საქმე №ას-248-2020
6 მაისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ.ჯ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით სს „მ.ე.კ–ის“ (შემდგომ –საარბიტრაჟო მოსარჩელე) განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, გ.ჯ–ას (შემდგომ – საარბიტრაჟო მოპასუხე, თავდები) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ორი უძრავი ნივთის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.
განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საარბიტრაჟო მოპასუხემ (თავდებმა) შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
3. საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაცულია მხოლოდ მოსარჩელის ინეტერსები, ხოლო მოპასუხის უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეულია. წინამდებარე განჩინებით შეილახა საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 191-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას.
აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
6. მოცემულ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიას“ 2019 წლის 11 თებერვლის დადგენილებით დასტურდება, რომ წარმოებაში იქნა მიღებული საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელი საარბიტრაჟო მოპასუხეების მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ე.ი აღძრულია მიკუთვნებითი სარჩელი, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის (მიზანი) დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ანდა სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება.
7. განმცხადებელი უთითებს, რომ მოვალე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ერიცხება დავალიანება, რომელმაც განცხადების წარდგენის მომენტში, განცხადებაზე თანდართული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, შეადგინა 19 291.43 ლარი.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური და თანაზომიერია დავის საგანთან და უზრუნველყოფს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსს.
9. შესაბამისად, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად უნდა გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11.უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის, 35613 (1) მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 35618 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე საქმეზე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, ისე - ამ ღონისძიების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა ექვემდებარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელ წესებს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და მხარეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.
14. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.
15. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
16. აღნიშნულ საკითხთა დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
17. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ. 2005, 299.)
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
20. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.
21. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. (სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.) მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.)
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).
24. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება.
25. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხეს აეკრძალოს საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში საარბიტრაჟო მოსარჩელე გამოთქვამს ვარაუდს დავის განხილვის დასრულებამდე საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ ქონების შესაძლო გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი ითვალისწინებს იმ წინაპირობათა ჩამონათვალს, როდესაც საჭიროა სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) დაცვის ქმედითი ღონისძიების გატარება, რათა მართლმსაჯულების განხორციელებამ არ დაკარგოს ის სამართლებრივი ეფექტი, რაც პირის დარღვეული უფლების აღდგენაში ვლინდება.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მოპასუხის დავალიანება განცხადების წარდგენის მომენტისთვის შეადგენდა 19 291.43 ლარს და აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილებისას გადაწყვეტილების აღსრულება, მოპასუხის მხრიდან თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე უარის შემთხვევაში, იძულებით აღსრულებაზე იქნება დამოკიდებული. საკასაციო პალატის დასკვნით გასაჩივრებული უზრუნველყოფის ღონისძიება, სწორედ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გარანტიებს წარმოქმნის და ამ ნიშნით სამართლებრივად მართებულ აკრძალვას წარმოადგენს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საფუძვლიანია და სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის როგორც 191-ე (1), ისე - 198-ე (2) მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივრი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ მსჯელობას, რაც გასაჩვრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ.ჯ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის და 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე