საქმე №ას-46-2020
20 თებერვალი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ც–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1. შეწყდეს შ.ც–ს და ბ.ც–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელის საფუძვლები:
შ.ლ–ი და ბ.ც–ი 2012 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდნენ ქ. პიზაში. 2012 წლის 25 დეკემბერს აპოსტილით დამოწმებული ქორწინების მოწმობის საფუძველზე სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდა შ.ც–ისა და ბ.ც–ის ქორწინება. ქორწინების რეგისტრაციისას შ.ლ–მა შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. 2012 წელს რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ხუთი წლის განმავლობაში დღემდე დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მხარეებს არ აქვთ თანასაკუთრება და არ ყავთ შვილები. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, არ აქვთ ცოლქმრული ურთიერთობა და ფაქტობრივად ქორწინება არის ფორმალური, მოპასუხე ბ.ც–ი უარს აცხადებს მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით.
მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხე ბ.ც–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ბოლო პერიოდში მოსარჩელის ცხოვრების წესიდან გამომდინარე მათი თანაცხოვრება შეწყდა. შ.ლ–ი მოპასუხის გვარზე გადავიდა მისი ნებართვის გარეშე, ასევე დაარეგისტრირა ქორწინება საქართველოში მის გარეშე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ განქორწინების მოთხოვნით თავად მიმართა ქ. პიზის სასამართლოს. მიაჩნია, რომ განქორწინება თავდაპირველად უნდა განხორციელდეს იტალიაში, ქ. პიზაში, რის გამოც აღნიშნული საკითხის განხილვა საქართველოს სასამართლოს მიერ უნდა შეჩერდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა 2012 წლის 25 დეკემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი #....)
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის და სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, და 1127-ე მუხლები გამოიყენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
პალატამ სრულად გაიზიარა ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, 2.4-2.8 პუნქტებში მითითებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8-ე, მე-12-ე, მე-19 მუხლები, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 85-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, 1) პირველი ინსტანციის სასამართლოს, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა შეეჩერებინა, თუ არა მოცემული საქმის წარმოება, იტალიაში, განქორწინების თაობაზე ბ.ც–ის სარჩელის განხილვამდე, 2) საქმის არსებითი განხილვით დაარღვია, თუ არა საპროცესო სამართლის ნორმა და 3) სწორად განმარტა, თუ არა საერთაშორისო კერძო სამართლის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ განქორწინების საკითხებს.
სადავო საკითხებთან მიმართებაში, პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ, აპოსტილით დამოწმებულ მტკიცებულებაზე. კერძოდ, ქ. პიზის სასამართლო უწყების მიხედვით, ბ.ც–ის სარჩელთან დაკავშირებით საქმის განხილვა გადადებულია 2020 წლის 12 თებერვალს.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს, სასამართლოსათვის არ წარუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქართველოს სასამართლოში შ.ც–ის სარჩელის წარდგენამდე (2018 წლის 09 აგვისტო), იტალიის სახელმწიფოში განქორწინების მოთხოვნით ბ.ც–ის სარჩელის წარდგენას, პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ აპელანტის განმარტება ამ ფაქტის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
პალატამ ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ განქორწინების მოთხოვნით, შ.ც–ის სარჩელთან დაკავშირებული დავა, საქართველოს საერთო სასამართლოების ორი ინსტანციაში უკვე დასრულებულია, ხოლო იტალიის სასამართლოში ბ.ც–ის სარჩელის სასამართლო სხდომაზე განხილვა, ჯერ კიდევ დაწყებულიც არ არის.
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, შ.ც–ის სარჩელის არსებითი განხილვით და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის პირობებში საპროცესო ნორმები დარღვეული არ ყოფილა, სწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, რაც გამორიცხავს ბ.ც–ის სააპელაციო მოთხოვნის გაზიარების შესაძლებლობას და მის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების საკითხი უნდა გადაწყვიტოს იტალიის სასამართლომ, ვინაიდან ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა აღნიშნულ ქვეყანაში, სხვაგვარად სამართლებრივი შედეგი არ დადგება და მხარეები განქორწინებულად არ ჩაითვლებიან. 2012 წლის 25 დეკემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ჩანაწერის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, ვინაიდან არანაირი თანხმობა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, არასწორად შეაფასა სსსკ 105-ე მუხლის საფუძველზე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
8.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
შ.ც–ი და ბ.ც–ი 2012 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდნენ იტალიაში, ქ. პიზაში.
იტალიაში, ქ. პიზას მუნიციპალიტეტში, 2012 წლის 26 სექტემბერს #93 აქტით რეგისტრიერბული ქორწინების საფუძველზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაცია (ქორწინების აქტის ჩანაწერი #01201203016).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის #0116000305 აქტის საფუძველზე, შეიცვალა საქმროს ქორწინების შემდეგი გვარი „ლ–ი„ გვარით „ც–ი„.
შ.ც–ი და ბ.ც–ი ერთად აღარ ცხოვრობენ. შ.ც–ი ცხოვრობს საქართველოში, ხოლო ბ.ც–ი იტალიაში, ქ. პიზაში. მხარეებს არ ჰყავთ საერთო შვილები, არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ასევე არ გააჩნიათ საერთო ქონება.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სსკ-ის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული. პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა.
10. საკასაციო საჩივრით სადავოა საქართველოს სასამართლოების კომპეტენცია. კასატორი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების საკითხი უნდა გადაწყვიტოს იტალიის სასამართლომ, ვინაიდან ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა აღნიშნულ ქვეყანაში, სხვაგვარად სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება და მხარეები განქორწინებულად არ ჩაითვლებიან. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ჩანაწერის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, ვინაიდან არანაირი თანხმობა არ ჰქონია მოწინააღმდეგე მხარეს.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ წარმოდგენილ შედავებას და მოიხმობს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონს, რომელშიც სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხებს დათმობილი აქვს მე-8 - მე-20 მუხლები. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
12. ამავე კანონის 12.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება. საკასაციო პალატის დასკვნით, დასახელებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე საქმისწარმოების შეჩერების მოთხოვნა დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის თავდაპირველად საქართველოს სასამართლოებში წარდგენის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერთ-ერთი მეუღლე შ.ც–ი საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.
13. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელე შ.ც–მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განქორწინების თაობაზე სარჩელით მომართა 2018 წლის 09 აგვისტოს, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტებით კი დგინდება, რომ მოპასუხე ბ.ც–მა იმავე მოთხოვნით ქ. პიზის სასამართლოს მიმართა 2018 წლის 30 ოქტომბერს, მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი.
ნათელია, რომ შ.ც–მა განქორწინების მოთხოვნით საქართველოს სასამართლოს მიმართა მოწინააღმდეგე მხარის მიერ იტალიაში ქალაქ პიზის სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე და ამავე გარემოების გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
14. საკასაციო პალატა, 2012 წლის 25 დეკემბერს სსგს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინებასთან (აქტის ჩანაწერი #01201203016) დაკავშირებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება;
სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;
15. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს თუ: საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.
16. 85-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.
17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის #01/389697 წერილის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაციის წესით 2012 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების აქტი შ.ც–სა და ბ.ც–ს შორის. აღნიშნული აქტის რეგისტრაციის საფუძველია იტალიაში, ქ. პიზის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მხარეებს შორის შეწყდა 2012 წლის 25 დეკემბერს სსგს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი #01201203016)
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2012 წლის 25 დეკემბერს განხორციელებული ჩანაწერი წარმოადგენს არა ქორწინების წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძველს, არამედ იტალიაში, ქ. პიზის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების საფუძველზე განხორციელებულ ჩანაწერს.
19. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სსგს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 25 დეკემბერს რეგისტირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის შეწყდა იტალიაში, ქ. პიზის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ბ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.ც–ის დაუბრუნდეს ი.გ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 10/01/2020წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე