საქმე №ას-229-2020
12 მარტი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი ვ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე ლ.ბ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
აღწერილობითი ნაწილი:
ვ.დ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ბ–ას მიმართ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 01 აგვისტოს ვ.დ–ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ვ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.დ–ძემ წარმოადგინა განცხადება, რომელიც შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, როგორც კერძო საჩივარი 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხის ხელახლა განხილვის მოთხოვნით.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით კასატორს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და დასკვნები და ჩათვალა, რომ არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
საკასაციო პალატის დასკვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით დადგენილია კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების სავალდებულო ძალა, რაც მოიაზრებს კერძო საჩივრის განხილვის საგანზე საქმის წარმოების დასრულებასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანას, აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას კანონშეუსაბამოდ მიაჩნია იმ სასამართლო აქტის გადასინჯვა, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით და სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც ვ.დ–ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე 401-ე, 419-ე მუხლებით და
დაადგინა:
1.ვ.დ–ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე