Facebook Twitter

საქმე №ას-116-2019 23 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ა–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 9 სექტემბრიდან ა.ა–ა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ჰ.მ–ი (შემდგომში − „მოპასუხე“) იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში.

2. მხარეებმა ოჯახების ურთიერთშეთანხმებით გადაიხადეს ქორწილი, რა დროსაც, ნათესავებისგან საჩუქრად მიიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, სადავო ოქროს ნივთები: 1. ოქროს სამაჯური, 2. ოქროს ყელსაბამი, 3. ოქროს ბეჭედი, და პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“.

3. 2015 წლის 14 ივლისს მოსარჩელემ დატოვა მოპასუხის ოჯახი და მას შემდეგ საცხოვრებლად იქ აღარ დაბრუნებულა.

4. 2016 წლის 6 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ყოფილიყო მოსარჩელის კუთვნილი ნივთები: 1) ავეჯი - საძინებელი კომპლექტი: მუქი ყავისფერი გარდერობი 2-კარიანი, 2 ცალი ტუმბო, 1 ცალი მუქი 2-ადგილიანი საწოლი, 1 ცალი ტრილიაჟი, 1 ცალი 2-ადგილიანი ლეიბი, დივანის კუთხე 8 ბალიშითურთ; 2) საყოფაცხოვრებო ნივთები: ხალიჩა, 1 ცალი მტვერსასრუტი, 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“, 1 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა (შეძენილი 2015 წლის 22 აპრილს), 1 ცალი სამოვარი (მადუღარა), ოთახის ფარდები 20 მ., საწოლის გადასაფარებელი, 3 საბანი, 2 ცალი საბნის გადასაკრავი, 4 კომპლექტი ლეიბების, საბნების, 2 ცალი სააბაზანო პირსახოცი, 12 ცალი სააბაზანო პირსაწმენდი, 15 ცალი სამზარეულოს ხელსახოცი, 15 ცალი ჭიქის ხელსახოცი, 5 ცალი მაგიდის სუფრა, 2 ცალი საბანი, 1 ცალი ლეიბი, 4 ცალი ბალიში, 1 ცალი უთო „ბეკოს“ ფირმის, 1 ცალი ჭაღი 6-სანთლიანი, 1 ცალი კედლის საათი; 3) პირადი მოხმარების საგნები: კაბა 10 ცალი, ქვედა კაბა 5 ცალი, ზედა ჩასაცმელი (ბლუზკა) სვიტერი, მოქსოვილი ჯემპრი 3 ცალი, ტყავის შავი ქურთუკი 1 ცალი, 3 წყვილი ჩექმა, 10 წყვილი სხვადასხვა მოდელის ფეხსაცმელი, 5 ცალი ქალის ჩანთა, 15 ფლაკონი სხვადასხვა დასახელების სუნამო, ქალის თეთრეული 15 კომპლექტი; 4) ოქროს სამკაულები: ოქროს სამაჯური, ოქროს ყელსაბამი, ოქროს ბეჭედი, სულ ოქროს სამკაულები შეადგენს 3450 ლარის ღირებულების ნივთებს.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები: ა) ავეჯი - საძინებელი კომპლექტი: მუქი ყავისფერი გარდერობი 2-კარიანი, 2 ცალი ტუმბო, 1 ცალი მუქი 2-ადგილიანი საწოლი, 1 ცალი ტრილიაჟი, 1 ცალი 2-ადგილიანი ლეიბი, დივანის კუთხე 8 ბალიშითურთ; ბ) საყოფაცხოვრებო ნივთები: ხალიჩა, 1 ცალი მტვერსასრუტი, 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“, 1 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა (შეძენილი 2015 წლის 22 აპრილს), ოთახის ფარდები 20 მ., საწოლის გადასაფარებელი, 3 საბანი, 2 ცალი საბნის გადასაკრავი, 4 კომპლექტი ლეიბების, საბნების; პირადი მოხმარების საგნები: კაბა 10 ცალი, ტყავის შავი ქურთუკი 1 ცალი; ოქროს სამკაულები: ოქროს სამაჯური, ოქროს ყელსაბამი, ოქროს ბეჭედი. სხვა დანარჩენი მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ ოქროს ნივთების (სამაჯური, ყელსაბამი, ბეჭედი), 1 ცალი პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგის“, ორი ცალი საბნის, 4 კომპლექტი ლეიბისა და საბნის გადასაკრავების, ასევე ორი კაბის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბისა და 2 ცალი საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ტელევიზორი აჩუქა მოსარჩელის ძმამ, რაც დაფიქსირებული იყო საქორწინო ვიდეო ჩანაწერში. შესაბამისად, ვერ იქნებოდა გაზიარებული მოპასუხის მითითება, რომ ტელევიზორი აჩუქეს დაბადების დღეზე, რის გამოც ეს ნივთი მის პირად საკუთრებად უნდა მიჩნეულიყო. აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა მის მიერვე შესაგებელში მითითებულ ზემოაღნიშნულ განმარტებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტელევიზორი მოპასუხეს გადაეცა, როგორც საქორწინო საჩუქარი.

11. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ოქროს ნივთები, კერძოდ: 1. ოქროს სამაჯური, 2. ოქროს ყელსაბამი, 3. ოქროს ბეჭედი, მოპასუხემ საჩუქრად მიიღო ქორწილის დღეს, მოსარჩელის ოჯახის წევრებისგან (ნათესავებისგან). ამასთან, სადავო ოქროს ნივთები თავისი ბუნებითა და დანიშნულებით მამაკაცებისათვის განკუთვნილ ნივთებს წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოდავე მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სადავო ოქროს ნივთები, როგორც საქორწინო საჩუქარი, მოპასუხე მხარეს (სიძეს) აჩუქეს პატარძლის მშობლებმა და პატარძლის ბებია-ბაბუამ.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მისი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ სადავო ნივთები, რომლებიც თავისი ბუნებითა და დანიშნულებით მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნივთებს წარმოადგენდა და რომელთა მესაკუთრედ მოპასუხე მოიაზრებდა თავს, გავიდა მისი მფლობელობიდან და ამჟამად მოსარჩელის მფლობელობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ოქროს ნივთებს, კერძოდ: 1. ოქროს სამაჯურს, 2. ოქროს ყელსაბამს, 3. ოქროს ბეჭედს, ფლობდა მოპასუხე.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა და სააპელაციო საჩივრით ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პლაზმური ტელევიზორი, მოსარჩელე მხარის კუთვნილი, მზითვის სახით გადაცემული 1 ცალი საბანი, 3 ცალი გადასაკრავი და 8 ცალი კაბა, ნამდვილად ინახებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე. რაც შეეხება 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბის და საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე არსებობის ფაქტს, მოპასუხე აღნიშნულს არ ადასტურებდა და მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს ეს ნივთები სახლში არ მიუტანია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა აღნიშნული სადავო ნივთების მოპასუხის სახლში მიტანისა და მათი მოპასუხესთან არსებობის ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე ამ ნაწილში არ ეთანხმებოდა სარჩელს, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად არ არსებობდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

14. სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ) დადგენილი წესების შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად (ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში) რეგისტრირებული არ ყოფილა. ამგვარად, მათ შორის მეუღლეთა უფლება-მოვალეობები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის (მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება) თანახმად, არ წარმოშობილა და მათი ურთიერთობა სამართლებრივად არ გაცდენილა ნიშნობას, ხოლო თვით ქორწილი რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობდა. შესაბამისად, სასიძოსთვის პატარძლის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის სახით გადაცემულ ნივთებზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი და სწორედ ამ ნორმის საფუძველზე უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს იმ ქორწინებასთან დაკავშირებული საჩუქრები, რომელიც არ შედგა - არ დარეგისტრირდა. ამდენად, სადავო მოძრავი ნივთები, კერძოდ, ოქროს სამაჯური, ოქროს ყელსაბამი, ოქროს ბეჭედი და პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგი“ მართებულად იქნა გამოთხოვილი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა. რაც შეეხება დანარჩენ სადავო ნივთებს - 2 საბანს, 4 კომპლექტი ლეიბისა და 2 ცალი საბნის გადასაკრავს და 2 კაბას, არ არსებობდა მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ მოსარჩელე სადავო ნივთების გამოთხოვის ნაწილში წარმოადგენდა არასათანადო მხარეს. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლი ასახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ დაქორწინების მსურველ პირთა ნათესავებმა და ახლობლებმა ნიშნობის/ქორწინების აღსანიშნავად დაასაჩუქრონ მომავალი მეუღლეები, რაც ეფუძნება ვარაუდს, რომ დანიშნული წყვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ იქორწინებს, ანუ, სამართლებრივ რეგისტრაციაში გაატარებს ქორწინების ფაქტს, თუმცა კანონმდებელი ნიშნობის ფაქტს რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, დაქორწინებას არ უკავშირებს და ადგენს ნიშნობის საჩუქრის (რაც ხშირ შემთხვევაში ძვირად ღირებული ნივთებია) მხარეთათვის დაბრუნების წესს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიშნობის მხარეებს წარმოადგენენ დასაქორწინებელი პირები, ზემოხსენებული საჩუქრის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ნიშნობის ერთ-ერთ მხარეს, რომლის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნითაც განხორციელდა ჩუქება.

16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ ნიშნობის/ქორწინების საგნის გამოთხოვაზე უფლებამოსილი იყო გამჩუქებელი. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო ჩუქების ფაქტი და, შესაბამისად, დავა მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის არ მიმდინარეობდა. ნიშნობის საჩუქრის უკან გამოთხოვაზე უფლებამოსილი პირები მხოლოდ ნიშნობის, მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეები იყვნენ და არა მჩუქებელი, რომელმაც ნაჩუქარი ნივთი ნებაყოფლობით საკუთრებაში გადასცა ქორწინების/ნიშნობის მხარეებს. მჩუქებელს ნაჩუქარ ნივთზე პრეტენზია შეიძლება წარმოეშვას მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

17. მოპასუხის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო მტკიცებულება სადავო მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულების შეფასების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი შედავებას არ შეიცავდა, შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში ამ გარემოებებზე მითითება დაუშვებელი იყო. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუ მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი არ შეესაბამებოდა სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, იგი ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

19. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბისა და 2 ცალი საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში. მითითებული ნივთები არის მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრება და მოპასუხე უკანონოდ ფლობს მათ.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბისა და 2 ცალი საბნის გადასაკრავის, ასევე 2 კაბის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში.

25. კასატორის ზემოთ მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სწორად განსაზღვრა სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ).

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის მიღწევას შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების შესრულება განაპირობებს: დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა), ნიშნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საჩუქრების გადაცემა, მხარეთა დაუქორწინებლობა და ნაჩუქარი ნივთების დაუბრუნებლობა.

27. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ნივთების - 2 საბნის, 4 კომპლექტი ლეიბისა და 2 ცალი საბნის გადასაკრავის და 2 კაბის, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

29. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება.

30. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავო მოძრავი ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა საკუთარი განმარტების გარდა, მან სხვა მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა. მხარის მხოლოდ ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებით კი სადავო გარემოება ვერ დადასტურდება.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-168-168-2018, 11 მაისი, 2018 წელი; საქმე №ას-297-280-2010, 14 ივნისი, 2010 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ა–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა.ა–ას (პ/ნ:......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 23 თებერვალს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე