საქმე №ას-53-2020 20 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
II კერძო საჩივრის ავტორი - ი.პ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის ამონაწერი საოქმო განჩინებიდან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება
I კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დასაშვებად ცნობა
II კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებისა და იმავე სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.პ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის ანაზღაურების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის (აპელანტის მოწინააღმდეგე) შუამდგომლობა აპელანტის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ, დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ, 2019 წლის 12 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა, იმავე სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორება.
5.1. განმცხადებლის განმარტებით, ადგილზე მიღებული განჩინება, როდესაც სხდომას ესწრებოდა ასეთი განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, საჩივრდება კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის ათვლა კი იწყება, არა მისი მხარისთვის გადაცემიდან, როგორც გასაჩივრებული განჩინებითაა დადგენილი, არამედ მისი მიღებიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, განმცხადებლის შუამდგომლობა 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრები წარადგინეს როგორც აპელანტმა (I კერძო საჩივრის ავტორი), ისე მოწინააღმდეგე მხარემ (II კერძო საჩივრის ავტორი). აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ - გასაჩივრების წესის დადგენის ნაწილში გაუქმება და ახალი განჩინების მიღება მოითხოვეს.
7.1. პირველი კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული საოქმო განჩინება არასწორია, ვინაიდან, სარჩელში გაერთიანებულ მოთხოვნებზე ერთად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ერთიანი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო საჩივარიც ერთობლივად, ყველა მოთხოვნასთან მიმართებით იყო წარდგენილი, რის გამოც, ერთიანად უნდა განხილულიყო.
7.2. მეორე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ, საოქმო განჩინების გასაჩივრების წესის დადგენისას შეცდომა დაუშვა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1 ქვეპუნქტი), რისი გამოსწორების საშუალებასაც, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილებაში უსწორობისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ ნორმით (იხ. სსსკ 260-ე მუხლი) იძლევა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე), ამ განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის ხელახლა განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:
8.1. განჩინების გამოცხადებისას, სასამართლომ განმარტა მისი მიღების მოტივები, დაასაბუთა საფუძვლები, ახსნა ის გარემოებები, რამაც განაპირობა აპელანტის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვება. ამდენად ადგილზე მიღებული, გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა დასაბუთებული სახით, განჩინების სამოტივაციო ნაწილის თანხლებით. შესაბამისად, ასეთ განჩინებაში უსწორო ჩანაწერად უნდა ჩაითვალოს მისი გასაჩივრების ვადაზე მასში არსებული ჩანაწერი, რომ ის საჩივრდება 12 დღის ვადაში, მისი მხარისთვის გადაცემიდან. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, რომელმაც უშუალოდ მოისმინა განჩინება დასაბუთებული სახით, გასაჩივრების უფლების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა მისი გადაცემიდან არამედ გამოცხადებიდან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 31 იანვრისა და იმავე წლის 14 თებერვლის განჩინებებით წარმოებაში მიიღო მხარეთა კერძო საჩივრები განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს პირველი კერძო საჩივრის პრეტენზიების ფარგლებში წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, ხოლო მეორე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებებით, მისივე შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიუხედავად, ამავე განჩინებებში გასაჩივრების წესის დადგენისა და განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას.
12. საკასაციო სასამართლო უპირველესად, პირველი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად, სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი) გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
16. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
17. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტა–ტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
18. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მიმდინარე დავის საგანს, საჩელში გაერთიანებული ორი, სხვადასხვა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა (უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და თანხის დაკისრება) წარმოადგენს, რომელთა ღირებულება, თითოეულის ცალ-ცალკე გამოითვლება და წინამდებარე შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში 4 000 ლარს, ხოლო თანხის დაკისრების თაობაზე დავის ნაწილში - 1 591.94 ლარს შეადგენს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის ერთ სარჩელში გაერთიანების თაობაზე მიზანმიმართულია დავის სწრაფად და სწორად განხილვისაკენ. შესაბამისად, სხვადასხვა საფუძვლის მიუხედავად, დავის სწრაფად გადაწყვეტის მიზნით (იხ. პროცესუალური ეკონომიის პრინციპი) სარჩელში გაერთიანებული მოთხოვნებისას, დავის საგნის ღირებულება ინდივიდუალურად გამოითვლება. აღსანიშნავია, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინება, აპელანტისთვის (პირველი კერძო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, სადაც, აპელანტის მოთხოვნაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, დავის საგნის ღირებულება და შესაბამისად სახელმწიფო ბაჟიც ცალ-ცალკეა გამოთვლილი (ტ.2,ს.ფ. 114-116).
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი სხვა პრეტენზიები განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
21. საკასაციო სასამართლო მეორე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების პასუხად სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად „კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად“ განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და მასში მითითებული გასაჩივრების ვადა, აგრეთვე ამ ვადის ათვლის მომენტი სასამართლოს შეხედულებით არ შეიძლება შეიცვალოს.
22. კანონმდებლის მიერ, ამგვარი ფორმულირებით ჩამოყალიბებული ნორმის ანალიზი, ცხადჰყოფს, რომ სასამართლოს მიერ გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის, კერძო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის შემოწმებისას, უპირველესად უნდა შემოწმდეს ესწრებოდა თუ არა ასეთი საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირი გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებას და თუ ესწრებოდა, განჩინების გამოცხადების მომენტიდან უნდა აითვალოს კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა (მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი), ხოლო, სხვა შემთხვევაში, დასახელებული ვადის ათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად მხარისთვის სათანადო წესით ჩაბარების მომენტიდან დაიწყება.
23. მეორე კერძო საჩივრის ავტორი, წარმოდგენილ კერძო საჩივრებში, აგრეთვე არაერთ წერილობით მოსაზრებაში უთითებს, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ ადგილზე თათბირით მიღებული საოქმო განჩინება სრულად, დასაბუთებული სახით, განჩინების სამოტივაციო ნაწილის თანხმობით გამოაცხადა.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურასაც, კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული წესების გათვალისწინებით.
25. ამასთან, საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:№ ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის სხდომას, ესწრებოდა როგორც აპელანტი, ასევე მისი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი, ტ.3,ს.ფ.8-16, ამავე სხდომის ელ. ჩანაწერი ტ.3, ს.ფ. 17), თუმცა აღნიშნული სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადგილზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე განჩინების სამიტივაციო ნაწილი, დასაბუთებით არ გამოუცხადებია.
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების სსსკ-ის 416-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 12 დღიანი ვადის ათვლის მომენტად, არა გასაჩივრებული საოქმო განჩინების მიღების, არამედ მისი მხარისთვის ჩაბარების თარიღი უნდა განისაზღვროს.
28. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე) პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ უდავოა აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, ამ უკანასკნელის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობის (იხ. შუამდგომლობა ტ.2,ს.ფ.136-139; 224-227; 2019 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი 15:26:00) საფუძველზე დარჩა განუხილველი.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი), სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. სწორედ პროცესუალური ეკონომიის პრინციპის დაცვას ემსახურებოდა მოსარჩელის (მეორე კერძო საჩივრის ავტორი) მიერ პირველ ინსტანციაში სარჩელის აღძვრისას, მასში, სხვადასხვა საფუძვლებიდან გამომდინარე და მოპასუხისადმი მიმართული მოთხოვნების ერთად დაყენება.
30. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას, მხარის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ მეორე კერძო საჩივრის ავტორის მიზანი პროცესუალურ მოწინააღმდეგესთან მიმართებით მიღწეულია, როგორც სააპელაციო სასამართლოში, აპელანტის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების სახით, აგრეთვე განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, პირველი კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით.
31. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მის სასარგებლოდ მიღებული განჩინება აქვს გასაჩივრებული, რომლის მეორე მხარის მიერ გასაჩივრებასაც სამართლებრივი პერსპექტივა აღარ გააჩნია, ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სწორადაა განსაზღვრული გასაჩივრების წესი, საკასაციო სასამართლო, არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში, შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან დაბრუნების თაობაზე.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ი.პ–ის კერძო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებებზე არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებები;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე