საქმე №ას-50-2020 17 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ძ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში – მოპასუხე )
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ბ.’’ (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება, საპროცენტი განაკვეთის შემცირება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს ,,ბ.“ (შემდგომ - ძირითადი მოსარჩელე, ბანკი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ძ-ის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. გ. ძ-მა კი, აღძრა მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებისა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელები არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც შეგებებული სარჩელის ავტორმა (თავდაპირველმა მოპასუხემ) გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
6. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა.
7. 2019 წლის 2 ივლისს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა სამოქალაქო საქმეთა პალატაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომელშიც მან სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დამატებით რამდენიმე დღის განსაზღვრა მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელდა კიდევ 7 დღით და სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) წარდგენა დაევალა.
9. აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 9 ივლისის განჩინების უშუალოდ მხარისათვის ჩაბარება, რადგან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა, უშუალოდ აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა.
10. ხსენებული განჩინება პოლიციის თანამშრომლის მეშვეობით გ. ძ-ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს (ტ.2, ს.ფ 310).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2019 წლის 27 ნოემბერის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
12. სსსკ-ის 59-63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობა წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო საფუძველს, რის გამოც სააპელაციო საჩივრი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით შუამდგომლობაზე უარი ეთქვა და სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა, აპელანტს შვიდდღიანი ვადა განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
16. აპელანტი უმუშევარია, მძიმე მატერიალური მდგომარეობა აქვს, რის გამოც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, რითაც არ მიეცა საშუალება დაეცვა საკუთარი ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
20. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) დაზუსტებული და დასაბუთებლი სააპელაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.
22. აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის 30 დღით გაგრძელება მოითხოვა, რაც 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძალდა.
23. 2019 წლის 2 ივლისს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა სამოქალაქო საქმეთა პალატაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომელშიც მან სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დამატებით რამდენიმე დღის განსაზღვრა მოითხოვა.
24. სააპელაციო პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით გაუგრძელდა.
25. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადავადება იშუამდგომლა, რაზეც უარი ეთქვა და 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა, თუმცა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი ვერ შეასვო.
26. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობაზე, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბაჟის გადავადებას ითხოვს და უთითებს, რომ რამდენიმე დღე ესაჭიროება მის გადასახდელად (ტ.2. ს.ფ. 223).
27. საკასაციო პალატის აზრით, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებაზე, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად რამდენიმე დღეს ითხოვდა და ბუნებრივია აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებად ვერ შეფასდებოდა.
28. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქმის წარმოების მიმდინარეობისას აპელანტი ყოველ ჯერზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებას ითხოვდა და არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.
29. ხაზგასმით უნდა აღინიშოს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნისაგან განსხვავებული სამართლებრივი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელია. შესაბამისად, განსხვავებულია ამ შუამდგომლობათა სამართლებრივი შედეგიც. სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნა თავის თავში არ მოიაზრებს საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, რადგან შესაძლებელია, მხარემ აღარც გააგრძელოს დავა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით შეღავათის მიუღებლობის პირობებში.
30. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
31. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
32. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად გაგრძელებული შვიდდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2019 წლის 21 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 27 ნოემბერს.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
34. კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომ აპელანტი არის უმუშევარი და აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის შევსება და არ მიეცა საშუალება დაეცვა საკუთარი კანონიერი უფლებები, პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
35. კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი მხარის სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარე ამას მოითხოვს და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც სახელმწიფო ბაჟის გადავადების აუცილებლობაზე მეტყველებს.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
37. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
38. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მეექვსე მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მეექვსე მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
39. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
40. პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმ-არტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
42. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლო ხარჯის გადახდის გადავადება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, რაც თავის მხრივ, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, ირკვევა, რომ აპელანტს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება არ მოუთხოვია და ამ მიზნით, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარს და აპელანტს მისცა საკმაოდ გონივრული ვადა მისი გამოსწორებისათვის.
43. კერძო საჩივრის ავტორს კი, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო, კერძო საჩივარში მითითებულ მხარის ქონებრივ ვითარებას ვერ გამოიკვლევდა საკუთარი ინიციატივით.
44. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე