Facebook Twitter

საქმე №ას-1670-2019 21 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. და თ. ქ-ები (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ძე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში), ვალდებულების შესრულება, ურთიერთგაქვითვის გზით სესხისა და ქირავნობის მოთხოვნების შეწყვეტა და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ა-ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მარინე (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე) და თ. ქ-ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მსესხებელი მოპასუხისათვის სესხის – 11 950 აშშ დოლარის დაკისრება, მოპასუხეებს შორის 2014 წლის 6 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა თანმდევი შედეგით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 7 თებერვალს მსესხებელ მოპასუხეს ასესხა 6000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრში იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. მხარეთა ზეპირი შეთანხებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა.

3. მოგვიანებით მოპასუხემ კვლავ სთხოვა მოსარჩელეს თანხის სესხება. სესხის ხელშეკრულება გააფორმეს 2015 წლის 26 იანვარს, თუმცა 6000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადასცა უფრო ადრე. ხელშეკრულებაში დასაბრუნებელ თანხად მიეთითა 5950 აშშ დოლარი, რადგან გამოაკლდა ხელშეკრულების დამოწმების ხარჯი. თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, მაგრამ მოპასუხე შეპირდა, რომ მთელ თანხას უფრო ადრეც დაუბრუნებდა, რადგან ბინის გაყიდვას აპირებდა.

4. მოსარჩელემ შეიტყო, რომ 2014 წლის 6 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა გადაუფორმდა მოპასუხეს, თუმცა მსესხებელ მოპასუხეს მეორე სესხის გაფორმების დროს ამის შესახებ არ უცნობებია. მოპასუხის საქციელი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მას ფულის დაბრუნების არც სურვილი და არც საშუალება არ გააჩნია. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, ასეთ პირობებში მოითხოვოს სესხის დაბრუნება ვადამდე. მოპასუხე მსესხებელი მოპასუხის შვილია, ამჟამად სადავო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ირიცხება, შესაბამისად, მისი, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერება სადავო არ უნდა იყოს.

5. ამასთან, მან ნასყიდობა გააფორმა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, ანუ მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის წინა დღეს.

მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორების პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოსარჩელის მიმართ. მათ მოითხოვეს, რომ მოსარჩელეს დაეკისროს 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის 7 თებერვლამდე ქირა – ყოველთვიურად 300 ლარი, ხოლო 36 თვეში – 10.800 ლარი, სესხის და ქირავნობის მოთხოვნები შეწყდეს ურთიერთგაქვითვის გზით და რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდეს.

7. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2013 წლის 7 თებერვალს მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 4000 აშშ დოლარს, ხოლო საერთო საპროცენტო სარგებელი – 2000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისათვის იყო 300 ლარი – 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი კურსით.

8. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელემ იქირავა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა 300 ლარად, საპროცენტო სარგებელიც იგივე ოდენობას შეადგენდა და რეალურად ქირა გაიქვითებოდა. ძმის მძიმე ავადმყოფობის გამო, მსესხებელმა მოპასუხემ ვერ შეძლო დროულად თანხის უკან დაბრუნება, რადგან მისი გადარჩენისთვის დასჭირდა სერიოზული მატერიალური სახსრები. მოსარჩელემ გადაუვადა სესხის დაბრუნების ვადა. მხარეებს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. მოსარჩელემ იცოდა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ ძმის მკურნალობისთვის აიღო ვალები და უნდოდა ბინის გაყიდვა, შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ვადას გააგრძელებდნენ იპოთეკით უზრუნველყოფის გარეშე, იმ პირობით, რომ მსესხებელი მთლიან თანხას აღიარებდა.

9. მსესხებელი მოპასუხის განმარტებით, მან მოსარჩელეს რეალურად გადაუხადა 2000 აშშ დოლარზე მეტი, რასაც ამჟამად იგი არ აღიარებს. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 26 იანვარს. მოსარჩელემ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოითხოვა თანხის დაბრუნება და პირველადი ხელშეკრულების უზრუნველყოფის ნივთის რეალიზაცია, რაც მას თავიდანვე ჰქონია განზრახული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის – 11950 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, ძირითადი სარჩელი 2014 წლის 6 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელს. მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 400 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 878.90 ლარის ანაზღაურება.

11. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 600 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი 7-დღიანი ვადა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ვრცელდება მხოლოდ მხარეებზე და სასამართლოს ინიციატივით ამგვარი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი საფუძველი ვერ გახდება.

12. რაიონული სასამართლოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 7 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

15. 2013 წლის 7 თებერვალს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტი გათვალისწინებულია არ ყოფილა.

16. 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა მოპასუხემ ისესხა 5950 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხს ყოველთვიური სარგებელი არ დაერიცხებოდა. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთი წლის ვადაში, 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით სრულად.

17. 2014 წლის 6 თებერვლის მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადავო ბინა აღირიცხა საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე.

18. სარჩელისაგან თავის დასაცავად მსესხებელმა მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან მან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა 2013 წლის 7 თებერვალს, ხოლო 2015 წლის 26 იანვარს გაფორმდა არა ახალი ხელშეკრულება, არამედ განახლდა სახელშეკრულებო პირობები იმავე თანხაზე. აღნიშნულის დასტურად მსესხებელმა მიუთითა 2014 წლის 9 აგვისტოს შედგენილ ხელწერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან ვალად აიღო 5944 დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 9 აგვისტოს. მსესხებელი ასევე მიუთითებს, რომ მას სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარზე მეტი, რასაც მოსარჩელე არ აღიარებს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე და 624-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის – გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015; სუსგ №1425-1345-2017, 30.04.2018წ.).

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა რა წერილობითი ფორმით შედგენილი სესხის ხელშეკრულებები, დაადასტურა აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ რეალურად მხარეთა შორის გაფორმებული იყო მხოლოდ ერთი, 2013 წლის ხელშეკრულება და 2015 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებით განახლდა 2013 წელს გაცემული სესხის სახელშეკრულებო პირობები, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთ მტკიცებულებად ვერ განიხილება 2014 წლის 9 აგვისტოს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მსესხებელი იღებს ვალდებულებას, ნასესხები 5944 აშშ დოლარი კრედიტორს დაუბრუნოს 2015 წლის 9 აგვისტოს. მოპასუხის განმარტებების საპასუხოდ მოსარჩელემ მიუთითა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ 2013 წლის 7 თებერვალს გაცემული სესხი ვერ დაუბრუნა ერთი წლის ვადაში, სთხოვა ვადის გაზრდა 2014 წლის ზაფხულამდე, შემდეგ კი კრედიტორს განუცხადა, რომ ჰქონდა უარესი პრობლემა და სთხოვა ფულის სესხება, რასაც დაუბრუნებდა ბინის გაყიდვის შედეგად. ხელწერილი მოპასუხემ დაწერა თანხის გადაცემის დროს და მოსარჩელის განმარტებით, ეს არ ყოფილა პირველი სესხის გაგრძელება ან/და ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მას გააუქმებდნენ, ან პირობების შეცვლას კვლავ საჯარო რეესტრში მოახდენდნენ.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს დაარღვევდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხესთან სარჩელით მოთხოვნილი ოდენობაზე სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

23. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მსესხებელი მოპასუხის მიერ სესხის თანხის გადახდის ფაქტი.

24. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

25. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან.

26. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

27. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

28. განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც მსესხებლის მიერ თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებელი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სესხის თანხის გადახდის თაობაზე.

29. შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს, მოსარჩელეს დაეკისროს 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის 7 თებერვლამდე ქირავნობის თანხა ყოველთვიურად 300 ლარი, ხოლო 36 თვეზე, სულ – 10.800 ლარის ოდენობით, სესხის და ქირავნობის მოთხოვნები შეწყდეს ურთიერთგაქვითვის გზით და, შესაბამისად, გაუქმდეს სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკა.

30. მოპასუხის განმარტებით, მართალია, იგი გარკვეული პერიოდულობით სარგებლობდა უძრავი ნივთით, თუმცა მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ყოფილა. მოპასუხის მითითებით, იგი ძირითადად არის საზღვარგარეთ, სადაც მუშაობს და ფულს აგროვებდა საცხოვრებელი ბინის შესაძენად. მოსარჩელემ თვითონ შესთავაზა, რომ, როცა ჩამოვიდოდა მის ბინაში დარჩენილიყო, რადგან დაკეტილი ჰქონდა. ეს შეთავაზება იყო 2015 წლის იანვარში, როცა გააფორმეს ნოტარიალურად მეორე სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო და მოსარჩელემ ამიტომაც შესთავაზა ეს წინადადება. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

31. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სასყიდლიანი ქირავნობის ხელშეკრულება, ბინით სარგებლობის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის თაობაზე, ეკისრება შეგებებული სარჩელის ავტორს, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასეთ მტკიცებულებად შეფასებული ვერ იქნება შეგებებულ სარჩელზე დართული აქტი, რომელშიც კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები პირები მიუთითებენ მოსარჩელის მიერ სადავო ბინის ფლობაზე. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში გაზიარებული ვერ იქნება შეგებებული სარჩელის ავტორის მსჯელობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ 300 ლარის ოდენობით ქირაზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იყო, ვინაიდან სესხის თანხის საპროცენტო სარგებელიც იგივე ოდენობას შეადგენდა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც 2013 წლის 7 თებერვალს, ისე 2015 წლის 26 იანვარს სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ ყოფილა პროცენტი და უსაფუძვლოა მსჯელობა, რომ მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ქირის თანხის გაქვითვა საპროცენტო სარგებელში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სასყიდლიანი ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე. არ არსებობს მოსარჩელისათვის ქირავნობის თანხის დაკისრების, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის და იპოთეკის გაუქმების საფუძველი.

32. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემი. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მსესხებელი მოპასუხისათვის სესხის თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

33. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა ასევე 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებას, რომლითაც მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 600 ლარის ანაზღაურება.

34. სსსკ-ის 261-ე მუხლისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, ასევე, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების პროპორციულად, მსესხებელი მოპასუხისათვის დაკისრებული ადვოკატების მომსახურების ხარჯი სულ – 1000 ლარის ოდენობით ექცევა სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში და არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

36. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მისთვის სასამართლოს არ უცნობებია, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

37. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

38. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სსკ-ის 531-ე, 54-ე, 531-ე, 319-ე, 442-ე მუხლები და არასწორად განმარტა სსკ-ის 316-317-ე, 301-ე, 442-ე მუხლები.

39. კასატორებმა ჩათვალეს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მესამე ნაწილის, მე-31 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, მოპასუხე მხარისათვის შეეტყობინებინა ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი, ასევე, შუამდგომლობის შინაარსი, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოს 7-დღიანი ვადის დარღვევით წარუდგინა. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დარღვევით.

40. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის ბინით სარგებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმება არ დადებულა. ფაქტობრივად, მოსარჩელე სადავო ბინაში ცხოვრობდა 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტის შუა რიცხვებამდე. ამის შესახებ შედგა მეზობლების აქტი, რომელსაც მოსარჩელემ ხელი შეგნებულად არ მოაწერა. მოპასუხე მხარე შუამდგომლობდა მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის შესახებ, თუმცა ახსნა-განმარტების მოსარჩელემ მითითებული გარემოება აღიარა, რის გამოც მოპასუხე მხარემ უარი თქვა ზემოაღნიშნულ შუამდომლობაზე. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის 131-ე მუხლის დათქმა მოსარჩელის აღიარებასთან მიმართებით. სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის აღიარება და განმარტა, რომ ბინის გამოთავისუფლების შესახებ მეზობლების მიერ შედგენილი აქტი არ იყო კანონის დაცვით შედგენილი და ეს გარემოება დააფუძნა სსსკ-ის 153-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიღებულ განმარტებად.

41. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსესხებელი მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მსესხებელი მოპასუხის ძმის ავადმყოფობის შესახებ, რის გამოც მხარემ პირველი სესხი ვერ დააბრუნა ფინანსური პრობლემებისა და უმუშევრობის გამო, შესაბამისად, ამ პირობებში მოსარჩელე მეორედ იმავე რაოდენობის თანხას სესხად აღარ გადასცემდა. ამდენად, 2015 წლის 26 იანვრის შეთანხმება შეეხება თანხის გადახდის ვადის გაგრძელებას და მას ხელახალი სესხის გაცემა პრაქტიკულად არ მოჰყოლია.

42. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სესხის ხელშეკრულებას და მიიჩნია, რომ თანხა შეადგენდა 11861,33 ლარს, 1 აშშ დოლარი – 1,9935 ლარის კურსით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში კი არასწორად მოპასუხეს დააკისრა 11950 აშშ დოლარი. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სესხის ხელშეკრულებასთან განსხვავებული თანხა იმიტომ იყო მოთხოვნილი, რომ მას გამოაკლდა ხელშეკრულების გაფორმების ხარჯი, რა დროსაც არ გაიზიარა შუალედში შინაურულ ხელწერილში დაფიქსირებული თანხის ოდენობა.

43. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ არასწორად დაეკისრათ დამატებითი გადაწყვეტილებით 600 ლარის გადახდა, რადგან აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოსარჩელეს საქმის განხილვისას არ მოუთხოვია.

44. სასამართლოს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკანონოდ, ვინაიდან მხარემ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ვადა ვრცელდება მხოლოდ მხარეებზე, ხოლო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების კუთხით რაიმე შეზღუდვა არ გააჩნია. მას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს მიიღოს.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

46. საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მითითებული ნაწილი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელის 2018 წლის 20 თებერვლის განცხადება დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

48. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც კასატორებმა პრეტენზია წარადგინეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების გამო.

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის – 11950 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, ძირითადი სარჩელი 2014 წლის 6 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელს. მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 400 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 878.90 ლარის ანაზღაურება.

50. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 600 ლარის ანაზღაურება.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება იმას, რომ გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელემ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის დარღვევით, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ვადა ვრცელდება მხოლოდ მხარეებზე, ხოლო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების კუთხით რაიმე შეზღუდვა არ გააჩნია. მას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს მიიღოს. კასატორები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას საკასაციო პალატის პრაქტიკაზე დაყრდნობით.

52. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

53. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას კანონი ანიჭებს ასევე სასამართლოს. ამასთან, ზემოხსენებული საკითხის დასმა სასამართლომაც, დაინტერესებული მხარის მსგავსად, 7-დღის ვადაში უნდა განახორციელოს. კანონი აქ რაიმე გამონაკლისს არ უშვებს. რაც შეეხება საკითხის დასმის ფორმას, თუ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატორი სასამართლოა, მან ეს საკითხი შეიძლება დასვას მხოლოდ მის მიერ მიღებული განჩინებით, ვინაიდან სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით (სსკ-ის 284.1 მუხლი). მაგალითად, თუ საკითხი ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რის თაობაზეც ასევე უნდა ეცნობოთ მხარეებს (სსკ-ის 261.31 მუხლი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში არ გამოიტანა ერთ-ერთი ზემოხსენებული განჩინება, იგი არაა უფლებამოსილი, ამ ვადის გასვლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ 19.05.2017წ. საქმე №ას-362-338-2017).

54. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები იმპერატიული ხასიათისაა. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს (სსსკ-ის 3-6 მუხლები), თუმცა აღნიშნული იმასაც ავალდებულებს მხარეებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესატყვისად მოხდეს მხარეთა მიერ მოთხოვნებისა და უფლებების გაცხადება თუ დაზუსტება. სსსკ-ის 261.2 მუხლით დადგენილი 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კი კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ №ას-225-217-2012, 25.06.2012 წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. საქმე №ას-920-870-2015, 09.06.2016წ.)

55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ 31.03.2017წ. საქმე №ას-35-31-2017).

56. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცხადდა 2018 წლის 6 თებერვალს, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე (იხ. ტომი 1, ს.ფ 176), თუმცა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მან სასამართლოს განცხადებით მიმართა 2018 წლის 20 თებერვალს.

57. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა სასამართლოს წარედგინა კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია.

58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელი იყო როგორც უშუალოდ მხარის მოთხოვნით, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ მსესხებელი მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯის – 600 ლარის ანაზღაურების შესახებ.

59. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანია, სამართალწარმოება განხორციელდეს სწრაფად და ეფექტურად, მოხდეს მისი გონივრულ ვადაში დასრულება, შესაბამისად, მოქმედი საპროცესო ეკონომიის პრინციპის საფუძველზე არ არსებობს მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, ამდენად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის 2018 წლის 20 თებერვლის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. და თ. ქ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ა-ძის 2018 წლის 20 თებერვლის განცხადება დარჩეს განუხილველად;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი