Facebook Twitter

საქმე №ას-1799-2019 27 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ჯ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს „ს–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ.ჯ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შპს „ს–ის“ (შემდეგში ტექსტში ცალ-ცალკე მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე", "მეორე მოპასუხე" ან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 22.11.2018წ. შეთანხმების, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 11.12.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე 07.05.2018წ. დაინიშნა მეორე მოპასუხის დირექტორად და მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. მინისტრის 11.12.2018წ. N423/კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის 22.11.2018წ. გაფორმებული შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

2.2. 22.11.2018წ. გაფორმებული შეთანხმება არ წარმოადგენს მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგს, რის თაობაზეც მან 2018 წლის 26 და 27 ნოემბერს მიმართა მინისტრს და მოითხოვა შეთანხმების გაუქმება. აღნიშნულ წერილებზე მოსარჩელეს პირველი მოპასუხისაგან პასუხი არ მიუღია და იგი 11.12.2018წ. ბრძანებით გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 22.11.2018წ. გაფორმებული შეთანხმება იყო მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგი. მოსარჩელემ 26.11.2018წ. მოითხოვა უშუალოდ მინისტრთან შეხვედრა, თუმცა მინისტრის გრაფიკი არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას, რის თაობაზეც ეცნობა მოსარჩელეს. 27.11.2018წ. მოსარჩელემ კვლავ მიმართა სამინისტროს, აღწერა მეორე მოპასუხეში არსებული ვითარება და განმარტა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმებულიყო შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ან გამოცემულიყო ბრძანება მისი გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ.

3.2. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მასზე რაიმე სახის ზემოქმედების ფაქტს. ამასთან, პირველი მოპასუხე მაშინაც იქნებოდა უფლებამოსილი გაეთავისუფლებინა მოსარჩელე მეორე მოპასუხის დირექტორის თანამდებობიდან, თუ ის აღნიშნულის თაობაზე ნებას არ გამოავლენდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მეორე მოპასუხე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით 22.10.1999წ. დაფუძნებული მეწარმე სუბიექტია.

4.2. საქართველოს პრეზიდენტის 15.03.2013წ. განკარგულებით მეორე მოპასუხის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, გადაეცა პირველ მოპასუხეს, მისი არსებობის ვადით (ტ.I, ს.ფ.95-102).

4.3. მოსარჩელე 2017 წლიდან დასაქმებული იყო პირველი მოპასუხის აპარატის უფროსად, ხოლო მინისტრის 07.05.2018წ. ბრძანებით დაინიშნა მეორე მოპასუხის დირექტორად.

4.4. 07.05.2018წ. ბრძანების საფუძველზე პირველ მოპასუხეს, როგორც საზოგადოების პარტნიორსა და მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების დირექტორს შორის, დაიდო ,,შრომითი ხელშეკრულება’’ N5, რომლითაც დარეგულირდა მხარეთა უფლება-მოვალეობები.

4.5. ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა დირექტორის მოვალეობები. 2.1 პუნქტის ,,მ.ე’’ ქვეპუნქტით დირექტორს ევალებოდა შესაბამისი ბიზნეს-გეგმის, პროექტებისა და წინადადებების მომზადება საზოგადოების მართვის გაუმჯობესების მიზნით.

4.6. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრა მე-9 პუნქტით, რომლის ,,ა’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დირექტორის პირადი განცხადება.

4.7. 08.11.2018წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მინისტრს და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

4.8. 08.11.2018წ. განცხადებასთან დაკავშირებით, 12.11.2018წ. მინისტრის მოადგილის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, სამინისტრომ გამოთქვა თანხმობა მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე. განცხადების მიღებიდან უკვე გასული დღეების გათვალისწინებით და საწარმოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაბამისი ბრძანების მიღების დღიდან.

4.9. 22.11.2018წ. პირველ მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის დაიდო შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომელშიც მიეთითა, რომ მოსარჩელის 08.11.2018წ. პირადი განცხადების და მინისტრის მოადგილის 12.11.2018წ. მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტილიყო 07.05.2018 გაფორმებული N5 შრომითი ხელშეკრულება. მხარეები გათავისუფლდნენ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

4.10. შეთანხმების საფუძველზე, 11.12.2018წ. პირველმა მოპასუხემ გამოსცა ბრძანება N423/კ, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა მეორე მოპასუხის დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად თანამდებობაზე დაინიშნა თ.ტ–ი.

4.11. მოსარჩელემ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე და ახალი დირექტორის დანიშვნამდე განცხადებით მიმართა მინისტრს და განმარტა, რომ 08.11.2018წ. განცხადებაში გამოვლენილი ნება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას. მოსარჩელემ მოითხოვა ბრძანების გამოცემამდე მინისტრს შეესწავლა წერილში მითითებული გარემოებები. არ იყო გამორიცხული, მინისტრისთვის მიეწოდებინათ არასწორი ინფორმაცია. მოსარჩელისთვის გაუგებარი იყო ბოლო ერთი თვის მანძილზე მინისტრის დაჟინებული მოთხოვნა, ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე დაეტოვებინა დირექტორის თანამდებობა. 27.11.2018წ. მოსარჩელემ დამატებით მიმართა მინისტრს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა იძულების ფაქტს. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს ევალება, სულ მცირე, მიუთითოს იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც შეუქმნის სასამართლოს რწმენას პირის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობასთან მიმართებით. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა-შეფასების შედეგად არ შეექმნა რწმენა მოსარჩელის ნებაზე ზეგავლენის თაობაზე, რამეთუ არ დადასტურდა, უშუალოდ ვინ განახორციელა მასზე იძულება და რა ფორმით. საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც უარყვეს მოსარჩელის იძულების ფაქტი. მოწმე შ.გ–ძის განმარტებით, მოსარჩელის ნებას წარმოადგენდა დაკავებული თანამდებობიდან წასვლა, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, სამინისტრო უფლებამოსილი იყო ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე გაეთავისუფლებინა იგი დაკავებული თანამდებობიდან. მოწმე ი.შ–ძის განმარტებით, მისთვის იძულების ფაქტთან დაკავშირებით ცნობილი არ არის და პირადად მას მოსარჩელესთან მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შეხება.

4.12. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ შეიზღუდება საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორის უფლება, მოახდინოს საწარმოს დირექტორის ცვლილება. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ეფუძნება არა შრომით-სამართლებრივ, არამედ დავალების ხელშეკრულების ნორმებს (ე.წ. „სასამსახურე ხელშეკრულება“), რაც პარტნიორს ნებისმიერ შემთხვევაში ანიჭებს შესაძლებლობას დირექტორთან შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით პირველი მოპასუხე უფლებამოსილი იყო დირექტორთან შეეწყვიტა ხელშეკრულება.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.06.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის 27.11.2018წ. წერილი ადასტურებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. სასამართლომ ვერ ამოიკითხა წერილის ის შინაარსი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ ასეთი ნება მოსარჩელეს არ ჰქონია. წერილში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 08 ნოემბერს იგი იძულებული იყო მიემართა პირველი მოპასუხისთვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა 26.11.2018წ. წერილი, საიდანაც ნათლად ჩანს არა მხოლოდ ნების გამოვლენის იძულების ფაქტი, არამედ ამ იძულების საფუძვლებიც. შესაძლოა მინისტრს მოსარჩელეზე და მის საქმიანობაზე მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან მოსარჩელისთვის სავსებით გაუგებარი იყო ბოლო ერთი თვის მანძილზე მინისტრის დაჟინებული მოთხოვნა, ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე დაეტოვებინა დირექტორის თანამდებობა (მოსარჩელეზე ზეწოლის ფაქტი). მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა 26.11.2018წ. წერილი.

6.2. რაც შეეხება 27.11.2018წ. წერილში ჩამოყალიბებულ ალტერნატიულ მოთხოვნას, გაუქმებულიყო შეთანხმება ან გამოცემულიყო ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე, ასეთი მოთხოვნა განპირობებული იყო საზოგადოებაში არსებული პრობლემების სწრაფად გადაჭრის აუცილებლობით და ნათლად მიუთითებს კასატორის მაღალ პროფესიონალიზმზე და კეთილსინდისიერებაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოცის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის და მისი დირექტორის ურთიერთობის შეწყვეტის (დირექტორის გათავისუფლების) კანონიერება. საუბარია სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე (შემდეგში შპს), რომლის წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, გადაცემული აქვს პირველ მოპასუხეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე იყო ნების ნაკლის მქონე, რამეთუ შეესაბამებოდა არა თავის (ანუ დირექტორის) ნებას, არამედ პირველი მოპასუხის (ანუ პარტნიორის უფლება-მოვალეობების განმახორციელებელი სამინისტროს) ნებას. კასატორი ზეწოლის ფაქტად უთითებს ერთი თვის განმავლობაში მის მიმართ დაჟინებულ მოთხოვნას თანამდებობის დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გადამწყვეტია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხი, რამეთუ შრომის კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევაში დასაქმებული სარგებლობს დაცვის სპეციალური მექანიზმებით, სხვა შემთხვევაში კი - არა.

საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015წ., 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

შესაბამისად, სამართლებრივად არ აქვს მნიშვნელობა საწარმოსა და დირექტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების სათაურს. მათ შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. შპს-სა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებით ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).

რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მას ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (სუსგ №ას-1337-2019 , 02.03.2020წ.).

ამდენად, დირექტორი არ წარმოდგენს ჩვეულებრივ დასაქმებულ პირს და შესაბამისად, შრომის კანონმდებლობით დასაქმებულთა დაცვის მიზნით დადგენილი ნორმები დირექტორის მიმათ არ მოქმედებს (დაწვრილებით იხ.: ლაშა ცერცვაძე, დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას. სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2015წ., გვ.65.)

12. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაიმე საფუძვლის, მოტივისა და მიზეზის მითითების გარეშე გაანთავისუფლონ დირექტორი თანამდებობიდან (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებით ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12). უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კანონის 91.6 მუხლის “ე“ ქვეპუნქტით. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.; შდრ. მსგავს საქმეებზე სუსგ-ები: №ას-302-287-2016, 15.07.2016წ.; №ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე 100% წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედებოდა მოსარჩელის ნება თუ თავად პარტნიორის ნება, სამართლებრივად არ არის რელევანტური, ვერ შეცვლის საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების საკითხს.

13. დავის სამართლებრივ მოწესრიგებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოპასუხე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენს სახელმწიფო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცემა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გამოსცემს არა როგორც ადმინისტრაციული ორგანო მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, არამედ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი - სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი. შესაბამისად, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი (ბრძანება) თავისი არსით განეკუთვნება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მიღებულ პარტნიორის გადაწყვეტილებას სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ანუ სახეზეა კერძოსამართლებრივი და არა საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სუსგ №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 8906549398, გადახდის თარიღი 06.01.2020წ.) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. თ.ჯ–ას (პ/ნ:……) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 8906549398, გადახდის თარიღი 06.01.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი