Facebook Twitter

№ას-298-298-2018 30 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – თ. ე-ძე (პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე), შ. ე-ძე (მეორე მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ქ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფა

დავის საგანი _ მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ე-ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კასატორი) და შოთა ერაძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რ. ქ-ის (შემდეგში მოსარჩელე, მესაკუთრე, ქონების შემძენი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელისათვის შემდეგი ნივთების დაბრუნება: უნივერსალური მიკროსკოპი, სისუფთავის საზომი 2 ცალი, სალესი ჩარხი, როკველი სიმაგრის მზომი ტშ-2, მიკროსკოპი მეტალოგრაფის მინ-7, ელექტროღუმელი ,,სოულ“ 025/12,5, ლაბორატორიული ხელსაწყო 50 ერთეული, მაგიდის საბურღი ჩარხი, ვერტიკალური ჰიდრავლიკური წნეხი, უნივერსალური საფრეზი ჩარხი 575, სარანდავი ჩარხი, გამანაწილებელი ფარი: ავტომატური ჩამრთველი 5 ცალი: 1000 კვ, 400 კვ, 400კვ, 250 კვ, 650 კვ და 5 ცალი მრიცხველი, სალი შენადნობის ტვიფრი, საფრეზი ჩარხი, ჰორიზონტალური საფრეზი ჩარხი, სახარატო ხრახნმჭრელი ჩარხი, სალესი ჩარხი, ჰიდრავლიკური წნეხი, შლიცსაფრეზი ჩარხი 5350, ეროზიული ჩარხი, საფრეზი ჩარხი 675, სახარატო დაზგა, ჟანგბადის ბალონი, ძაბვის მარეგულირებელი, ჰიდრავლიკური კვანძი 1 ცალი, ტრანსფორმატორი, ჰიდროტუმბო 2 ცალი, სტელაჟი, ვაკუუმტუმბო, ელექტროძრავები; სარჩელი მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორთა მტკიცებით, მხარეები მოქმედებდნენ ერთობლივი საქმიანობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რაც გულისხმობდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევას, კერძოდ მოპასუხეთა მიერ აუქციონზე შეძენილი ნივთების აღრიცხვა-რეალიზაციასთან დაკავშირებული დამხმარე სამუშაოების მოსარჩელის მიერ შესრულებას.

2.2. კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს არ მიუთითებიათ იმ გარემოების შესახებ, რაც ერთობლივი საქმიანობის შემადგენლობას ქმნის. მხარეთა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი აუქციონზე შეძენილი ნივთების აღრიცხვა-რეალიზაციის ჟურნალი. ჟურნალში დაფიქსირებული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ აუქციონზე შეძენილი მოძრავი ნივთების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს მოსარჩელე და პირველი მოპასუხე თანაბრად ინაწილებდნენ. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამორიცხა მხარეთა უთიერთობა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს #A10061521-012/054 განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ) თანახმად, 2010 წლის 20 დეკემბერს გამართულ პირველ იძულებით აუქციონზე საკუთარი სახელითა და სახსრებით 3709, 60 ლარად, მოსარჩელემ შეიძინა შემდეგი ნივთები: უნივერსალური მიკროსკოპი, პატარა მიკროსკოპი, სისუფთავის საზომი, ოპტიკური მიკროსკოპი, მიკროსკოპი, სისუფთავის საზომი, სალესი ჩარხი, სიმტკიცის გამზომი აპარატი, ანალიტიკური სასწორი, როკველი სიმაგრის მზომი ტშ-2, მიკროსკოპი მეტალოგრაფის მინ-7, თერომომეტრი, მუფელის ღუმელი, წყლის გამოსახდელი ხუფი, ელექტრო ღუმელი ,,სოულ“ 025/12,5, ლაბორატორიული ხელსაწყო 50 ერთეული, მაგიდის საბურღი ჩარხი 3მ-112, უნივერსალური სალესი 3ბ-642, მაგიდის საბურღი ჩარხი, მაგიდის საბურღი ჩარხი ნს12ბ, სალესი ჩარხი 3ა64მ, ვერტიკალური ჰიდრავლიკური წნეხი A930Ф30, მაგიდის საბურღი 3ა106, თერმული ღუმელი, მრგვლად სახერხი ჩარხი, მრგვლად სახერხი ჩარხი, უნივერსალური საფრეზი ჩარხი 575, სარანდავი ჩარხი, გამანაწილებელი ფარი, ავტომატური 5 ჩამრთველი, 1000 კვ, 400 კვ, 400კვ, 250 კვ, 650 კვ და 5 ცალი მრიცხველი, მრგვლად სახერხი ჩარხი 5-161, სახარატო რევორველური ჩარხი 1ე140პ, სახარატო ჩარხი 1პ-420პФ, სახარატო ჩარხი იკ 62, კარუსელური სახერხი ჩარხი 3ა741, ჰორიზონტალური საფრეზი ФЛ-3151250, ჰორიზონტალური საფრეზი ФВ-315, გასაჟღენთი საშრობი ღუმელი 7 ცალი, პნევმატური ჩაქუჩი მა-4136, სახარატო ხრახნმჭრელი 1მ63Ф101 და სალი შენადნობის ტვიფრები 6 ცალი (იხ. განკარგულება, ს.ფ. 15, ტ.1).

5.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს #A10061521-012/094 განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ) თანახმად, 2011 წლის 4 იანვარს გამართულ განმეორებით იძულებით აუქციონზე, საკუთარი სახელითა და სახსრებით, 5435 ლარად მოსარჩელემ შეიძინა შემდეგი ნივთები: სახარატო ხრახნმჭრელი 5 ცალი; საფრეზი; ჰორიზონტალური საფრეზი; ვეტიკალური საბურღი; რადიალური საბურღი და სალესი (იხ. განკარგულება, ს.ფ. 16, ტ.1).

5.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს #A10061521-012/116 განკარგულების (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ) თანახმად, 2011 წლის 4 იანვრის განმეორებით იძულებით აუქციონზე, მოსარჩელემ ასევე საკუთარი სახელითა და სახსრებით - 3030 ლარად შეიძინა შემდეგი ნივთები: ჰიდრავლიკური წნეხი; შლიცსაფრეზი ჩარხი 5350ა და ეროზიული ჩარხი 4ლ721Ф (იხ. განკარგულება, ს.ფ. 17, ტ.1).

5.2.4. მოსარჩელემ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მის მიერ შეძენილი ნივთების ნაწილი (31 დასახელების, ღირებული 15 000 ლარად) მოპასუხეებს დროებით შესანახად მიაბარა.

5.2.5. მოსარჩელის მიერ აუქციონებზე შეძენილი ჩარხ-დანადგარებიდან და მოწყობილობებიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის შედეგად დარჩენილია და მოპასუხეების მფლობელობაშია შემდეგი ნივთები: უნივერსალური მიკროსკოპი, სისუფთავის საზომი 2 ცალი, სალესი ჩარხი, როკველი სიმაგრის მზომი ტშ-2, მიკროსკოპი მეტალოგრაფის მინ-7, ელექტროღუმელი ,,სოულ“ 025/12,5, ლაბორატორიული ხელსაწყო 50 ერთეული, მაგიდის საბურღი ჩარხი, ვერტიკალური ჰიდრავლიკური წნეხი, უნივერსალური საფრეზი ჩარხი 575, სარანდავი ჩარხი, გამანაწილებელი ფარი: 5 ავტომატური ჩამრთველი, 1000 კვ, 400 კვ, 400კვ, 250 კვ, 650 კვ და 5 მრიცხველი, სალი შენადნობის ტვიფრი, საფრეზი ჩარხი, ჰორიზონტალური საფრეზი ჩარხი, სახარატო ხრახნმჭრელი ჩარხი, სალესი ჩარხი, ჰიდრავლიკური წნეხი, შლიცსაფრეზი ჩარხი 5350, ეროზიული ჩარხი, საფრეზი ჩარხი 675, სახარატო დაზგა, ჟანგბადის ბალონი, ძაბვის მარეგულირებელი, ჰიდრავლიკური კვანძი 1 ცალი, ტრანსფორმატორი, ჰიდროტუმბო 2 ცალი, სტელაჟი, ვაკუუმტუმბო და ელექტროძრავები.

6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მფლობელობიდან სადავო ნივთების გამოთხოვის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 770-ე (მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, – იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.

7. განსახილველ დავაზე სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები მოპასუხეებს შესანახად გადასცა. ერთი პირისგან მეორესთვის ნივთის გადაცემა შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით განხორციელდეს (ნასყიდობა, ჩუქება, დროებით მფლობელობაში გადაცემა, გარკვეული დავალების შესრულება და ა.შ), ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის განმსაზღველია ნივთის გადაცემის მიზანი. ასევე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გამოსარკვევია, რამდენად ჰქონდა შესაბამის სუბიექტს ნივთის ამგვარი განკარგვის (სხვა პირისათვის ამა თუ იმ მიზნით გადაცემის) უფლება.

8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ მან სადავო ნივთები აუქციონზე შეიძინა და შესანახად გადასცა მოპასუხეებს. მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელე მოქმედებდა მათი დავალებით, რომელმაც სადავო ნივთები შეიძინა მათი სახელითა და ხარჯით. ამასთან, მოსარჩელე ეხმარებოდა მათ სადავო ნივთების აღრიცხვა-რეალიზაციაში, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მოქმედებდა არა მოპასუხეთა დავალებით, არამედ მან საკუთარი სახელითა და ხარჯით აუქციონზე შეიძინა სადავო ნივთები, რომელიც შესანახად გადასცა მოპასუხეებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვისაც (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

9. კასატორები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გამოსარიცხად, მოდავე მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არსებობაზე მიუთითებენ, კერძოდ, მათი განმარტებით, სადავო ქონება ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში შეიძინეს და ამ ქონების რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას თანაბრად ინაწილებდნენ. ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოპასუხეებმა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების თაობაზე და შესაბამის ფაქტებზე მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადეს. სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდულნი არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ამდენად, მოპასუხეთა საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა, მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტსა და ამ ურთიერთობის დამდგენ მტკიცებულებებზე სასამართლოსთვის მიმართვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა წესის დაცვით, ან ამგვარ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების დაყოვნების შემთხვევაში, შემდგომში სასასამართლოს წინაშე შესაბამისი ქმედების განმაპირობებელი საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურება.

10. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, მოპასუხეებმა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არსებობაზე დაგვიანებით მიუთითეს, უფრო მეტიც, მოპასუხეთა შესაგებელში აღნიშნულია, რომ აუქციონამდე შეიკრიბა რამდენიმე პირი, მათ შორის პირველი მოპასუხე და მოსარჩელე და გამოითქვა მოსაზრება ერთობლივი საქმიანობის წამოწყებაზე, თუმცა მოსარჩელემ მიუთითა რა ქონების შესასყიდი თანხის უქონლონაზე, პირველმა მოპასუხემ განუმარტა, რომ დასახელებული მიზეზის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვერ მიიღებდა მონაწილეობას ერთობლივ საქმიანობაში და გასამართ აუქციონში. მოპასუხეთა მითითებითვე, ამის შემდგომ მოსარჩელემ მათი დავალებით მიიღო მონაწილეობა აუქციონში და მათი სახელითა და ხარჯით შეიძინა სადავო ნივთები. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა კი, თავისი არსით ეწინააღმდეგება მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მოქმედებას. მოპასუხეებს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში, დავის არცერთ ეტაპზე, არ მიუთითებიათ იმ გარემოებებზე, რაც მათ მიერ შესაგებელში აღწერილ ფაქტს, თუ როგორ უთხრეს უარი მოსარჩელეს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაში ინტეგრირებაზე, გააქარწყლებდა.

11. სსსკ-ის 380.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აპელანტებს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მოხმობილ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი არ დაუსახელებიათ. კასატორებს არც საკასაციო სამსართალწარმოების ეტაპზე არ აქვთ ამ ნაწილში წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო ვალდებული გაეთვალისწინებინა მოპასუხეთა მტკიცება მათი მოსარჩელესთან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაში კონტრაჰირების თაობაზე. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ხოლო კასატორებმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მეორე მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის (გადახდის ქვითარი #16211296, გადახდის თარიღი 22.02.2018) 70% – 525 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ე-სა და შ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: შ. ე-ესა (600010….) და თ. ე-ეს (6000107..) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შ. ე-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის (გადახდის ქვითარი #16211296, გადახდის თარიღი 22.02.2018) 70% – 525 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი