საქმე №ას-1789-2019 27 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.დ–ში“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ნ–ა’’, გ.ო–ი(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2019წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, 7 369,6 ლარის ნაწილში დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ს.დ–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „გამყიდველი“, „დამკვეთი“, „მეორე სარჩელში მოპასუხე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ნ–ას’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე,“ „მყიდველი“, „შემსრულებელი“, „მეორე სარჩელში მოსარჩელე“, „მოწინააღდეგე მხარე“) და გ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მოწინააღდეგე მხარე“, „თავდები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 22 129.39 ლარის და 7 369,6 ლარის დაკისრება და ფინანსურ ვალდებულებაზე პასუხისმგებლად მეორე მოპასუხის განსაზღვრა 30 000 ლარის ფარგლებში.
2. სარჩელის საფუძვლები:
რადგან გადაწყვეტილება საკასაციო წესით სადავოა მხოლოდ 7369,6 ლარის დაკისრების ნაწილში, პალატა უთითებს შესაგებლის საფუძვლებს ამ მოთხოვნასთან მიმართებით.
2.1. გამყიდველს (დამკვეთი) და მყიდველს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველს გადაეცა ხის მასალა, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.
2.2. მყიდველს ჯამურად გადასახდელი ჰქონდა 19 017.6 ლარი, საიდანაც მყიდველმა გადაიხადა მხოლოდ 11 648 ლარი და გადასახდელი აქვს 7 369,6 ლარი.
2.3. 07.09.2015წ. გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით თავდები პასუხს აგებს დამკვეთს და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებაზე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მყიდველს (შემსრულებელს) ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ხის მასალა არ გადაეცა. შემსრულებელს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ ნასყიდობის საგნის გადაცემის შემდგომ, რაც არ მომხდარა. შემსრულებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი.
3.2. არ არსებობს თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი.
4. მეორე სარჩელის მოთხოვნა:
მეორე სარჩელში მოსარჩელეა მყიდველი, რომელიც ითხოვს გამყიდველს დაეკისროს 2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი 29,12 მ3 ხის მასალის, თანაბარი რაოდენობით 3 და 5 სმ-იანი ფიცრების, გადაცემა.
5. მეორე სარჩელის საფუძვლები:
5.1. მხარეთა შორის 2015 წელს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები ჯამში 47,5 მ3 ხის მასალაზე. აქედან მყიდველს გადახდილი აქვს 29.12 მ3-ის ღირებულება - 11 648,00 ლარი. ამის მიუხედავად, გამყიდველი მას არ აძლევს შესაძლებლობას წაიღოს შეძენილი მასალა, რომელიც დასაწყობებულია გამყიდველის ტერიტორიაზე.
5.2. გამყიდველი ვალდებულია 29,12 მ3 ხის მასალა გადასცეს მყიდველს. შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება მოწმობს, რომ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება კონკრეტული ხის მასალის, 3 და 5სმ-იან ფიცრების, საკუთრების გადაცემის თაობაზე.
6. მეორე სარჩელში მოპასუხის პოზიცია:
6.1. მყიდველი (შემსრულებელი) დამკვეთისგან შეძენილ მასალას იყენებდა „ახალი დიღმის დასახლების“ მშენებლობისთვის. მასალა დასაწყობებული იყო გამყიდველის (დამკვეთის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე წარმოადგენდა შემსრულებლის სამშენებლო მოედანს. ამ სამშენებლო მოედანზე ხდებოდა შემსრულებლისთვის მასალების გადაცემა. შესაბამისად, დამკვეთის მხრიდან მასალის ტრანსპორტირება არ ხდებოდა. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსრულებელს ტერიტორიიდან გაჰქონდა ხის მასალა დასამუშავებლად, ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერაზე თავადვე იყო პასუხისმგებელი.
6.2. მხარეები აფორმებდნენ მასალის მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ მყიდველმა ჩაიბარა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონელი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.12.2017წ. განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ორივე სამოქალაქო საქმე (გამყიდველის და მყიდველის სარჩელები) და დადგინდა მათი ერთად განხილვა (ტ.1, ს.ფ.224-225).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს და მეორე მოპასუხეს დაეკისრათ 7 369,6 ლარის ანაზღაურება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეორე სარჩელიც. მეორე სარჩელში მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა 25.07 მ3, 3 და 5 სმ-იანი ხის ფიცრები თანაბარი რაოდენობით და გადაეცა მეორე სარჩელში მოსარჩელეს.
9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხოლოდ სარჩელის მოპასუხეებმა 7 369,6 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2018წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი 7369.6 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ:
10.1.1. 01.05.2014წ. დამკვეთს და შემსრულებელს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა საგანს წარმოადგენდა დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება, კერძოდ, 25-29 ბლოკებში ორსართულიანი ე.წ. "დუპლექსის" ტიპის სახლების მშენებლობა (ტ.1.ს.ფ. 21-27).
10.1.2. 19.09.2014წ. დამკვეთს და შემსრულებელს შორის გაფორმდა შეთანხმება ხის მასალის გაცემის თაობაზე. შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს მათ შორის 01.05.2014წ. პროექტ ახალი დიღომის ბლოკი 25, 26, 27, 28 და 29 მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტი და შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი მისი მარაგის ფარგლებში მიაწვდიდა ხის მასალას შემსრულებელს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალით შეასრულებდა. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მასალის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, სამუშაოები შემსრულებლის მიერ შეძენილი მასალით დასრულდებოდა (ტ.1.ს.ფ. 296-297).
10.1.3. 09.09.2015წ. დამკვეთს და შემსრულებელს შორის გაფორმდა შეთანხმება 01.05.2014წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც 25-ე ბლოკის მშენებლობის ფარგლებში დადასტურებული იქნა შემსრულებლის მიერ 111 753,00 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი (ტ.1.ს.ფ.127).
10.1.4. გამყიდველს (დამკვეთი) და მყიდველს (შემსრულებლი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. კერძოდ: 12.06.2015წ. ხელშეკრულებით შემსრულებელმა დამკვეთისგან შეიძინა 5403.2 ლარის ღირებულების 13.508 მ3 ხის მასალა; 10.07.2015წ. ხელშეკრულებით - 1200 ლარის ღირებულების 3 მ3 ხის მასალა; 03.08.2015წ. ხელშეკრულებით - 820 ლარის ღირებულების 2.05 მ3 ხის მასალა; 13.08.2015წ. ხელშეკრულებით - 800 ლარის ღირებულების 2 მ3 ხის მასალა; 18.08.2015წ. ხელშეკრულებით - 2604 ლარის ღირებულების 6.51 მ3 ხის მასალა; 31.08.2015წ. ხელშეკრულებით - 1456,8 ლარის ღირებულების 3.642 მ3 ხის მასალა; 21.09.2015წ. ხელშეკრულებით - 685,6 ლარის ღირებულების 1,714 მ3 ხის მასალა; 27.10.2015წ. ხელშეკრულებით - 4364 ლარის ღირებულების 10.91 მ3 ხის მასალა; 11.12.2015წ. ხელშეკრულებით 1684 ლარის ღირებულების - 4.21 მ3 ხის მასალა. თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე, მასში მითითებულ ნასყიდობის საგანზე, მხარეებს შორის გაფორმდა ხის მასალის მიღება-ჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე დამკვეთს შემსრულებლისთვის უნდა მიეწოდებინა ჯამში 47,54 მ3 ხის მასალა, რისთვისაც ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა 19 017,6 ლარი.
10.1.5. მყიდველს გამყიდველისთვის გადახდილი აქვს 29.12 მ3 ხის მასალის ღირებულება 11 648,00 ლარის ოდენობით (ამ ფაქტობრივ მოცემულობას ორივე მხარე ადასტურებს).
10.1.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ 03.08.2015წ. და 13.08.2015წ. ხის ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანი, ჯამში 4,05მ3 ხის მასალა, 26-ე ბლოკის მშენებლობაზე გაიხარჯა. გადაწყვეტილება დამკვეთის (გამყიდველის) უკანონო მფლობელობიდან 25.07 მ3 ხის მასალის გამოთხოვის და მისი შემსრულებლისთვის (მყიდველისთვის) გადაცემის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
10.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გამორიცხავდა მოპასუხეებისთვის გამყიდველის სასარგებლოდ 7 369,39 ლარის დაკისრებას. ააღნიშნული მართებული და საფუძვლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ცხრავე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯამში 47,54 მ3, ხის მასალის გადაცემის შესახებ, რომლის მთლიანი ღირებულებაც შეადგენდა 19 017,6 ლარს. ამ ოდენობით ხის მასალა გამყიდველს (დამკვეთი) მყიდველისათვის (შემსრულებელი) არ გადაუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველს არ დაეკისრებოდა მყიდველისთვის 25,07 მ3 ხის მასალის გადაცემა, რა ნაწილშიც გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
10.3. დამკვეთი 03.08.2015წ. და 13.08.2015წ. ხელშეკრულებების საგნის - 4.05 მ3 ხის მასალის და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით გათვალისწინებული 25.07 მ3 ხის მასალის გარდა შემსრულებლისთვის დამატებით სხვა მასალის გადაცემის დასადასტურებლად მიუთითებდა მიღება-ჩაბარების აქტებზე და იმ გარემოებაზე, რომ შემსრულებელს შეძენილი მასალა 01.05.2014წ. გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისთვის უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა და ყურადღება მიაპყრო მხარეებს შორის 19.09.2014წ. გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლითაც მათ დაადასტურეს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები და შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი სამუშაოებს დამკვეთის მიერ მიწოდებული ხის მასალით უზრუნველყოფდა, იმ შემთხვევაში კი, თუ დამკვეთის ხის მასალის მარაგი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა სამუშაოების დასასრულებლად, საჭირო რაოდენობის მასალას თავად შემსრულებელი შეიძენდა. ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის ხის მასალის ნასყიდობის შესახებ ცხრა ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც მხარეებმა მხოლოდ ორ მათგანში, 03.08.2015წ. და 13.08.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებებში მიუთითეს, რომ ჯამში 4.05 მ3 ხის მასალა, შემსრულებელს 26-ე კორპუსის სახურავის სამხრეთ ნაწილის შესაფიცრად უნდა გამოეყენებინა. ამრიგად, არ იქნა გაზიარებული მსჯელობა, რომ აპელანტს ხის მასალა ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე დადებული 01.05.2014წ. ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის უნდა გამოეყენებინა. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, გაუგებარია, ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე, რატომ გაფორმდა მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმება დამკვეთის ხის მასალის მარაგით სამუშაოების შესრულების და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შემსრულებლის მიერ შეძენილი მასალით სამუშაოების შესრულების შესახებ. ამასთან, ცხრა ხელშეკრულებიდან მხოლოდ ორ ხელშეკრულებში სპეციალურად რატომ მიეთითა ნასყიდობის საგნის კონკრეტული მიზნობრიობით გამოყენების შესახებ, თუკი ასეთი წესი მხარეებს შორის ისედაც არსებობდა.
10.4. რაც შეეხება ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტებით სადავო ხის მასალის შემძენისთვის გადაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილზე, რომლითაც დადგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულის საწინააღმდეგო გარემოებები. დადასტურებულად მიჩნეული იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ: 1. მყიდველისთვის (შემსრულებელი) ნასყიდობის საგნის მიწოდება დამკვეთის (გამყიდველი) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხდებოდა და მყიდველის სასარგებლოდ ტრანსპორტირება არ განხორციელებულა; 2. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით შემსრულებელს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, როგორც წესი, დამკვეთის მიერ მიწოდებული ხის მასალით უნდა შეესრულებინა; 3. 19.09.2014წ. შეთანხმების შემდეგ მხარეებს შორის გაფორმებული ცხრა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მხოლოდ ორ მათგანშია მითითებული შეძენილი ხის მასალებით, ჯამში 4.05 მ3, ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (26-ე კორპუსის ჭერის შეფიცვრა) შესრულების შესახებ; 4. მყიდველის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომლითაც ის გამყიდველის უკანონო მფლობელობიდან 29.12 მ3 ხის მასალის გამოთხოვას და მისთვის გადაცემას მოითხოვდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით 03.08.2015წ. და 13.08.2015წ. ხელშეკრულებებით განკარგული 4.05 მ3 ხის მასალის გარდა, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილია 25.07 მ3 ხის მასალის გამყიდველის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მყიდველისთვის გადაცემა, - პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხის მასალის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის 25.07 მ3 და 4.05 მ3 ხის მასალის გარდა, დამატებით 18.37 მ3 ხის მასალის გადაცემა არ დასტურდებოდა, აღნიშნული კი გამორიცხავდა სადავო თანხის 7 369,6 ლარის დაკისრებას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავდაპირველმა მოსარჩელემ (გამყიდველმა) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის 7 369,6 ლარის ნაწილში დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
11.1 სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის ვალდებულების წარმოშობა დაუკავშირა ფაქტობრივ საფუძველს - ხის მასალის გადაცემას, ანუ სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია რეალურ ხელშეკრულებად, რომელიც დადებულად ითვლება მხოლოდ ხელშეკრულების საგნის მყიდველზე გადაცემის შემდეგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ნათლად მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების კონსესუალურ ხასიათზე და მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას უკავშირებს ხელშეკრულების დადების ფაქტს. მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის გადაცემის ფაქტის შედავება და გადაცემის ფაქტის დადასტურებისთვის სასამართლოს მიერ მიღება-ჩაბარების აქტების და ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არასაკმარისად მიჩნევა, არ ცვლის უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულების კონსენსუალურ ხასიათს.
11.2. სასამართლომ უგულვებელყო ხელშეკრულების არსებითი პირობები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მიწოდებული ხის მასალის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7, ხოლო რიგ შემთხვევებში - 5 დღეში. შესაბამისად, გამყიდველს სრული უფლება ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისთანავე მოეთხოვა მყიდველისათვის ვალდებულების შესრულება.
11.3. დამოუკიდებლად მსჯელობის და შეფასების საგანს წარმოადგენს გაყიდული ხის მასალის ნაწილობრივ მიწოდება (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა 4.05 მ3 ხის მასალის მიწოდების ფაქტი, რაც შესულია კანონიერ ძალაში). ეს გარემოება გავლენას ვერ მოახდენს ძირითად მოთხოვნებზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მყიდველის მეორადი მოთხოვნის უფლება, რაც არსებით გავლენას ვერ მოახდენს ნასყიდობის კონსენსუალურ და სასყიდლიან ბუნებაზე.
11.4. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგინდა მყიდველისათვის 4.05 მ3 ხის მასალის გადაცემა და გამყიდველს დაევალა დამატებით 25,07 მ3 მასალის მყიდველისათვის მიწოდება, რაც ჯამში შეადგენს 29,12 მ3-ს. შესაბამისად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გაყიდული ხის მასალის ჯამური მოცულობიდან დარჩენილია 18,424 მ3 და არა 18.37 მ3 მასალა, რაც შეცდომით დაადგინა სააპელაციო სასამართლომ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.12.2019წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ემუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნ–ების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნ–ები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნ–ის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნ–ების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნ–ების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ს მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ. 08.02.2019წ., საქმეზე №ას- 1163-2018).
17. სსსკ-ის მე-4 მუხლით მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) . ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (იხ.: სუსგ №ას-722-2019, 29.11.2019წ.).
19. გამყიდველის სარჩელი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ მან სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა - სრულად გადასცა ხის მასალა მყიდველს, ხოლო მყიდველმა სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-20). იგი თავად უთითებს, რომ მყიდველს ...“გადაეცა ჯამურად 19 017.6 ლარის ღირებულების ხის მასალა,“... მყიდველმა კი „ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა 11 648 ლარის ოდენობით“ და „...გადასახდელი აქვს 7 369,6 ლარი“ (ტ.1, ს.ფ.10). თავის მხრივ, სარჩელისაგან თავის დასაცავად წარდგენილ შესაგებელში (ტ.1, ს.ფ.140-149), ისევე როგორც მოგვიანებით აღძრულ სარჩელში (ტ.2, ს.ფ.1-18), მყიდველმა მიუთითა გამყიდველის სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებაზე - გამყიდველს არათუ სრულად, არამედ ნაყიდი ხის მასალის ის ნაწილიც კი არ ჰქონდა მიწოდებული, რომლის ღირებულებაც უკვე გადახდილი იყო. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მყიდველმა სარჩელით მოითხოვა გამყიდველის მფლობელობიდან იმ 29.12 მ3 ხის მასალის გამოთხოვა, რომლის ღირებულებაც მის მიერ იყო გადახდილი (ტ.2, ს.ფ.8). თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველის უკანონო მფლობელობაში იმყოფებოდა მყიდველისათვის გადასაცემი 25,07 მ3 3 და 5 სმ-იანი ხის ფიცრები. სასამართლომ არ გაიზიარა გამყიდველის ახსნა-განმარტება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის გადაცემის ფაქტი. სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველს შეძენილი საქონელი არ ჰქონდა გატანილი გამყიდველის ტერიტორიიდან და ისევ გამყიდველის მფლობელობაში იმყოფებოდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.11.2018წ. გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი, ტ.1, ს.ფ.359-361). რაც შეეხება 03.08.2015წ. და 13.08.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანს - 2,05 მ3 და 2 მ3 ხის მასალას, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 4.05 მ3 ხის მასალა მყიდველმა მიიღო და გახარჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მყიდველის სარჩელის დაკმაყოფილების და გამყიდველის უკანონო მფლობელობიდან 25,07 მ3 ხის მასალის გამოთხოვის ნაწილში გამყიდველის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და შესულია კანონიერ ძალაში.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი ( იხ.: სუსგ-ებები: №ას-827-791-2014, 13.11.2015; №ას-58-56-2016, 26.02.2016წ.; №ას-323-2019, 05.06.2019წ.).
მოცემულ შემთხვევაში, ერთ წარმოებად გაერთიანდა როგორც გამყიდველის, ისე მყიდველის სარჩელი და გადაწყვეტილების ძირითადი ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, არ არსებობს ამ ფაქტების არსებობა-არარსებობაზე თავიდან მსჯელობის საფუძველი.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
21. რაც შეეხება კასატორის მითითებას არითმეტიკულ შეცდომაზე (რომ 47,54 - 29,12 = 18,42 და არა 18,37 (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ.133; იხ.: საკასაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ.149)), პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და არ წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 368.48 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 368.48 ლარის (ელექტრონული საგადახდო დავალება N5299, რეფერენს ნომერი: 8767297056; გადახდის თარიღი 04.12.2019წ.) 70% – 257,93 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე,284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.დ–ში“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ს.დ–ში“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 368.48 ლარის (ელექტრონული საგადახდო დავალება N5299, რეფერენს ნომერი: ....; გადახდის თარიღი 04.12.2019წ.) 70% – 257,93 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი