Facebook Twitter

საქმე №ას-1680-2019 23 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი _ კონსტანტინე თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვით

I საკასაციო საჩივრის ავტორი – არასრულწლოვანი ს.ი–ი (საპროცესო წარმომადგენელი გ.კ–ი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ი–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ი.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ი–ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი.შ–ძე

ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

თარჯიმანი – თ.ც–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2018 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის (შემდგომში - „ჰააგის კონვენცია“) საფუძველზე წარუდგინა ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს მიმართვა, ბელარუსის მოქალაქე ს.ი–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის, ს.ი–ის სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით.

2. სასამართლოში წარდგენილი მიმართვის თანახმად, 2018 წლის 1 აპრილს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლის) სამსახურმა დაადგინა, რომ მამა - ს.ი–ი შვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში. 2018 წლის ივლისში მამამ, ს.ი–მა განაცხადა, რომ ის აპირებს იცხოვროს საქართველოში და უარს აცხადებს არასრულწლოვანის უკან დაბრუნებაზე. ამჟამად არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში.

3. შუამდგომლობის ინიციატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვი დედის თანხმობის გარეშე იქნა ბელარუსის რესპუბლიკიდან გაყვანილი, დედა ვერ ახორციელებს ბავშვზე მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებას, დარღვეულია ჰააგის კონვენციის მოთხოვნები. შუამდგომლობასთან ერთად წარდგენილ იქნა არასრულწლოვნის დედის ვ.ი–ას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დედა“) სარჩელი, რომლითაც დედამ მოითხოვა ბავშვის ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნება.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა არასრულწოვანი ს.ი–ის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით საქმეში მხარედ, თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა არასრულწლოვანი ს.ს. ძე ი.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არასრულწლოვანი ს.ი–ის სახელით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე ს.ი–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ს.ი–ის და ს.ი–ის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2020 წლის 16 აპრილს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვნის წარმომადგენელმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლომ ადგილზე თათბირით განიხილა არასრულწლოვნის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ს.ი–ის საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

14. განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ს.ი–ის და ს.ი–ის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.

15. დადგენილია ასევე, რომ არასრულწლოვნის წარმომადგენელი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

18. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

19. კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

20. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ს.ი–ის წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით არასრულწლოვნის საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

21. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, მხარეს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. არასრულწლოვანი ს.ი–ის წარმომადგენლის სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. არასრულწლოვანი ს.ი–ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე