Facebook Twitter

საქმე №ას-1806-2019

19 მაისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები ჯ.გ–ა, თ.მ–ა, ბ. მ. გ–ა

მოწინააღმდეგე მხარე შ.მ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

დავის საგანი სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება, ქორწინების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების თანაბარწილად გაყოფა და მეუღლეთა საერთო ქონებაში 1/2 წილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. მ. გ–ამ, ჯ.გ–ამ და თ.მ–ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ.მ–ას და ნოტარიუს გ.მ–ის მიმართ სამკვიდროს მიღების დადასტურების, ქონების გაყოფის, სამკვიდრო მოწმობის გაცემის და ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხე შ.მ–ამ სარჩელი არ ცნო. ნოტარიუსმა გ.მ–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

წინამდებარე დავის ფარგლებში ასევე იხილება შ.მ–ას, ე.მ–ას, თ.მ–ას და მ.მ–ას სარჩელი მოპასუხე ჯ.გ–ას მიმართ, სადაც დავის საგანია მეუღლეთა საერთო ქონებაში ½ წილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, 11.07.2012წ. გარდაცვლილი ო.მ–ას დანაშთ ½ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობების თანაბარ წილად გაცემა პირველი რიგის მემკვიდრეებზე - მეუღლე შ.მ–აზე, ე., თ., მ.მ–ებზე.

მოპასუხე ჯ.გ–ამ სარჩელი არ ცნო. ნოტარიუსმა გ.მ–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ. გ–ას, ჯ.გ–ას და თ.მ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ასევე შ.მ–ას, ე.მ–ას, თ.მ–ას და მ.მ–ას სარჩელი მოპასუხე ჯ.გ–ას მიმართ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. მ. გ–ას, თ.მ–ას და ჯ.გ–ას სააპელაციო საჩივარი, ასევე შ.მ–ას, ე.მ–ას, თ.მ–ას (არასრულწლოვანი) და მ.მ–ას (არასრულწლოვანი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

მოსარჩელეების ბ. მ. გ–ას, ჯ.გ–ას, თ.მ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ო.მ–ასა და შ.მ–ას შორის 2004 წლის 14 ივლისს, N0029848 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. დანარჩენ ნაწილში ბ. მ. გ–ას, ჯ.გ–ას და თ.მ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯ.გ–ამ, თ.მ–ამ და ბ. მ. გ–ამ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განესაზღვრათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება და მის შესაბამისად გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი, ასევე დავალებული ქონდათ წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადმოგზავნა კასატორების მიერ 2020 წლის 9 იანვარს წარდგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განესაზღვრათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება და გადაეხადათ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 20 იანვარს ბ. მ. გ–ას, ჯ.გ–ას და თ.მ–ას წარმომადგენელმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მთლიანობაში საკასაციო საჩივრის ავტორების მიერ გადახდილია 300 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით კასატორებს კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განესაზღვრათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება და გადაეხადათ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი.

2020 წლის 7 თებერვალს უზენაეს სასამართლოში განცხადება შემოიტანა კასატორების წარმომადგენელმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავის საგნის ღირებულების დასადგენად კასატორებმა მიმართეს შპს ,,ე.ა–ს“, თუმცა აუდიტორმა ვერ შეძლო უძრავი ქონების შესაფესება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განესაზღვრათ საკასაციო საჩივრის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება და აღნიშნულის შესაბამისად გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას მესამედ გაურძელდათ საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განესაზღვრათ საკასაციო საჩივრის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება და აღნიშნულის შესაბამისად გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება კასატორების წარმომადგენელს მ.მ–ას გაეგზავნა 2020 წლის 18 თებერვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა პირადად წარმომადგენელს 2020 წლის 25 თებერვალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 26 თებერვლიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 6 მარტს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ, ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მათ უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას დაუბრუნდეთ ჯ.გ–ას მიერ (პ/ნ ......) 2020 წლის 8 იანვარს (საგადახდო დავალება N8913070051) (ჯ.გ–ას, თ.მ–ას და ბ. მ. გ–ას საკასაციო საჩივარზე) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი და 2020 წლის 17 იანვარს (საგადახდო დავალება N8950443345) გადახდილი 100 ლარი, იმავე საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე