Facebook Twitter

საქმე №ა-5321-შ-39-2019 18 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. მ-ვი

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. კ-ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ვსა და ფ. კ-ვს შორის 2011 წლის 16 მარტს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. 2009 წლის 19 იანვარს დაბადებული თ. კ-ის კანონიერი მეურვეობა მიენიჭა დედას – ნ. მ-ვს და მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცოხვრებელი ადგილი. ფ. კ-ვს ნ. მ-ვის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 100 ევროს ოდენობით.

ნაზი მურადოვის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. მ-ვი საქართველოს მოქალაქეა.

საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით ნაზი მურადოვის შუამდომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და ნ. მ-ვის შუამდომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ფ. კ-ვს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ ფ. კ-ვი გზავნილი ვერ ჩაბარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმათველოს მე-2 განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი თ. ქ-ას 2020 წლის 15 მარტის ოქმიდან ირკვევა, რომ ფ. კ-ვი შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნაზი მურადოვის შუამდომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. მ-ვმა ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე ფ. კ-ვის მისამართი. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ვის შუამდომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე