Facebook Twitter

საქმე №ას-220-2020 29 აპრილი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ბ. გ-ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,ს. ბ.’’ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. გ-ვას (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბანკის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 30 მაისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში.

3. სადავო უძრავი ნივთი იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რომელიც მიუხედავად გაფრთხილებისა მას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

4. მესაკუთრე ნივთს ვერ იყენებს დანიშნულებისამებრ, რის გამოც ადგება ზიანი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შეთანხმება მოტყუებით გაფორმდა.

6. ბანკის საკუთრებაში როდის და რის საფუძველზე გადავიდა მისი ქონება უცნობის, შესაბამისად, არ აპირებს მის გამოთავისუფლებას.

7. მას ც. ჩ-ისათვის (შემდგომ - მესამე პირი) არ მიუცია თანხმობა ქონების ბანკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის დანაწესზე, ასევე, მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია, ვინაიდან შეთანხმება არაუფლებამოსილ პირთან მოტყუებით დაიდო და განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით, შეგებებული სარჩელით შედავებული არ ყოფილა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს და განმარტა, რომ რეესტრის მონაცემი გაუქმებული არ არის. აპელანტის მითითების ფარგლებში სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების შემოწმება კი, განსახილველი დავის ფარგლებს სცილდება.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბანკი სადავო ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს, გარდა მოსარჩელის, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერებისა არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც მისი მხრიდან ნივთის ფლობის მართლზომიერ უფლებას დაადასტურებდა.

13. სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზე იყო ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

15. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სარჩელი მესამე პირის წინააღმდეგ შეიტანა. როგორც დავის არსის მოკლე მიმოხილვაში, ასევე, დავის ფაქტობრივ გარემოებებში ცალსახად იყო მითითებული, რომ ბანკის წარმომადგენლის მიერ შეთანხმება მოპასუხის უძრავი ქონების ბანკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გაფორმებული იყო მესამე პირთან. სასამართლომ ვადა მისცა ბანკის წარმომადგენელს საკითხის გასარკვევად და ვინაიდან, იმ ეტაპზე უკვე შეუძლებელი იყო ბანკის წარმომადგენლის მიერ შეცდომის გამოსწორება, ბანკმა წარმოადგინა ხელმოწერილი შეთანხმება მოპასუხის წარმომადგენელთან, რომლისთვისაც ასეთი შეთანხმება არავის შეუთავაზებია და მას აღნიშნულზე ხელი არ მოუწერია. აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე კი, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

16. პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიღო სარჩელი წარმოებაში, ვინაიდან მოპასუხის ქონების ბანკის საკუთრებაში გადაფორმების შესახებ შეთანხმება არაუფლებამოსილ პირთან იყო გაფორმებული.

17. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ სხვა პირებიც, რომლებიც ქონების თანამესაკუთრეები არიან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

23. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მას მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

24. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მოხდეს საკუთარი ნივთის გამოთხოვა.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

26. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

27. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

29. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

31. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება, ანუ არ მომხდარა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი ნივთის ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორის მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.

33. პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ამასთან, კასატორის პრეტენზია სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული პრეტენზია სხვა სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს და მას განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (შეთანხმება NGCLCA00011…-3147993-2 N17058.., დამოწმების თარიღი ….05.20..წ., ნოტარიუსი ნ. ბ-ძე), მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

35. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის პასუხად რომლის თანახმად, შეთანხმება გაფორმებულია არაუფლებამოსილ პირთან მიუთითებს, რომ 2017 წლის 30 მაისის შეთანხმება გაფორმდა ბანკსა და მოპასუხის წარმომადგენელს (მინდობილობა გაფორმებულია ….05.20..წ. დამოწ. ნოტარიუსის ბ.დ-ას მიერ. / იხ. ს.ფ. 64-66; 67-68) შორის, რომლის თანახმად, შეთანხმების საგანია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ბანკისათვის, რაც უზრუნველყოფს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნებს.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელში შეცდომით იმის მითითება, რომ შეთანხმება გაფორმებული იყო ც. ჩ-ანთან, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, რადგან სარჩელი აღძრულია კასატორის მიმართ და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნაც მიმართულია მის მიმართ (იხ. ს.ფ. 2, 5).

37. კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქონებას სხვა თანამესაკუთრე ჰყავს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება წარმოშობს.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე