Facebook Twitter

საქმე №010210016001354350

საქმე №ას-1359-1279-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. თ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. თ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული 0,07%-ის, 8408 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 1 ნოემბერს შპს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო მოპასუხის კუთვნილ ობიექტში დირექტორის თანამდებობაზე. ხელშეკრულება გაფორმდა 6 თვის გამოსაცდელი ვადით და მოქმედებდა 2014 წლის 1 ივნისამდე. მოპასუხე სისტემატურად არ უხდიდა ხელფასს მოსარჩელეს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 476 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში. მუშაობის პერიოდში მას არ მიუღია შრომის ანაზღაურება – 15 141,16 ლარი. ამის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აპელანტს დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა.

7. მოსარჩელის ამჟამინდელი მოთხოვნაა შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის პერიოდში – 476 ლარის, ხოლო მას შემდეგ – 7931 ლარის ოდენობით.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ მხარეებს შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე არ უდავიათ და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ამის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

9. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-268-255-2016 განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუქტებისა და 31-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოსაშობად: „ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი).

11. … სშკ-ის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება.

12. ... სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო პერიოდში მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მოსარჩელის მიერ მიუღებლობა, მისთვის შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნებასთან ვერ გაიგივდება, რადგან, რეალურად, ზემომითითებული დროის მონაკვეთში მოსარჩელე შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების მოცდენის სუბიექტი კი აღარ არის, არამედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დადგენილი თანხის დაყოვნების სუბიექტია და ეს ვითარება მას სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონისმიერი საურავის მიღების უფლებას არ ანიჭებს.“

13. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კანონისმიერი პირგასამტეხლოს მოთხოვნა შეეძლო მხოლოდ შრომითი ურთიერთობების პერიოდში ანაზღაურების დაყოვნებისათვის. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ პერიოდისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება დაუშვებელია.

14. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობების არსებობის პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლო 476 ლარია. ამის გამო, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს, სწორედ, აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადოს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი. ზემოაღნიშნული ნორმის განმარტების დასასაბუთებლად სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-268-255-2016).

17. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი განიმარტა იმგვარად, რომ მითითებული ნორმის გათვალისწინებით საურავის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პერიოდზე, როცა გრძელდება შრომითი ურთიერთობა.

18. მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს კანონისმიერი პირგასამტეხლო შეეძლო, მოეთხოვა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის პერიოდში ანაზაღაურების დაყოვნებისთვის, ვინაიდან მოცემული განმარტება ნორმის ნორმატიული შინაარსიდან არ გამომდინარეობს. კანონისმიერი პირგასამტეხლოს არსი (მაგ. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პირგასამტეხლო) იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაკისრება არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების არსებობაზე, ხოლო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს არსებობა პირიქით დამოკიდებულია ხელშეკრულების ძალმოსილებაზე, რომლითაც პირგასამტეხლო შეთანხმდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმის სწორად განმარტების შემთხვევაში კანონისმიერი საურავის არსებობა ფაქტობრივად თავის ფუნქციას კარგავს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არსებითად არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №ას-268-255-2016) პირველ რიგში იმის გამო, რომ მითითებული საქმის ფაქტობრივი მოცემულობა განსხვავდება სადავო შემთხვევისგან, ამასთან გადაწყვეტილება არასწორად იქნა გაგებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა პირგასამტეხლოს გადახდას 2015 წლის 5 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და არა მას შემდგომ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემთხვევაში სასამართლო მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, სასარჩელო მოთხოვნა განეხილა, როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების პერიოდში დაგროვილი პირგასამტეხლო.

20. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია დადგენილად, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის აპრილში, სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღებისთანავე, რის გამოც შემდგომ პერიოდზე არ ვრცელდებოდა კანონისმიერი პირგასამტეხლოს წესები, ამასთან, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ პერიოდზე.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში. მუშაობის პერიოდში მას არ მიუღია შრომის ანაზღაურება – 15 141,16 ლარი.

24. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აპელანტს დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა.

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს კანონისმიერი პირგასამტეხლო შეეძლო, მოეთხოვა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის პერიოდში ანაზღაურების დაყოვნებისთვის.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება კანონისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის სწორ განმარტებას, რის საწინააღმდეგოდაც კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

30. სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების დასაბუთება №ას-268-255-2016 საქმეზე.

31. ამავდროულად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს პირის სამართლის ნორმით/ნორმებით უზრუნველყოფილ უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება (ასევე მოქმედებისაგან თავის შეკავებაც სსკ-ის 316.1 მუხლი). ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს) კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 3.1. მუხლი), შესაბამისად, სასამართლოც ამ ფარგლებითაა შებოჭილი (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

32. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებულ პროცესშივე უნდა მოეთხოვა ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) დაკისრება, რაც არ გაუკეთებია. თუმცა საკასაციო სასამართლო „საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის აკრძალვის პრინციპიდან“ გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 478 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებაზეც.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 397 ლარის 70% – 277,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. თ.-ეს (პირადი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 397 ლარის 70% – 277,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე