Facebook Twitter

საქმე №ას-271-2020

22 მაისის, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი შპს "დ.დ–ი"

მოწინააღმდეგე მხარეი ზ.ც–ძე

გასაჩივრებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ.ც–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ზვიადი ცხადაძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს "დ.დ–ის" მიმართ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

შპს "დ.დ–მა" შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ც–ძის მიმართ ზედმეტად დარიცხული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხემ შეგებებულ სარჩელზე მოთხოვნა არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ზ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შპს "დ.დ–ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს "დ.დ–მა" და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ ზ.ც–ძის სარჩელის 6500 ლარის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს "დ.დ–მა" შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ზ.ც–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 325 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'', ,,გ'', ,,ე'', და ,,ვ'' ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის N1/107 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 28 აპრილს შპს ,,დ.დ–მა“ (ელექტრონული ფოსტით დოკუმენტის გადმოგზავნის თარიღია 2020 წლის 27 აპრილი) წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება ხუთი დღით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 325 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის N1/107 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

ხარვეზის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს შპს ,,დ.დ–ს“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2020 წლის 14 აპრილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დინება დაიწყო კასატორისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2020 წლის 15 აპრილიდან და ამოიწურა 2020 წლის 24 აპრილს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

შპს ,,დ.დ–მა“ განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოადგინა 2020 წლის 28 აპრილს. თავად ელექტრონული ფოსტით დოკუმენტის გადმოგზავნის თარიღია 2020 წლის 27 აპრილი.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადება მხოლოდ 2020 წლის 27 აპრილს გადმოაგზავნა ელექტრონული ფოსტით. აქედან გამომდინარე კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა და შპს ,,დ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,დ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე