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არ ეთანხმება პალატის მიერ სარჩელის უარყოფას შემდეგი დასაბუთებით:

15. სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება.

16. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ცხოვრობდა მოსარჩელესთან და მის მეუღლესთან ერთად, სადაც მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებიც ინახებოდა, ასევე დადგენილია, რომ მამკვიდრებლის შვილმა ანუ მოსარჩელის მეუღლემ დედის გარდაცვალების შემდგომ გააგრძელა ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა (მემკვიდრის მუდმივი ცხოვრება ბინაში, სადაც მამკვიდრებლის მოძრავი ნივთები ინახება), ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ მემკვიდრე ანუ მოსარჩელის მეუღლე ფაქტობრივად დაეუფლა მის საცხოვრებელ ბინაში არსებულ მამკვიდრებლის მოძრავ ნივთებს. რაც საკასაციო პალატას უქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მან დედის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო.

18. სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მეუღლის მიერ გარდაცვლილის მოძრავი ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს.

19. ამრიგად, მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე კანონის საფუძველზე, გახდა დედის დანაშთი უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრე. შესაბამისად, მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების დროისათვის სამკვიდრო მასაში შედიოდა ასევე ბორჯომის რაიონში, დაბა …, ჭ. ქუჩა #...-ში მდებარე უძრავი ქონების ნახევარი, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მოსარჩელემ მიიღო (სსკ-ის 1421-ე მუხლი) და გახდა მისი მესაკუთრე (სსკ-ის 1433-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, მოპასუხემ უფლებამოსილი პირის (მოსარჩელის) თანხმობის გარეშე გაყიდა დავის საგანი, გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე და ის ვალდებულია ამ უკანასკნელს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხოლოდ გასხვისებული ქონების 1/4 ნაწილის კომპესაციას ითხოვს საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები). სხვა საკითხია მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელის მეუღლის ძმამ (მოპასუხემ) ხელყო ამ უკანასკნელის სამართლებრივი სიკეთე და მისი თანხმობის გარეშე მთლიანი სამკვიდროს მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოგვიანებით მან სადავო ქონება გაასხვისა მესამე პირზე, მაშინ როდესაც მას ნოტარიუსისათვის იმავე რიგის მემკვიდრის (მოსარჩელის მეუღლის) არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრებოდა; უფრო მეტიც, კანონის თანახმად, მასვე ევალებოდა, მიეღო ზომები მოსარჩელის, რომელმაც მიიღო გარდაცვლილი მეუღლის ქონება, სამკვიდროს მისაღებად მოსაწვევად (სსკ-ის 1478-ე მუხლი). ამდენად, სახეზეა მოპასუხის გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე და ის ვალდებულია ამ უკანასკნელს სსკ-ის 982.1 მუხლის საფუძველზე აუნაზღაუროს უძრავი ქონების 1/4 (63 180:4=15 795) ნაწილის ღირებულება. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან“ (შდრ. სუსგ № ას-472-448-2013, 05.12.2013).

20. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1289.75 ლარის გადახდა;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ა. ბ-ვს თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 15795 ლარის გადახდა;

5. ა. ბ-ვს, თ. ბ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1289.75 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი