საქმე №ას-1377-1297-2017 17 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 24 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდგომში „დამკვეთი“ ან „გამგეობა“) და შპს „ე–ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N203 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელს დაევალა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 106 800.00 ლარით, ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების ვადად - მშენებლობის ნებართვაზე თანხმობის გაცემიდან 100 კალენდარული დღე).
2. N203 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის 26 ივლისს მიმწოდებელსა და შპს „ფ–ს“, როგორც ქვეკონტრაქტორს (შემდგომში „შემსრულებელი“ ან „მოსარჩელე“) შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N1, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა მიმწოდებლის დაკვეთით იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოების ვალდებულება (მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა 103 600 ლარით. სამუშაოების შესრულების ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 სამუშაო დღე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება მომხდარიყო ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში).
3. დამკვეთმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარა რამდენიმე ეტაპად. საბოლოოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული სახით გამგეობამ ჩაიბარა 2015 წლის 18 დეკემბერს და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 106 154.37 ლარის ოდენობით.
4. 2015 წლის 24 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N168 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ქ. ქობულეთში, ....... უბნის (....... ქუჩის, ....... პირველი, მეორე, მესამე შესახვევების და ....... ქუჩის პირველი შესახვევის) საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოთა წარმოება (ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 000 000.00 ლარით. შესყიდვის მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა მშენებლობაზე ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 120 კალენდარული დღე. მხარეთა შორის 2015 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N168 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 999 987.34 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით).
5. N168 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა ნაწილობრივ, რის გამოც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიმწოდებლისგან ნაცვლად 999 987.34 ლარის ღირებულების სამუშაოებისა, მიიღო N168 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პირველი ეტაპის - 252 000.04 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო.
6. 2015 წლის 14 სექტემბერს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N6, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა მიმწოდებლის შეკვეთით იკისრა ქ. ქობულეთში, ....... უბნის (....... ქუჩის, ....... პირველი, მეორე, მესამე შესახვევების და ....... ქუჩის პირველი შესახვევის) საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება (მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა 975 000.00 ლარით. სამუშაოების შესრულების ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 სამუშაო დღე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით, შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა 15 სამუშაო დღე, შესრულებული სამუშაოს მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმებიდან).
7. N6 მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელმა მიმწოდებლის დაკვეთით შეასრულა 245 700.00 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც დადასტურდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენელების მიერ შედგენილი, 2015 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით. გარდა ამისა, 2015 წლის 14 დეკემბერს შემსრულებლის (გამყიდველის) მიერ მიმწოდებელზე (მყიდველზე) გაიწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა 70 3353890 245 700.00 ლარის ღირებულების მომსახურების მიწოდებაზე, რაც სათანადო წესით დაადასტურა მიმწოდებელმა.
8. 2015 წლის 24 ივლისს გამგეობასა და მიმწოდებელს შორის დაიდო N204 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 58 000 ლარით. შესყიდვის მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე (24 ოქტომბრამდე)).
9. 2015 წლის 26 ივლისს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N3, რომლის მიხედვით შემსრულებელმა მიმწოდებლის შეკვეთით იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა 56 000.00 ლარით. სამუშაოების შესრულების ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 სამუშაო დღე (24.10.2015 წლამდე), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით, შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა 15 სამუშაო დღე, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან).
10. N 204 ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთმა სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა რამდენიმე ეტაპად. საბოლოოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 57 999.91 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებული სახით გამგეობამ ჩაიბარა 2016 წლის 27 იანვარს. შემსყიდველმა მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება.
11. 2015 წლის 24 ივლისს გამგეობასა და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N205 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიმწოდებელმა იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 92 207 ლარით. შესყიდვის მიწოდების საბოლოო ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე (2 ნოემბრამდე)).
12. 2015 წლის 26 ივლისს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N2, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა მიმწოდებლის შეკვეთით იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა 89 440.00 ლარით. სამუშაოების შესრულების ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 სამუშაო დღე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე).
13. N205 ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთმა სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა რამდენიმე ეტაპად. საბოლოოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული სახით გამგეობამ ჩაიბარა 2015 წლის 29 დეკემბერს. შემსყიდველმა მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, საერთო ჯამში 92 054.38 ლარი.
14. 2015 წლის 7 აგვისტოს გამგეობასა და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N222 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 65 040 ლარით. შესყიდვის მიწოდების საბოლოო ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე (2015 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით)).
15. 2015 წლის 10 აგვისტოს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N4, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა მიმწოდებლის შეკვეთით იკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 63 000.00 ლარით. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 სამუშაო დღე (24.10.2015 წლამდე), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა 15 სამუშაო დღე, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან).
16. N222 ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთმა სოფელ ....... და ....... სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა რამდენიმე ეტაპად. საბოლოოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული სახით გამგეობამ ჩაიბარა 2016 წლის 26 იანვარს. შემსყიდველმა მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება - 65 040.00 ლარი.
17. 2015 წლის 7 აგვისტოს გამგეობასა და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N132 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მიმწოდებელმა იკისრა ქ. ოზურგეთში, ....... ქუჩა N4, N8, N10-სა და ....... ქუჩა N6-ში სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება (ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 123 500.00 ლარით. შესყიდვის მიწოდების საბოლოო ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრამდე, რაც 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული N1 შეთანხმების საფუძველზე, გაგრძელდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით, შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა 15 სამუშაო დღე, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან).
18. 2015 წლის 10 აგვისტოს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N5, რომლის მიხედვით, შემსრულებელმა მიმწოდებლის შეკვეთით იკისრა ქ. ოზურგეთში, ....... ქუჩა N4, N8, N10-ში და ....... ქუჩა N6-ში მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება (მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 119 795.00 ლარით. სამუშაოების შესრულების ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 სამუშაო დღე - 2015 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით, შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა 15 სამუშაო დღე, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან).
19. N 132 ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთმა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კეთილმოწყობის სამუშაოები შესრულებული სახით ჩაიბარა 2016 წლის 25 თებერვალს. შემსყიდველმა მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 123 498.15 ლარი.
20. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 26 ივლისის, 10 აგვისტოსა და 14 სექტემბრის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტისა და ფორმა #2-ის შედგენას, მხარეებს აღნიშნული სახის დოკუმენტები არ შეუდგენიათ, გარდა ერთი გამონაკლისისა - 2015 წლის 14 სექტემბერს N6 ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსათვის შედგა ფორმა #2 და 2015 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.
21. 2015 წლის 27 აგვისტოდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში მიმწოდებელის მიერ შემსყიდველისთვის უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურებულია 180 450.00 ლარი.
22. მხარეთა შორის 2015 წლის 26 ივლისს, 10 აგვისტოსა და 14 სექტემბერს გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში შემსყიდველმა 2015 წლის 9 სექტემბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით მიმწოდებლისთვის გამოწერა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საერთო ჯამში - 585 297.27 ლარის ღირებულების მომსახურების შესრულებაზე, რაც მიმწოდებელმა დაადასტურა (მიიღო) კანონით დადგენილი წესით.
23. შემსრულებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მიმწოდებლის მიმართ და მოითხოვა მომსახურების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების - 389 772.50 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
24. სარჩელის თანახმად, 2015 წლის 26 ივლისს, 10 აგვისტოსა და 14 სექტემბერს მოპასუხესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელემ იკისრა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულების, ხოლო მოპასუხემ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ჯეროვნად, თუმცა მოპასუხეს სრულად არ აუნაზღაურებია მისთვის სამუშათა ღირებულება.
25. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები თავად მოსარჩელემ არ შეასრულა ჯეროვნად, რის გამოც აღნიშნულ სამუშაოთა შესრულება მოპასუხეს მოუხდა, ხოლო მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს ღირებულება მას ანაზღაურებული აქვს სრულად როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე მოსარჩელის თხოვნით, მისივე ნდობით აღჭურვილი პირებისთვის გადარიცხვითა და ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
26. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
28. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-22 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
29. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მოსარჩელის მიერ სამუშაოთა წარმოების ფაქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სამუშაოები შეასრულა არა მოსარჩელემ, არამედ მოპასუხემ, ეკისრებოდა მოპასუხეს. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - 6 336 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტით და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით კი ვერ დგინდებოდა სადავო გარემოება - მოპასუხის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი.
30. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმებით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით, როგორც ამაზე მოპასუხე მითითებს, ვინაიდან, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას.
31. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებების შეფასებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები სამუშაოების მოპასუხის მიერ შესრულების თაობაზე ემყარება მათთვის ცნობილ ინფორმაციას და არა უშუალოდ მოწმის მიერ აღქმულ რეალობას, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ აქარწყლებენ სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლის შემადგენლობის არსებობის ფაქტს.
32. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების („ნსაფ-ი“) არასათანადო მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე და განმარტა, რომ „ნსაფ-ი“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. მოცემული მტკიცებულების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით კი შესაძლებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის - მოსარჩელის მიერ გაწეული სამუშაოს ღირებულების - 389 772.50 ლარის მოპასუხის მიერ გადაუხდელობის ფაქტის დადასტურება.
33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
34. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს უხდიდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით. კერძოდ, მოსარჩელეს შესასრულებელი სამუშაოს ანგარიშში წინსწრებით გადაერიცხა ჯამში 180 450 ლარი. ამასთან, ფიზიკური პირების - შ.კ–ის, შ.ა–ის, მ.ა–ძის, მ.ა–ძის, ა.ა–ძის, ს.კ–ძისა და რ.მ–ძის სახელზე გადარიცხულმა თანხებმა ჯამურად შეადგინა 222 107 ლარი. გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელმა რ.მ–ძემ თავად გადასცა მოსარჩელეს მუშა-მოსამსახურეებისათვის ხელფასის სახით გასაცემი თანხა. თანხა ხელზე გადაეცათ ასევე ა.კ–ს და თ.დ–ს (70 000 ლარი) და შპს „რ.....“-ის დირექტორს - პ.ვ–ძეს (10 000 ლარი). პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - შ.კ–მა, რ.მ–ძემ და პ.ვ–ძემ დაადასტურეს ზემოაღნიშნული თანხების მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ანგარიშში მიღების ფაქტი.
35. მოსარჩელემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არა თუ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, არამედ სამუშაოთა დიდი ნაწილის დასრულება მოპასუხეს მოუხდა საკუთარი სახსრებით. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს მოწმეებმაც, შ.კ–მა და რ.მ–ძემ.
36. მხარეები შეთანხმებული იყვნენ ანგარიშსწორების შემდეგ წესზე: ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდებოდა ეტაპობრივად, შესრულებულ სამუშაოზე ფორმა #2-ისა და შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული აქტის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორება კი განხორციელდებოდა სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მოსარჩელეს არ წარუდგენია არცერთი მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა #2, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტს. ამ გარემოების, ისევე როგორც მოთხოვნილი თანხის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს აწევს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება კი ვერ დადასტურდება მოპასუხის მიერ დამკვეთთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით, ვინაიდან ის ასახავს მოპასუხის და არა მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებს. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება ანგარიშ-ფაქტურები, ვინაიდან ისინი გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო მიზნებისათვის და ფაქტურით არ შეიძლება სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადასტურება (ამგვარად არის შეფასებული ანგარიშფაქტურების მნიშვნელობა გარიგებებში უზენაესის სასამართლოს მიერ საქმეში #ას-678-638-2012, 12.13.2013).
37. გაურკვეველია, საიდან იანგარიშა მოსარჩელემ მოთხოვნილი თანხა, ვინაიდან თუ ანგარიშფაქტურებში მითითებულ თანხას გამოვაკლებთ მოპასუხის მიერ გადახდილ თანხას (რომელსაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის), მაინც ვერ მივიღებთ სარჩელში მითითებულ თანხას. საქმეში წარდგენილია ორმხრივად ხელმოწერილი მხოლოდ ერთადერთი, 2015 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი 245 700 ლარზე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის მართლზომიერების თაობაზე.
38. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი აწევს მენარდეს. მხოლოდ ამ გარემოების დადასტურების შემდგომ გადადის მტკიცების ტვირთი შემკვეთზე და უკვე მან უნდა დაადასტუროს საზღაურის გადახდის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ შესრულების მტკიცების ტვირთი გადაიტანა შემკვეთზე და არა მენარდეზე.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
40. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
43. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მიმწოდებლისთვის შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების მართებულობა.
44. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).
45. საკასაციო საჩივრის ავტორი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე (თანხის სრულად ანაზღაურებაზე) მიუთითებს და აღნიშნულის დასტურად მოსარჩელისათვის სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით თანხების გადაცემაზე აპელირებს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო პროცესში სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).
46. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველო ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატის განმარტებით, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-570-541-2015,11 ნოემბერი, 2015 წელი).
47. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე უარყოფს მის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოპასუხისაგან თანხის მიღების ფაქტს, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ეკისრება მიმწოდებელს, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას მასზე, რომ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადარიცხული აქვს სადავო თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სსკ 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება - შემსრულებლის მიერ გაცემული თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქმეში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესისა და ფორმის შესახებ სამოქალაქო კოდექსის 373.2 მუხლის შესაბამისად (თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი) მხარეთა შორის განსხვავებული შეთანხმების არსებობის ფაქტს, მიმწოდებლის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე თანხების გადარიცხვა ვერ მიიჩნევა უფლებამოსილი პირის (მოსარჩელის) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების საკმარის მტკიცებულებად. მით უფრო მაშინ, როდესაც არც გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრებით ირკვევა მათში მითითებული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობა (ტ. 1. ს.ფ 126-134). მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე კი აღნიშნული გარემოების დადასტურება შეუძლებელია.
48. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული, ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა #2, რომლითაც შეიძლებოდა სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურება, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი; №ას-770-737-2014, 16 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი).
49. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით უარყოფილია სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დასადასტურებლად ანგარიშფაქტურების წარდგენის მნიშვნელობა. სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქმე (№ას-678-638-2012) არარელევანტურია წინამდებარე საქმესთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლომ მომსახურების გაწევის მტკიცებულებად მხოლოდ იმიტომ არ მიიჩნია შემსრულებლის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, რომ იგი ხელმოწერილი იყო ერთი და იმავე კომპანიის წარმომადგენლების მიერ. მოცემულ დავაში კი დადასტურებულია, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც გამოწერა მოსარჩელემ (შემსრულებელმა), მიიღო მოპასუხემ (მიმწოდებელმა), რაც გამორიცხავს კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზირების შესაძლებლობას.
50. სასამართლო საკასაციო საჩივრის ავტორის ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების დამტკიცების მოვალეობა მოსარჩელის ნაცვლად არასწორად დააკისრა მოპასუხეს.
51. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა (სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების) მოსარჩელის მიერ შესრულების ფაქტს და აპელირებს აღნიშნული სამუშაოების დიდი ნაწილის მის მიერ შესრულებაზე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სამუშაო ნაცვლად მოსარჩელისა, შეასრულა მოპასუხემ, ეკისრებოდა მოპასუხეს, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია (და არც კასატორი ხდის სადავოდ), რომ მიმწოდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში შესრულებას იღებდა და შემსრულებლის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე (ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ღირებულების ანაზღაურება) ზემოაღნიშნული არგუმენტით (მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილება) შედავება გაუმართლებელი და უსაფუძლოა.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მართებულად იქნა უარყოფილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
53. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე № ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი, საქმე №ას-939-879-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30%-ის - 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ე–ს“ (ს/კ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 30%-ის - 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე