Facebook Twitter

საქმე №ას-1233-1153-2017 19 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 19 სექტემბერის #E-142-1-5761 გადაწყვეტილებით (შემდგომში „გადაწყვეტილება“) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონში №142 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა ნ.ბ–ი (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“). მოიჯარეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე, ქ. თბილისში, ...., კორპუსი №22-ის მიმდებარედ). უძრავი ქონებით სარგებლობის წლიური საფასური შეადგენდა 1 050 ლარს. საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო ექვს თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ხუთ რიცხვამდე.

2. აუქციონის პირობების შესაბამისად, მოიჯარე უფლებამოსილი იყო სარგებლობის უფლებით გადაცემულ ობიექტზე განეთავსებინა გადაწყვეტილების დანართით წარმოდგენილი ჯიხურებიდან ერთ-ერთი.

3. გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული ქონების სარგებლობის პირობების მიხედვით, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ქონების მიმღებს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით.

4. მოიჯარემ აუქციონში მონაწილეობისას ბეს სახით წინასწარ გადაიხადა 500 ლარი. სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა მოიჯარეს ეთვლება ბოლო წლის საიჯარო ქირის გადახდაში.

5. იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხემ მეზობლების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო ჯიხურების დადგმა.

6. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 15 ოქტომბრის №QN1167076 გადაწყვეტილებით მოიჯარის განცხადების საფუძველზე შეწყდა იჯარის ხელშეკრულება.

7. ხელშკრულების შეწყვეტამდე მოპასუხის საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 1 167.95 ლარს.

8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოიჯარის მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირის დავალიანების, 1167.95 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური ქირის, 1050 ლარის 0.1%-ის დაკისრება 2013 წლის 15 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პირგასამტეხლო ერთჯერადი სახით 241 ლარის ოდენობით და ხელშეკრულების 7.1 პუნქტის დარღვევისათვის სანქცია, 100 ლარის ოდენობით.

9. მოსარჩელის განცხადებით, მოიჯარემ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, იგი არ იხდიდა საიჯარო ქირას, რის გამოც უნდა დაეკისროს როგორც დავალიანების - საიჯარო ქირის, ასევე ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა.

10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულება - მიწის ნაკვეთზე ჯიხურების ჩადგმა მან მეზობლების წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის, 667.95 ლარისა და პირგასამტეხლოს 667.95 ლარის 0.01%-ის გადახდა 2013 წლის 15 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ასევე დაეკისრა 35 ლარის გადახდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოიჯარის მიერ ბეს სახით გადახდილი 500 ლარი უნდა ჩათვლილიყო გადასახდელი საიჯარო ქირის თანხაში.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ელექტრონული აუქციონის შედეგად სარგებლობაში გადაცემული ქონების სარგებლობის პირობებზე, რომლებიც შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს. კერძოდ, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს: მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით (11.1 პუნქტი); მესაკუთრის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 2.3 (სარგებლის გაზრდის საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობა) და 8.4 პუნქტებით (გადაწყვეტილების და სარგებლობის პირობების შეუსრულებლობა, პირგასამტეხლოს გადაუხდელობა) გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევაში (11.2 პუნქტი); კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (11.3 პუნქტი); ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სარგებლობის უფლების მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში (11.4 პუნქტი).

17. სასამართლომ მიუთითა ქონებით სარგებლობის პირობების 12.1 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა წყდება ქონების მიმღები პირის განცხადებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა მესაკუთრის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება.

18. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შეტანილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს არ უსარგებლია საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებით, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოვლინდა მოიჯარის მიერ, მისი განცხადების საფუძველზე.

20. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ურთიერთშეთანხმებით და არა სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით. შესაბამისად, მართებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოიჯარის მიერ ბეს სახით გადახდილი 500 ლარის საიჯარო ქირის თანხაში ჩათვლისა და საიჯარო ქირის ოდენობის 667.95 ლარით განსაზღვრის თაობაზე.

21. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა აკმაყოფილებდა მისი შემცირებისას გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს, როგორიცაა სარჩელის აღძრვამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებით, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარდგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

22.1. სასამართლომ არასწორად ჩათვალა საიჯარო ქირის თანხაში მოიჯარის მიერ ბეს სახით გადახდილი 500 ლარი. ბეს თანხა ბოლო წლის საფასურში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუ ხელშეკრულება არ შეწყდებოდა, ხოლო ვინაიდან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა, ხოლო საიჯარო ქონებით სარგებლობის პირობების 8.4 პუნქტი (სარგებლობის პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ მიიჩნევა ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება სხვა ნებისმიერი გაწეული ხარჯი) ცალსახად განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხა და სხვა ნებისმიერი ხარჯი, ამაში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს მოიჯარის მიერ გადახდილი ბეს თანხაც. შესაბამისად, მოპასუხეს სრულად უნდა დაკისრებოდა საიჯარო ქირა 1167.95 ლარი.

22.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის მართებული საქალაქო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ მაშინ, როდესაც პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა - 341 ლარი თითქმის ოთხჯერ ნაკლებია ძირითადი ვალდებულების სრულ მოცულობაზე (1167.95 ლარზე). საიჯარო ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალდებულების დამრღვევს დაეკისრებოდა საიჯარო ქირის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხისთვის ცნობილი იყო საიჯარო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლოც. ამრიგად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა განესაზღვრა ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, ანუ გაცნობიერებული ჰქონდა მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლოს ფიქსირებული ოდენობა, 100 ლარი და თვითნებურად შეამცირა იგი 35 ლარამდე. სასამართლოს არ აქვს ხელშეკრულების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის უფლება. მხარეებს უფლება აქვთ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ზიანს. სასამართლოს ამგვარი მიდგომა კი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას, რომელიც დამოუკიდებელია დამდგარი ზიანის ოდენობისაგან.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. კასატორი სადავოდ ხდის ბეს სახით გადახდილი თანხის საიჯარო ქირაში ჩათვლასა და სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

28. საჩივრის ავტორი მის მიერ წარდგენილ პირველ პრეტენზიას ამყარებს ქონებით სარგებლობის პირობების 8.4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მასში მითითებული ჩანაწერით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მოპასუხეს არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი თანხა და სხვა ნებისმიერი ხარჯი, რაშიც მოიაზრებოდა მოიჯარის მიერ გადახდილი ბეს თანხაც.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს მხარეთა შორის შეთანხმებულ ქონების სარგებლობის პირობებზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები (იხ. ტ. 1, ს.ფ 14-16). კერძოდ, პირობების 8.4 პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ მიიჩნევა ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული სხვა ნებისმიერი ხარჯი. პირობების 12.1 პუნქტში კი მითითებულია, რომ ქონების გადაცემის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა წყდება ქონების მიმღები პირის განცხადებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა მესაკუთრის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა (ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება).

30. ზემოაღნიშნული პუნქტების შინაარსის ურთიერთშეჯერებისა და საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ქონების მესაკუთრეს არ უსარგებლია საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებით და ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოავლინა მოიჯარემ (სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო სააგენტომ წარმოება), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა ურთიერთშეთანხმებით და არა სარგებლობის პირობების 8.5 პუნქტით (ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები) გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით, რაც მოპასუხის მიერ ბეს სახით წინასწარ გადახდილი თანხის გადასახდელი საიჯარო ქირის თანხაში ჩათვლის წინაპირობებს ქმნიდა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-776-743-2016, 12 ოქტომბერი, 2016 წელი).

31. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მორიგ პრეტენზიასაც პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გამოყენებაც ხდება ვალდებულების დარღვევისას.

33. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციადქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

34. ამასთან, პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.

35. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

36. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).

37. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

38. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა - მესაკუთრის ქონებაზე ჯიხურის ჩადგმა - ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის, მეზობლების წინააღმდეგობის გამო, რაც გახდა მისივე (მოიჯარის) მოთხოვნით ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილების, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - საიჯარო ქირის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და დამატებით ფიქსირებული თანხა 341 ლარი მართებულად მიიჩნიეს არაგონივრულად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს ნაწილობრივ შესრულებული აქვს ვალდებულება (საიჯარო ქირის დავალიანებიდან - 1167.95 ლარიდან გადახდილი აქვს 500 ლარი), შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო (საიჯარო ქირის დარჩენილი დავალიანების - 667.95 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ერთჯერადი პირგასამტეხლოს სახით 35 ლარი) სავსებით უზრუნველყოფს ზიანის იმ მინიმალურ სახეს, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ამავე კოდექსის 394-ე მუხლთან ერთობლიობაში წარმოადგენს. აღნიშნული კი, გამორიცხავს კასტორის პოზიციის გაზიარების საფუძველს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს არამართლზომიერ ჩარევასთან მიმართებით.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ დავაში სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ადეკვატურია, როგორც დარღვევის ვადისა, ისე - უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1060-980-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი; საქმე №ას-39-35-2017, 10 მარტი, 2017 წელი).

40. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე