Facebook Twitter

საქმე №ას-95-2020 20 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ს.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ქორწინების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით, ქ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) შუამდგომლობის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება პ.ს.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელის გამო მოპასუხის მიმართ ნოტარიუს ქ.ხ–ის მიერ 2012 წლის 17 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში (მეორე სასარჩელო მოთხოვნა) და საქმის წარმოება გაგრძელდა ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

2. დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ და საქმე ხელახლა დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად.

4. აღნიშნულ განჩინებაზე, განცხადება წარადგინა მოპასუხემ, მისი განმარტება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინების განმარტებაზე, შემდეგი დასაბუთებით:

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე;

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ 2016 წლის 10 მაისის განჩინებით გარკვეული მითითებით დაუბრუნა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითად განსახილველად. კერძოდ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო მისი წინა დავაში უკვე განხილული დავის საგნის იდენტური, რადგან საფუძველი იყო განსხვავებული. შესაბამისად, დასახელებული განჩინებით მოპასუხის მიმართ აღსასრულებელი შედეგი არ განსაზღვრულა;

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილებებისა თუ განჩინებების განმარტების წესს, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მთლიანად ან ნაწილობრივ არ არის ჩამოყალიბებული ნათლად და გარკვევით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ავტორის წარდგენილი განცხადებაზე უარის თქმის კანონიერება.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 262-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 5.1 ქვეპუნქტში) და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ 2016 წლის 10 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და საქმე ხელახლა განსახილველად, გარკვეული მითითებებით დააბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით (საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ) საქმის წარმოება, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იყო მიღებული.

11.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდაპირველ საქმეზე, რომელიც მეორე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე საქმის შეწყვეტის საფუძველი გახდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი კერძო საჩივრის ავტორისა და ნოტარიუს ქ.ხ–ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე, დავის საგანს წარმოადგენდა 2012 წლის 17 თებერვლის #12014158 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტს მიღებული ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მოსარჩელის სარჩელი მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა.

11.3. განსახილველ შემთხვევაში, კი დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შედეგად სადავოდ გამხდარი ქორწინების ბათილად ცნობა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებით წინა დავისგან, სახეზეა სულ სხვა საფუძვლით დავა, იმავე მხარეებს შორის, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, საქმის ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე გაუქმდა და საქმე სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება ცალსახა და არაბუნდოვან სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, კონკრეტული მითითებით, რაც დამატებით სსსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტებას არ საჭიროებს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.გ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე