№ას-75-2020 15 მაისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორები - მ.ჩ–ი, მ.ჩ–ი (მოსარჩელეები)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ.თ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ჩ–მა და მ.ჩ–მა (შემდეგში ტექსტში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს ქ.თ–ის (შემდეგში ტექსტში „მოპასუხე“) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
2. გორის რაიონული სასამართლოს 11.09.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ, 19.01.2017წ. გაცემული №170053682 სააღსრულებო ფურცელი. მასში შევიდა შესაბამისი ცვლილება, კერძოდ: სესხის ძირი თანხა შემცირდა 9465 აშშ დოლარამდე, ხოლო პირგასამტეხლო შემცირდა - 344.53 აშშ დოლარამდე. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2019წ. გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი), კერძოდ, შევიდა ცვლილება ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ 19.01.2017წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 7773.00 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში - 2829.40 აშშ დოლარით.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს, როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2020 წლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე დღეს მიღებულ იქნა ასევე განჩინება მოსარჩელეების საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.
6. 09.03.2020წ., ანუ I საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე და II საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, მხარეებმა სასამართლოს მომართეს შუამდგომლობით მორიგების დამტკიცების თაობაზე და წარმოადგინეს მორიგების აქტი. დაზუსტებული მორიგების აქტი წარმოდგენილ იქნა 07.05.2020წ.., რომელიც ხელმოწერილია, ერთი მხრივ, მოსარჩელეების წარმომადგენლის თ.ტ–ძის (იხ. მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტ.1, ს.ფ 36, 37), ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ მოპასუხის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
8. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-2-2019, 30 იანვარი, 2019 წელი).
ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა (იხ.: თ.მ–ი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18). მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თ.მ–ი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.25).
10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს I საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე და II საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, ანუ საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, მ.ჩ–ს, მ.ჩ–სა ((მოსარჩელეები) წარმომადგენელი თ.ტ–ძე) და, მეორე მხრივ, ქ.თ–ს (მოპასუხე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. მ.ჩ–ი იღებს ვალდებულებას 07.10.2014წ. №141101349 სესხის და იპოთეკის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც 19.01.2017წ. ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი №170053682, ქ.თ–ს გადაუხადოს 14 500 (თოთხმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი, რაც მოიცავს აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა თანხას.
1.2. ქ.თ–ი თანახმაა 07.10.2014წ. №141101349 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 19.01.2017წ. №170053682 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მ.ჩ–ისაგან მიიღოს 14 500 (თოთხმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.
1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს მიერ 16.05.2017წ. განჩინებით (საქმე№12/36-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: 19.01.2017წ. №170053682 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A17009294-ის შეჩერების შესახებ და განახლდეს აღნიშნული სააღსრულებო წარმოება.
1.4. მხარეები თანხმდებიან, რომ სააღსრულებო წარმოების განახლებიდან 6 თვის ვადაში ნებაყოფლობით სრულად უნდა დაიფაროს მ.ჩ–ის ვალდებულება ქ.თ–ის მიმართ - 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ.
1.5. მხარეები, მათ შორის მ.ჩ–იც, თანახმანი არიან, რომ მ.ჩ–ის მიერ 6 თვის ვადაში 14 500 აშშ დოლარის არდაფარვის შემთხვევაში დაიწყოს იძულებითი აღსრულება აღნიშნული თანხის ამოსაღებად, რისთვისაც განხორციელდეს 07.10.2014წ. №141101349 ხელშეკრულებით და 19.01.2017წ. №170053682 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის - იპოთეკის საგნის, (უძრავი ქონების) მდებარე მისამართზე: ქ. გორი, ......, მიწის (უძრავის ქონების) ს/კ #....., რეალიზაცია.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-75-2020.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. მ.ჩ–სა (პირადი ნომერი:.....) და მ.ჩ–ს (პირადი ნომერი:.....), უკან დაუბრუნდეთ მ.ჩ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 287.18 ლარის (გადახდის დღეს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) ოდენობით (საგადახდო დავალება #3, გადახდის თარიღი: 17.02.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
6. ქ.თ–ს (პირადი ნომერი: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 443 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 17.02.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი