საქმე ას-1271-2019 7 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეებ: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ბ." (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. მ-ძე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით), გ. ლ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1 გ. ლ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შპს "ბ." (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2014 წლის 4 დეკემბერს დადო წერილობითი შეთანხმება. მან მოპასუხეს 6 წლით სარგებლობაში გადასცა ქ. ქუთაისში, ა. პ. ქუჩა #...-ში მდებარე, 117.60 კვ.მ ფართი და სარდაფი.
2. აღნიშნული ფართი სამეწარმეო საქმიანობის განსახორცილებლად მზად არ იყო და ამიტომ შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეს გადაცემულ ფართზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას ოთხი თვის ქირის გადახდა არ ევალებოდა. შემდგომში კი, პირველი ორი წელი - 500 ლარი, მომდევნო ორი წელი - 1000 ლარი, ხოლო ბოლო ორი წელი - 1500 ლარი უნდა გადაეხადა.
3. პირველმა მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ შეთანხმების ვადის გასვლამდე არ გაასხვისებდა და იპოთეკით არ დატვირთავდა ზემოაღნიშნულ ქონებას. მიუხედავად ამისა, მან 2015 წლის 3 სექტემბერს ზემოაღნიშნული ქონება აჩუქა დედას, მ. მ-ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან დასაჩუქრებული). ამის გამო, 2016 წლის 11 მაისის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებით პირველი მოსარჩელე მეორე მოსარჩელემ ჩაანაცვლა. შესაბამისად, ამ უკანასკნელს 2015 წლის 9 სექტემბრამდე არსებული ქირის დავალიანება, 1500 ლარი, პირველი მოსარჩელისთვის, ხოლო შემდგომში, იმავე პირობებითა და მოცულობით მეორე მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა.
4. მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს არ გადაუხადა სამი თვის ქირა, 1500 ლარი, არ გადაუხადა, ხოლო მეორე მოსარჩელეს 14 500 ლარი დავალიანებიდან, მხოლოდ 5 000 ლარი აუნაზღაურა.
5. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, 2017 წლის 17 მაისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ ქირის დაკისრების მოთხოვნით. თავის მხრივ, მოპასუხემ პირველი მოსარჩელის მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის, 26 750 ლარისა და ქონების უკანონო სარგებლობით მიყენებული ზიანის, 1481 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 1500 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 9500 ლარის გადახდა დაეკისრა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს, 1481 ლარის გადახდა დაეკისრა, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 319-ე, 128-ე, 130-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 573-ე და 163-ე მუხლები გამოიყენა.
7. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და პირველი მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 4500 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა იჯარის ხელშეკრულებად შეაფასა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ მას პირველი მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ გააჩნდა, ხოლო, მეორე მოსარჩელის მიმართ მხოლოდ - 5000 ლარი ჰქონდათ ასანაზღაურებელი. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა სათანადოდ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დაადასტურეს დავალიანების - 1500 ლარისა და 9500 ლარის არსებობა. შესაბამისად, პალატამ მოპასუხე დაავალდებულა გადაეხადა დავალიანება.
10. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა. კასატორმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, მოძრავი ქონების ფართიდან გატანის აკრძალვის ნაწილში, გაუქმებაც მოითხოვა.
10.1. კასატორის მტკიცებით, პირველმა მოსარჩელემ დაარღვია შეთანხმების პირობა უძრავი ნივთის გაუსხვისებლობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მან ურთიერთობა გააგრძელა ახალ მესაკუთრესთან; ამასთან, ის მოსარჩელეებს ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდა იმ დროისათვის არსებული დავალიანების (ქირის) პატიების თაობაზე. შესაბამისად, შპს-ს მხოლოდ მეორე მოსარჩელის მიმართ ჰქონდა დავალიანება - 5 000 ლარი, რაც მასთან ხელშეკრულების დადების შემდგომ წარმოიეშვა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას. 2014 წლის 4 დეკემბერის შეთანხმება, თავისი შინაარსით ქირავნობაა და სწორედ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მოსარჩელეების მოთხოვნის დასაბუთებულობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულებას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან ძირითადად, გარიგების მიზანი განასხვავებს, სახელდობრ, მაშინ, როდესაც ქირავნობას დანიშნულება არ გააჩნია, იჯარის ხელშეკრულებით ქონება მოიჯარეს ნაყოფის მისაღებად გადაეცემა. ამ განსხვავების საილუსტრაციოდ სსკ-ის 531-ე და 581- ე მუხლების სამართლებრივი კონსტრუქციების შედარება სრულიად საკმარისია: „ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“, „იჯარის ხელშეკრულებით კი, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“. ამდენად ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი), ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“). საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა კონკრეტული უძრავი ნივთი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იძლეოდა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას; კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეს, კომერციული საქმიანობის მიზნით, ნივთის გამოყენება შეეძლო მას შემდეგ, რაც ის საკუთარი სახსრებით გადააკეთებდა, გაარემონტებდა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურავდა ნაქირავებ საგანს (იხ. ხელშეკრულების 5.2. პუნქტი, ს.ფ. 18. ტ.1). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დადებულია იჯარისა და არა ქირავნობის ხელშეკრულება, საფუძველსაა მოკლებული.
14. ამდენად, ნივთის სარგებლობისათვის გადაუხდელი ქირის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნა სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე წინადადებიდან (დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), გამომდინარეობს. მოსარჩელეებმა ქირის (პირველი მოსარჩელის მიმართ - 1500 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის მიმართ - 9500 ლარის) დავალიანების არსებობა სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურეს, მით უფრო, რომ კასატორს დავის ეს ნაწილი საკასაციო პრეტენზიებში სათანადო დასაბუთებით არ გაუმყარებია, კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორის მითითებას დავალიანების (ქირის) პატიების თაობაზე, ეს მხოლოდ მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებაა, რაც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესრულებულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობები. ამასთან, სახეზე არ არის მოთხოვნის გამომრიცხველი ან შემწყვეტი გარემოებები.
15. კასატორის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, მოძრავი ქონების საიჯარო ფართიდან გატანის აკრძალვის ნაწილში გაუქმებაცაა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე იმსჯელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და 2017 წლის 16 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
17. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
18. კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ." საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი