საქმე №ას-117-2020 20 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ე–ა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ე.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ე–ას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ვ.გ–ისა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ე.გ–ის (თავდაპირველი/მეორე მოპასუხე) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.
3.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დასახელებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდათ აპელანტებს 2019 წლის 5 ივნისს.
3.3. აპელანტებისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 6 ივნისს და ამოიწურა იმავე წლის 17 ივნისს. დადგენილია, რომ დასახელებულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.
3.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხე ვ.გ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად, სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მას არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, ხარვეზსაც ვერ გამოასწორებდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს მიერ, კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებულობის შემოწმება.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, წინამდებარე განჩინების 3-3.4 პუნქტებსა და ქვეპუნქტებში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე და განმარტავს, რომ საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით არ ირკვევა კერძო საჩივრის ავტორისთვის გზავნილის (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინების) ჩაბარების ფაქტი, რის გამოც, ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დარჩა განუხილველი.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ გარემოებებზე:
11.1. დადგენილია, რომ განსახილველ საქმეზე სასამართლოში საქმისწარმოება დაწყებულია მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადების წარდგენით მოპასუხეების წინააღმდეგ. ამავე სარჩელზე მოპასუხეებს წარდგენილი აქვთ შესაგებელი (იხ.ტ.1,ს.ფ. 49-58), რომელზე თანდართული მინდობილობებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოში წარმოადგენდა მისი მეუღლე რ.გ–ი (ტ.1,ს.ფ.67), ხოლო მეორე მოპასუხეს წარმოადგენდა დ.გ–ი (ტ.1,ს.ფ.70). საქმისწარმოების დროს არერთი პროცესუალური დოკუმენტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს, სხვადასხვა პროცედურებში ან უშუალოდ (ტ.1,ს.ფ. 433-441;) ან მის მიერ შესაბამისი რწმუნებულებით აღჭურვილ პირს - რ.გ–ს (ტ.1,ს.ფ. 73; 89; 93; 152-154; 158-160; 178; 180-188; 190-191; 195-200; 206-211; 213-215; 218-220; 226-231; 345-393; 396-399; 430) აქვს მონაწილეობა მიღებული. სასამართლოს მიერ განხორციელებული მთელი რიგი პროცედურებითაც მტკიცდება, რომ სასამართლო გზავნილებისა და შეტყობინებების გაგზავნა თითოეული მოპასუხისთვის ხდებოდა ცალ-ცალკე, კერძოდ საჩივრის ავტორისთვის მისი მეუღლის სახელზე, ხოლო მეორე მოპასუხისთვის, მისი წარმომადგენლის - დ.გ–ის სახელზე (იხ. ტ.1,ს.ფ. 71; 90; 93; 152-154; 158-160; 180-188; 190-191; 195-200; 206-211; 213-215; 218-219; 225; 226-231; 345-393; 396-399; 429; 433-441; 442;).
12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, გაეგზავნა და ჩაჰბარდა მხოლოდ მეორე მოპასუხის წარმომადგენელს - დ.გ–ს (ტ.1,ს.ფ.463), ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ აპელანტებს (მათ წარმომადგენელს) 2019 წლის 5 ივნისს (იხ. გასაჩივრებული განჩინება, ტ.1,ს.ფ.466).
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე), სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილია თითოეული აპელანტისთვის ცალ-ცალკე, კერძოდ მეორე მოპასუხის წარმომადგენელს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2019 წლის 29 სექტემბერს (ტ.1,ს.ფ.473), ხოლო კერძო საჩივრის ავტორისთვის აღნიშნული გზავნილის ჩაბარება სამჯერ - 2019 წლის 25 სექტემბერს, იმავე წლის 10 ოქტომბერს (ტ.1,ს.ფ.477) და 21 ნოემბერს (ტ.1,ს.ფ. 479) ვერ მოხერხდა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაუგზავნა და ჩააბარა ადრესატს (ტ.1,ს.ფ.485-486).
14. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით“, 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა „წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით...“, და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება...“ შესაბამისად განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მხარის უფლებების დაცვა სასამართლოში, მხოლოდ მის მიერ სათანადო ფორმითა და მოცულობით უფლებააღჭურვილ პირს შეუძლია.
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, და არაერთი საპროცესო მოქმედებაც მოწმობს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სათანადო წესით, მხოლოდ მეუღლის სახელზე იყო გაცემული მინდობილობა, სასამართლოში მისი უფლებების დაცვის მიზნით, და არა მეორე მოპასუხის წარმომადგენლის სახელზე, რის გამოც ამ უკანასკნელისთვის გზავნილის ჩაბარება, ვერ ჩაითვლება კერძო საჩივრის ავტორისთვის გზავნილის ჩაბარებად (საპირისპირო მსჯელობისთვის იხ. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი).
16. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არც გასაჩივრებული და არც აპელანტებისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინებებიდან არ ირკვევა, რომ მხარეები საპროცესო თანამონაწილეობის რომელიმე საფუძვლით იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან (იხ. სსსკ-ის 86-ე მუხლი), რა შემთხვევაშიც შეუძლიათ, ერთმანეთს მიანდონ საქმის წარმოება. ასეთ შემთხვევაშიც კი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისთვის უნდა გაფორმებულიყო სსსკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, რაც საქმის მასალებით არ დგინდება (იხ. სსსკ-ის 87-ე მუხლი).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები.
18. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 419-ე მუხლის მეორე ნაწილით და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.გ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვ.გ–ის სააპელაციო საჩივრის ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე