№ას-1829-2019
6 მაისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ს–ი, დ.ლ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზ.ს–მა და დ.ლ–ძემ, (შემდგომში - მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში იბა „ს“-ის დამფუძნებლების ი.ბ–ის, მ.ქ–ის, მ.ბ–ის და სს „უ–ის“ (შემდგომში - მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა ი.ბ–მა, მ.ქ–მა და მ.ბ–მა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შპს „უ–მა“ ცნო ნაწილობრივ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ზ.ს–ის და დ.ლ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთობლივი სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ი.ბ–მა, მ.ქ–მა და მ.ბ–მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო საჩივრის ავტორებს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით, დაევალათ ხარვეზის შევსება 7 (შვიდი) დღის ვადაში, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილ პირობებს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2019 წლის 16 აგვისტოს ი.ბ–მა წარადგინა განცხადება, რითაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება გონივრული ვადით.
2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტ ი.ბ–ს განჩინება გაეგზავნა ორჯერ სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლების პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 16 სექტემბრის ხარვეზის განჩინება აპელანტისთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს კურიერის მეორე ვიზიტის თარიღიდან, ანუ 2019 წლის 2 ოქტომბრიდან. პალატამ აღნიშნა, რომ საპროცესო ვადის დინება დაიწყო 3 ოქტომბერს და დასრულდა 7 ოქტომბერს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში აპელანტს დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.ბ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი, განჩინება და უწყება მხარის წარმომადგენელს ბარდებოდა. სააპელაციო სასამართლოს არ უცდია განჩინების ი.ბ–ის წარმომადგენლისთვის ჩაბარება,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იმყოფება შეჭირვებულ მდგომარეობაში და ვერ უზრუნველყოფდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
სააპელაციო პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა მხარეს გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით. ამასთან, მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის საპროცესო შედეგები.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა 2019 წლის 18 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...... ბინა 162), თუმცა ადრესატს ვერ ჩაბარდა.
შპს საქართველოს ფოსტის უკუგზავნილით კურიერის ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის 19 სექტემბერს, 10.40 საათზე ხოლო გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზია ადრესატის მისამართზე არყოფნის ფაქტი.
ი.ბ–ს აღნიშნული განჩინება განმეორებით იმავე მისამართზე გაეგზავნა 2019 წლის 30 სექტემბერს, გზავნილი ადრესატს კვლავ ვერ ჩაბარდა. კურიერის ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის 02 ოქტომბერს 15.43 საათზე ხოლო ჩაუბარებლობის მოტივს კვლავ ადრესატის არყოფნა წარმოადგენს.
საკასაციო პალატის დასკვნით მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილად არ არის დაცული მხარისთვის საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების წესი, რაც გამოიხატა შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ ი.ბ–ის მიმართ ორჯერ გაგზავნილი შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია მხარისათვის ჩაბარებულად და ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ჩამოყალიბებულია ზემოხსენებული საპროცესო ნორმის და საქმეში დაცული საფოსტო უკუგზავნილების ერთობლივი შინაარსის არასრულყოფილი შეფასების შედეგად.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს საქართველოს ფოსტის კურიერის ორივე ვიზიტი განხორციელდა სამუშაო დღეებსა და საათებში (19.09.2019წ, ხუთშაბათი 10:40 წთ; 2.10.2019, ოთხშაბათი 15:43 წთ) ეს გარემოება ბუნებრივად ზრდის იმის ალბათობას, რომ ადრესატი ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი (სსსკ 74-ე მუხლი შესაბამისად) თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე არ იმყოფებოდეს საცხოვრებელ ადგილას და ობიექტური, საპატიო მიზეზით ვერ შეძლოს გზავნილის ჩაბარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საპროცესო საშუალებათა ჩამონათვალს, თუ რა ფორმით შეუძლია სასამართლოს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა, კერძოდ, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. დასახელებული ნორმა არ შეიძლება, განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად შეასრულოს უწყების გაგზავნის წესი, არამედ, სასამართლომ სრულყოფილად უნდა განკარგოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც იძლევა პირის რეალურად ინფორმირების საშუალებას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, სათანადოდ შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს მხარის ინფორმირებას. სწორედ მხარის რეალურ ინფორმირებას ემსახურება სსსკ-ის 73-ე მუხლის 7-ე ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა საპროცესო დოკუმენტების ჩაბარებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების დახმარების შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა.
ამასთანავე ყურადსაღები და უმნიშვნელოვანესია შემდეგი ფაქტები:
სასამართლოში ი.ბ–ის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი ნ.ბ–ძე (იხილეთ მინდობილობა 2-ე ტომი გვ. #3).
2019 წლის 15 ივლისის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება გაეგზავნა და თავის საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, კიტა აბაშიძის #12) ჩაბარდა ი.ბ–ის წარმომადგენელს.
ამასთან თბილისის სააპელაციო სასამართლოს განხილვაშია წინამდებარე საქმეში მონაწილე მხარის სს „უ–ის“ სააპელაციო საჩივარი, რომელზეც დაინიშნა საქმის განხილვა და აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო აქტით კვლავ ნ.ბ–ძეს ეცნობა. (იხ. ტომი III, ს.ფ 71)
საკასაციო პალატის დასკვნით დასახელებული ფაქტები ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ი.ბ–ისთვის წარმომადგენლის მეშვეობით საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებული არ იქნა და ეს გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების არსებითი არგუმენტია.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპი ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის აღნიშნული ჩანაწერი არ არის ფორმალური ხიასიათის და ემსახურება ამ უფლების რეალიზაციას. საპროცესო სამართალი წარმოადგენს რა საქმის განხილვის წესების კოდიფიკაციას, მისი განმარტება უნდა მოხდეს მხარის უფლებათა დაცვის კონტექსტში, კერძოდ, ხელი უნდა შეეწყოს პირს უფლების რეალიზაციაში და არა პირიქით. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს თავად ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომელიც სასამართლო ხელმისაწვდობის ობიექტური და არა ილუზორული გარანტიაა.
საკასაციო პალატის განმარტება ასევე ემყარება ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადებას. ერთ-ერთ საქმეზე ევროსასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები. ამ თვალსაზრისით ევროსასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ. სუსგ-ებები: №ა-2257-შ-73-09, 2 მარტი, 2010 წელი და №ას-214-199-2014, 8 აპრილი, 2015 წელი) და მიიჩნია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან (იხ. ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი # 30459/13). მითითებულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის დარღვევად განიხილა ის, რომ ეროვნული სასამართლოს მხრიდან არც ერთი მცდელობა არ განხორციელებულა - დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად, mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya) აღნიშნული საშუალება ასევე ხელმისაწვდომი იყო სასამართლოსთვის სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დასკვნით სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მიღებისას მხარესთან კომუნიკაციის სტანდარტი სრულყოფილად ვერ იქნა დაცული, შედეგად 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან, აპელანტ ი.ბ–ის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე ი.ბ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე