Facebook Twitter

საქმე №ას-248-2020

6 მაისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

აღწერილობითი ნაწილი:

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით სს „მ.ე.კ–ის“ (შემდგომ –საარბიტრაჟო მოსარჩელე) განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, გ.ჯ–ას (შემდგომ – საარბიტრაჟო მოპასუხე, თავდები) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საარბიტრაჟო მოპასუხემ მ.კ–ძემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

2. საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაცულია მხოლოდ მოსარჩელის ინეტერსები, ხოლო მოპასუხის უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეულია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით მ.კ–ძის საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 35618 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს 191-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოპასუხე გ.ჯ–ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ს/კ #......; ს/კ #...... გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

2019 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა საარბიტრაჟო მოპასუხემ მ.კ–ძემ და მოითხოვა გ.ჯ–ას მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. ე.ი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლის მიმართ არ არის გამოყენებული ზემოაღნიშნული ღონისძიება. პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ არის დასაშვები.

შესაბამისად, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გდაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებელია ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესი.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გამორკვევა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია თუ არა დაუშვებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის“ თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

თავად სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ. 2005, 299.)

განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით მხოლოდ მოპასუხე გ.ჯ–ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ს/კ #.....; ს/კ #..... გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, გირავნობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

უშუალოდ საჩივრის ავტორის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო პალატა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი საჩივრი შეტანილია არა იმ მხარის მიერ ვის უფლებებსა და ინტერესებსაც შეეხება გასაჩივრებული განჩინება. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დაკავშირებული საჩივრის ავტორის საკუთრების უფლებასთან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ ყადაღა დადებული უძრავი ქონებები არც თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მ.კ–ძის სახელზე.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორი არ არის გასაჩივრებულ განჩინებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.კ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის და 2020 წლის 3 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე