Facebook Twitter

საქმე №ას-915-2018 14 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ–ო“ (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ხ–ო“

მოწინააღმდეგე მხარე შეგებებულ საკასაციო საჩივარში - ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (საკასაციო საჩივარში); გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (შეგებებულ საკასაციო საჩივარში)

დავის საგანი – შეთანხმების ბათილად ცნობა, გადახდილი თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „ძირითადი საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) და შპს „ხ–ოს“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა კაპიტალური რემონტის (შეკეთება-რეკონსტრუქციის) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 747 370 ლარით.

2. მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 6 თვისა, 2016 წლის 4 ოქტომბერს.

3. 2016 წლის 18 ოქტომბრის №2 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა ძირითად ხელშეკრულებაში, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 738 826 ლარით.

4. მიმწოდებელმა სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 4 ოქტომბრისა დაასრულა 2016 წლის 26 დეკემბერს.

5. 2016 წლის 26 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და 738 826 ლარის ღირებულების სამუშაოებზე წარადგინა ფორმა №2.

6. 2017 წლის 13 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა 724 039 ლარის ღირებულების სამუშაო. მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

7. 2017 წლის 13 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №3, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 4 ოქტომბრისა, დაასრულა 2016 წლის 26 დეკემბერს. შესაბამისად, ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს, 183 967.67 ლარის გადახდა. ამავე დროს, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულებიდან, 724 039 ლარიდან, მის ანგარიშზე გადაირიცხებოდა 540 071.33 ლარი, ხოლო 183 967.67 ლარი, როგორც სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა, გადაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.

8. შემსყიდველმა მიმწოდებლის ანგარიშზე ჯამში გადარიცხა 540 071.33 ლარი.

9. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №3 შეთანხმების, როგორც იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისა და პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის, 183 967,67 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

10. სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის 2016 წლის 4 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 4 ოქტომბერს, თუმცა საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა, რაზეც დამატებით, 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება, ხოლო კორექტირებული ხელშეკრულება მიმწოდებელმა მიიღო იმავე წლის 24 ოქტომბერს. ვინაიდან 2016 წლის 4 ოქტომბერს სამუშაოების დაუსრულებლობის გამო მოპასუხე ვერ მოითხოვდა მოსარჩელისგან ზიანის ანაზღაურებას, მან აიძულა მოსარჩელე გაეფორმებინა პირგასამტეხლოს აღიარების შესახებ შეთანხმება (2017 წლის 13 იანვარის №3 შეთანხმება), წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გადაურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. მიმწოდებელს თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით შეეძლო შემსრულებლის მიმართ დავა დაეწყო სასამართლოში, თუმცა აღნიშნული მოითხოვდა გარკვეულ დროს და რესურსს, თანხის დროულად ჩარიცხვა კი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გასაცემი იყო მუშების ხელფასი. 2016 წლის 26 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტითა და 2017 წლის 13 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, თუმცა მოპასუხემ მას შესრულების თანხა არ ჩაურიცხა მანამ, სანამ 2017 წლის 13 იანვარს პირგასამტეხლოს აღიარებაზე არ მოაწერინა ხელი - გადარიცხვა კი განხორციელდა 2017 წლის 17 იანვარს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე არ შეასრულებდა ვალდებულებას დროულად, მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 183 967.67 ლარი (0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) შეუსაბამოდ დიდია და იგი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს 0,02 %-ს. ამასთან, ვადაგადაცილების დღეებში არ შეიძლება ჩაითვალოს იმ დღეების რაოდენობა, რომლებიც დასჭირდა ექსპერტს დასკვნის გასაცემად.

11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის თანხის გადახდა მოხდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა თავად მიმართა შემსყიდველს შეთანხმების აქტის გაფორმების მოთხოვნით, რომლის შესაბამისადაც დაეკისრა მას პირგასამტეხლოს გადახდა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 153 306.39 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება სადავო შეთანხმების იძულებით დადების შესახებ და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელებული იძულების დამტკიცება მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ შეძლო. ამდენად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

16. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ძირითადი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში 2016 წლის 18 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებით განხორციელდა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა.

17. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ 2016 წლის 18 ოქტომბრის №2 შეთანხმების ოქმზე და აღნიშნა, რომ მასში არსადაა მითითება ხელშეკრულების შესრულების ვადის გაზრდასა და მოსარჩელის მხრიდან შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის არსებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების საპატიოდ მიჩნევაზე.

18. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდად არ მიიჩნია ასევე ხარჯთაღრიცხვის კორექტირების თაობაზე 2016 წლის 18 ოქტომბრის შეთანხმება, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვით სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე, ხოლო 2016 წლის 18 ოქტომბერს (ვადის გასვლის შემდეგ) ხარჯთაღრიცხვის კორექტირებით უკვე დარღვეული ვადის გაგრძელება ვერ განხორციელდებოდა. ამასთან, მოსარჩელემ 2017 წლის 13 იანვრის №3 შეთანხმებით თავად აღიარა ვალდებულების დაგვიანებით შესრულების ფაქტი.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ფორსმაჟორულ გარემოებაზე (რომ სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოიწვია უხვმა ნალექმა) და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნალექის არსებობის პირობებში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების შეუძლებლობას, მითუმეტეს, რომ ხელშეკრულება მეტწილად შიდა სარემონტო სამუშაოების წარმოებას ითვალისწინებდა. ამავე დროს, არ დგინდებოდა, თუ რა მოცულობის ნალექის მოსვლას ჰქონდა ადგილი.

20. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პრგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ის გარემოება, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს (183 967.67 ლარი) მთლიანი ოდენობა ვადაგადაცილებული დღეების ხანგრძლივობის გათვალისწინებით (83 დღე) მნიშვნელოვნად აჭარბებდა ვალდებულების დაგვიანებით შესრულებით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, ასევე ისიც, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა, თუ რა ზიანი განიცადა მან მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0.3% უნდა შემცირებულიყო გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე, 0.05%-მდე. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 183 967.67 ლარის ნაცვლად დააკისრა 153 306.39 ლარის გადახდა.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

23. ძირითადი საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 381-ე მუხლების მოთხოვნები და თავისი ინიციატივით შეცვალა დავის საგანი, კერძოდ, შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა ისე, რომ აღნიშნული მოთხოვნა მხარეს არ დაუყენებია. მართალია, შესაძლებელია სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მხარის მოთხოვნით.

24. შეგებებული საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

24.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0.05% არ არის სამართლიანი და იგი უნდა შემცირდეს მინიმუმ 0.02%-მდე;

24.2. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ნაცვლად 2016 წლის 4 ოქტომბრისა სამუშაოები დაასრულა 2016 წლის 26 დეკემბერს. საქმეში წარდგენილია ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ინსპექტირების დრო მოცავდა 2016 წლის 1 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდს. შესაბამისად, სასამართლოს ეს პერიოდი არ უნდა ჩაეთვალა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაში;

24.3. სასამართლომ მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 18 ოქტომბრის დამატებითი შეთანხმება არასწორად არ მიიჩნია მათ შორის არსებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებად;

24.4. სააპელაციო პალატამ უსაფუძლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ფორსმაჟორული გარემოების არსებობის გამო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის თაობაზე და უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ არსებული პროექტი მეტწილად შიდასარემონტო სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ძირითადი საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

29. ძირითადი საკასაციო საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის არარსებობის პირობებში იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის საფუძვლიანობაზე.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს საქმეში წარდგენილი სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების მე-9 პუნქტზე, სადაც მოსარჩელე განმატავს, რომ მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, 183 967.67 ლარი არათანაზომიერად დიდია და მისი ოდენობა ვალდებულების შეუსრულებლობისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 0.02%-ს (იხ. სარჩელი, ტ. 1. ს.ფ 5). ანალოგიური პრეტენზია აქვს წარდგენილი მას სააპელაციო საჩივარშიც (იხ. საპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობების ველი, ტ 2, ს.ფ 18). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება პირგასამტეხლოს ოდენობაზე მოსარჩელის შედავების ფაქტი, დაუსაბუთებელია მოპასუხის პრეტენზია ამ საფუძვლით (შედავების არარსებობის გამო) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 418-420-ე მუხლები და მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო მართებულად შეამცირა გონივრულ ოდენობამდე.

31. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

32. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევიდან გამომდინარე, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც მისი დასაშვებად ცნობის საპროცესოსამართლებრივი საფუძველი არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც იმავე სამართლებრივი ბედის მატარებელი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც ძირითადი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, შეგებებული საკასაციო საჩივარიც, მისი პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებას ექვემდებარება (იხ. სუსგ საქმე №ას-1555-1475-2017, 9 მარტი, 2018 წელი; საქმე №ას-861-861-2018, 25 სექტემბერი, 2018 წელი; საქმე №ას-127-470-07, 30 აპრილი, 2007 წელი).

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი საკასაციო საჩივრის ავტორმა საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად 7665.32 ლარისა წარმოადგინა 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი) ზედმეტად გადახდილი 334.68 ლარი ექვემდებარება მხარისათვის დაბრუნებას. რაც შეეხება დარჩენილ 7665.32 ლარს, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 7665.32 ლარის 70% – 5365.72 ლარი.

37. ამასთან, ვინაიდან დაუშვებლად იქნა მიჩნეული შეგებებული საკასაციო საჩივარიც, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1533.07 ლარის 70% – 1073.15 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი და შპს „ხ–ოს“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს 2018 წლის 21 ივნისს №02583 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 (რვა ათასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 334 (სამას ოცდათოთხმეტი) ლარი და 68 (სამოცდარვა) თეთრი და დარჩენილი 7665 (შვიდი ათას ექვსას სამოცდახუთი) ლარისა და 32 (ოცდათორმეტი) თეთრის 70% – 5365 (ხუთი ათას სამას სამოცდახუთი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს შპს „ხ–ოს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს გ.რ–ის (პ/ნ: .....) მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1533 (ერთი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარისა და 07 (შვიდი) თეთრის 70% – 1073 (ერთი ათას სამოცდაცამეტი) ლარი და 15 (თხუთმეტი) თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე