Facebook Twitter

საქმე №ას-285-2020 27 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე.ბ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ი.ზ–ის, ვ.ხ–ძის და ი.ბ–ის სარჩელის გამო, ზ.ჩ–ის, მ.ჯ–ძის, ზ.ბ–ძისა და ე.ბ–ძის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 8 მაისს განსახილველად გადმოეცა ე.ბ–ძის საკასაციო საჩივარი ი.ზ–ის, ვ.ხ–ძის და ი.ბ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

2020 წლის 11 მაისის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2020 წლის 21 მაისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ე.ბ–ძის წარმომადგენელმა - ა.ლ–ამ (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.150-151) და მოითხოვა საქმეზე №ას-285-2020 წარმოების შეწყვეტა, იმ საფუძვლით, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი), ე.ბ–ძე უარს ამბობდა სარჩელზე.

სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ ა.ლ–ას, რომელმაც დააზუსტა, რომ განცხდებაში დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა და კასატორი უარს ამბობდა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე და არა სარჩელზე. ამასთან ა.ლ–ამ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ და სურდა საქმეზე წარმოების შეწყვეტა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

2020 წლის 25 მაისს ე.ბ–ძის წარმომადგენელმა ა.ლ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამარლო, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.ბ–ძის წარმომადგენელ ა.ლ–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ბ–ძის წარმომადგენელ ა.ლ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ე.ბ–ძის საკასაციო საჩივარზე ი.ზ–ის, ვ.ხ–ძის და ი.ბ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე