Facebook Twitter

საქმე №ას-1361-1281-2017 31 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ი–ძე, ნ.ე–ი, ს.ხ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – კორპორაცია „პ.ს.გ–ათვის“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაბრუნება, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ი–ძემ, ს.ხ–ძემ და ნ.ე–მა (შემდგომში „მოსარჩელეები“, „აპელანტები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) 2014 წლის 17 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით გაიარეს კორპორაცია „პ.ს.გ–ათვის" საქართველოს წარმომადგენლობის (შემდგომში „მოპასუხე“) მიერ ჩატარებული სასერთიფიკატო პროგრამა - სამშობიარო განყოფილების ექთნის კურსი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სამშობიარო განყოფილების ექთნების გადამზადების სინთეზური 4-კვირიანი სასაწავლო კურსი, რომელიც ჩატარდა ქუთაისის N2 სამშობიარო სახლში. გადამზადების კურსი მოიცავდა 2-კვირიან შესავალს ზოგად საექთნო საქმიანობაში და 2-კვირიან სწავლებას სამშობიარო განყოფილების ექთნის გადამზადებისათვის.

2. სასაწავლო კურსის გავლის სანაცვლოდ მოსარჩელეებმა წინასწარ გადაიხადეს 400–400 ლარი და კურსის გავლის შემდეგ მიიღეს სერთიფიკატები სამშობიარო განყოფილების ექთნის კურსის წარმატებით დასრულებისათვის.

3. გადამზადების კურსის გავლასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

4. მოსარჩელეებმა მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს თითოეული მათგანის სასარგებლოდ მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული 200 ლარისა და მორალური ზიანის სახით 1300 ლარის დაკისრება.

5. სარჩელის თანახმად, მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული სასწავლო კურსი მოიცავდა პედიატრიულ და სამეანო განყოფილების ექთნის კურსის პროგრამას, თითოეული 2-კვირიანი ხანგრძლივობით. ერთი სასწავლო კურსის ღირებულება იყო 200 ლარი, თუმცა მოსარჩელეებმა გადაიხადეს 400-400 ლარი და 4 კვირის განმავლობაში ნაცვლად ორი სასწავლო კურსისა გაიარეს ერთი კურსი და ორი სერთიფიკატის ნაცვლად მიიღეს ერთი. შესაბამისად, მოპასუხემ თითოეული კურსდამთავრებულისაგან ზედმეტად მიიღო 200 ლარი, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა. კურსის გავლის შემდეგ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს სასურველ პოზიციებზე ექთნად დასაქმება, რითაც შეილახა მათი პატივი და ღირსება, რაც მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენდა 400 ლარს, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწავლების ღირებულება იყო 200 ლარი, არ არსებობს. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მტკიცება სასწავლო კურსის ფარგლებში ორი სერთიფიკატის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან სამშობიარო განყოფილების ექთნის ორკვირიან კურსს დაემატა შესავალი ნაწილი, რომელიც წარმოადგენდა ზოგადი საექთნო კურსის შემჭიდროვებულ ორკვირიან ფორმატს და არა მთლიან ზოგად საექთნო კურსს. შესაბამისად, მასზე ცალკე სერთიფიკატი ვერ გაიცემოდა. მოსარჩელეები ასევე ვერ ასაბუთებდნენ, რაში გამოიხატებოდა მოპასუხის მხრიდან მათთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა (მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურების - გადამზადების კურსის ჩატარება და შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, ხოლო სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ გადამზადების საფასურის გადახდა) ყველაზე ახლოს დგას ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობასთან.

10. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება იმის შესახებ, რომ გადახდილი 400 ლარის სანაცვლოდ მოპასუხემ იკისრა მოსარჩელეთათვის ორი სასწავლო კურსის ჩატარებისა და ამ კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მათთვის ორ-ორი სერთიფიკატის გადაცემის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ გამოხატული პოზიცია წინააღდეგობაში მოდის მათსავე ახსნა-განმარტებასთან, რომელიც მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა სასამართლოში. კერძოდ, მოსარჩელეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ გადამზადების კურსის ჩატარების ორგანიზატორი იყო ვინმე ს.ჯ–ძე და სწორედ მას გადაუხადეს მოსარჩელეებმა კურსის ღირებულება 400-400 ლარი. ამასთან, სარჩელშიც არ არის მითითებული ის გარემოება, რომ გადამზადების კურსის გავლის სადავო პირობები (ორი კურსის გავლა და თითოეულის ღირებულება 200-200 ლარი) უშუალოდ მოსარჩელეებთან იყო შეთანხმებული. შესაბამისად, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ მოიპოვება.

11. რაც შეეხება აპელანტების მითითებას საქმეში წარმოდგენილ ამონარიდზე სასწავლო პროგრამების ვებ-გვერდიდან, რომლის თანახმად, სამეანო განყოფილების ექთნის 3-კვირიანი კურსის ღირებულება 200 ლარია, აღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა მოსარჩელეთა მტკიცების გაზიარების საკმარის საფუძველს, ვინაიდან ამ ამონარიდში დაცული მონაცემების მიხედვით, შეთავაზება ეხება 2011 წელს ქ. თბილისში ჩასატარებელ გადამზადების კურსს. შესაბამისად, იგი არ შეიძლება განხილული იქნეს 2014 წლის იანვარ-თებერვალში ქ. ქუთაისში ჩასატარებელ გადამზადების კურსზე მოპასუხის მიერ გაკეთებულ მოწვევად.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან დადგენილია მოსარჩელეთა მიერ ოთხკვირიანი სასწავლო კურსის გავლისა და თითოეულის მიერ კურსის ღირებულების 400-400 ლარის გადახდის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ კურსის გავლის შემდეგ მათ მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები, კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივად განხორციელებული შესრულებისაგან განსხვავებული პირობებით (მოსარჩელეებს სასწავლო კურსის გავლისთვის 400 ლარის ნაცვლად უნდა გადაეხადათ 200 ლარი) ზეპირი ხელშეკრულების დადების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია, შესაბამისად, არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

14. კასატორების განცხადებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა ორი სასწავლო კურსის ნაცვლად გაიარეს ერთი კურსი, რაშიც მოპასუხემ თითოეული კურსდამთავრებულისაგან დამატებით აიღო 200-200 ლარი და უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საქმეში წარდგენილი ამონარიდით სასწავლო პროგრამის ვებ-გვერდიდან ირკვევა ერთი კურსის ღირებულება და იგი შეადგენს 200 ლარს. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ ეს მონაცემები ვრცელდებოდა მხოლოდ 2011 წელზე. განცხადებაში ზოგადი მითითება მოპასუხის საქმიანობის შესახებ არ ეხება მხოლოდ 2011 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2016 წლისთვის არ იქნებოდა იგი განთავსებული ვებ-გვერდზე. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად მოსარჩელეთა პოზიციის გასაზიარებლად.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. კასატორების ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად გადამზადების კურსის გავლის სანაცვლოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელეთაგან 200-200 ლარის უსაფუძვლოდ მიღების ფაქტი. საჩივრის ავტორები აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებენ საქმეში არსებულ ამონარიდზე სასწავლო პროგრამის ვებ-გვერდიდან და თვლიან, რომ სწორედ მასში ასახული ინფორმაცია მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად მოსარჩელეთა ახსნა-განმარტების (დაპირებული ორი სასწავლო კურსის ნაცვლად მათ გაიარეს ერთი კურსი, რომელშიც ნაცვლად 200 ლარისა გადაიხადეს 400 ლარი) გასაზიარებლად.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

24. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

25. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

26. ამასთან, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა.

29. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა გაიარეს მოპასუხის მიერ ჩატარებული სასერთიფიკატო პროგრამა - სამშობიარო განყოფილების ექთნის 4-კვირიანი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავდა 2-კვირიან შესავალს ზოგად საექთნო საქმიანობაში და 2-კვირიან სწავლებას სამშობიარო ექთნის გადამზადებისათვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენდა 400 ლარს.

30. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მოპასუხის მიერ ჩატარებული გადამზადების კურსის ღირებულებასა და აღნიშნული სწავლების გავლის შედეგად მიღებული სერთიფიკატების რაოდენობას, სწორედ მათ ეკისრებათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ნაცვლად 200 ლარისა მოპასუხემ არასწორად გადაახდევინა თითოეულ მათგანს სასერთიფიკატო პროგრამის გავლის ღირებულება 400-400 ლარი და ნაცვლად ორი სერთიფიკატისა არასწორად გასცა თითოეულზე ერთი სერთიფიკატი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწიეს,

31. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული ამონარიდით მოპასუხის ვებ-გვერდიდან უტყუარად დგინდება ზემოაღნიშნული სადავო გარემოება (სასწავლო კურსის ღირებულება). საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნული დოკუმენტის შინაარსზე, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხემ საკუთარ ინტერნეტ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია ექთნების გადამზადების სასერთიფიკატო კურსების თაობაზე. განცხადებაში ჩამოთვლილია სხვადასხვა სასწავლო კურსის დასახელება მისი ხანგრძლივობისა და შესაბამისი ღირებულების მითითებით. სწავლების ჩატარების თარიღად მითითებულია 2011 წელი, ხოლო ჩატარების ადგილად - ქ. თბილისი (იხ. ტ. 1. ს.ფ 51). ამრიგად, მოცემული დოკუმენტის შინაარსის შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დოკუმენტში ასახული შეთავაზება და მასში მითითებული ინფორმაცია სამეანო განყოფილების კურსის ღირებულების შესახებ ეხება 2011 წლის პერიოდში თბილისში ჩასატარებელ გადამზადების კურსებს და იგი არ შეიძლება უპირობოდ მოიაზრებოდეს 2014 წელს ქ. ქუთაისში ჩასატარებელ კურსებზე მოპასუხის მიერ გაკეთებულ მოწვევად. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორთა იმ მოსაზრებას, რომ თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია მხოლოდ 2011 წელს ჩასატარებელ აქტივობებს ეხებოდა, 2016 წლისთვის იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო განთავსებული ვებ-გვერდზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურდღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სამეანო განყოფილების კურსის ხანგრძლივობაა 3 კვირა, ხოლო მოსარჩელეთა მიერ გავლილი კურსის ხანგრძლივობა მოიცავდა 4 კვირას.

32. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებს გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტისა სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც მათ მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებას (სასწავლო კურსის ღირებულების 200 ლარით განსაზღვრისა და ამ თანხის მიღებით თითოეული მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძლოდ გამდიდრების შესახებ) დაადასტურებდა, მხოლოდ მითითებულ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეიძლება მათი პრეტენზიის გაზიარებისა და მოპასუხისათვის სადავო თანხის დაკისრების საფუძველს ქმნიდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 3 ივნისი, 2015 წელი).

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ არ დასტურდება მოსარჩელეთა ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სარჩელის უარყოფის თაობაზე მართებულია, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

36. ამრიგად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ თითოეულის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ი–ძის, ნ.ე–ისა და ს.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს მ.ი–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი.მ–ძის (პ/ნ:.....) მიერ 2017 წლის 9 ნოემბერს №8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორს ნ.ე–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ი.მ–ძის (პ/ნ: .....) მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. კასატორს ს.ხ–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ი.მ–ძის (პ/ნ: ......) მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე