Facebook Twitter

საქმე №ას-102-2020

19 მაისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები: ი.ს–ძე, ლ.ს–ძე, ა.ს–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე ა.ს–ი, ი.ს– და ვ.ს–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება და სარჩოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ს–მა, ი.ს–მა და ვ.ს–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი.ს–ძის, ლ.ს–ძისა და ა.ს–ძის მიმართ დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისა და სარჩოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ი.ს–ძეს, ლ.ს–ძესა და ა.ს–ძეს დაეკისრათ ა.ს–ის სასარგებლოდ 7690,13 აშშ დოლარისა და 1328,5 ლარის გადახდა, ასევე თვალის ოპერაციისათვის საჭირო 16300 აშშ დოლარი, ასევე დაეკისრათ სარჩო 90 ლარის ოდენობით ყოველთვიურად ვ.ს–ის სრულწლოვანების დღიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე და მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში (14583 აშშ დოლარი).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ს–ძის კანონიერი წარმომადგენლების ლ.ს–ძის და ა.ს–ძის სააპელაციო საჩივარი, ასევე ა.ს–ის კანონიერი წარმომადგენლების ი.ს–ს და ვ.ს–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ი.ს–ძის, ლ.ს–ძის და ა.ს–ძისათვის ა.ს–ის სასარგებლოდ 7690.13 აშშ დოლარის და 318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო - 16300 აშშ დოლარის, სარჩოს - 90 ლარის, მორალური ზიანის - 3000 ლარის დაკისრებისა ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 ნაწილები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ს–ის კანონიერი წარმომადგენლების ი.ს–ის და ვ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.ს–ძეს ა.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა: მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩელის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ა.ს–ის შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარისა და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ს–ძემ, ლ.ს–ძემ და ა.ს–ძემ, რომლებიც მოითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამისი მოცულობის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ს–ძის, ლ.ს–ძის და ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამისი მოცულობის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და .

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება კასატორების წარმომადგენელს პ.ბ–ძეს გაეგზავნა 2020 წლის 10 მარტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა პირადად წარმომადგენელს 2020 წლის 12 მარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 13 მარტიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 22 მარტს, მაგრამ ვინაიდან 22 მარტი იყო არასამუშაო - კვირა დღე, სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღედ ჩაითვლება 22 მარტის მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ანუ 2020 წლის 23 მარტი - ორშაბათი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ი.ს–ძის, ლ.ს–ძისა და ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე