Facebook Twitter

საქმე №ა-5466-შ-162-2019 18 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ტ.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ლ.-ტ.“ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით – 28633 რუბლის, ექსპერტიზის ხარჯის სახით – 5500 რუბლის, სასამართლო ხარჯების – 1813 რუბლისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით – 2000 რუბლის გადახდა.

ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ წარმომადგენელმა ა. ვ-ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების ასლი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე შპს „ლ.-ტ.“ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე.

2020 წლის 6 მარტს შპს „ლ.-ტ.“ დირექტორმა მ. ფ-ამ წარმოადგინა დავალიანების – 37946 რუსული რუბლის ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო 2020 წლის 24 მარტს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ წარმომადგენელმა ი. პ-ვამ დაადასტურა დავალიანების სრულად გადახდის ფაქტი და წარმოადგინა გადახდის ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ შუამდგომლობაზე რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 და 70-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა ხდება ყველა იმ საპროცესო პრინციპის დაცვით, რაც ეროვნული საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ლ.-ტ.“ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით – 28633 რუბლის, ექსპერტიზის ხარჯის სახით – 5500 რუბლის, სასამართლო ხარჯების – 1813 რუბლისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით – 2000 რუბლის გადახდა.

2020 წლის 6 მარტს შპს „ლ.-ტ.“ დირექტორმა მ. ფ-ამ წარმოადგინა დავალიანების – 37946 რუსული რუბლის ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო 2020 წლის 24 მარტს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ წარმომადგენელმა ი. პ-ვამ დაადასტურა დავალიანების სრულად გადახდის ფაქტი და წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა1“ თანახმად, მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 70-ე მუხლის მე-3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეწყდეს საქმის წარმოება ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ა. კ.“ შუამდგომლობაზე შპს „ლ.-ტ.“ მიმართ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე