Facebook Twitter

საქმე №ას-587-2019 20 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ი. დ-ი, ლ. დ-ვა, ა. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება

საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (სარჩელში), ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 17 ივნისს ი. დ-მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), ლ. დ-ამ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და ა. დ-მა (შემდეგში - მესამე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს ი. ს-ის (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და ავტომობილის დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ ავტომანქანა „Toyota Land cruizer“ 4.2-ის, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომრით … 5.. (შემდეგში - სადავო ავტომანქანა) მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით:

- მესამე მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის მიმართ, დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა 25 000 აშშ დოლარის გადახდა ა. მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ;

- მოპასუხეს, მოსარჩელე მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, ძირითად თანხაზე, 25 000 აშშ დოლარზე, 1% სარგებლის (სულ - 34 თვეზე) - 8 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

- მეორე მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის მიმართ, დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა 75 000 აშშ დოლარის გადახდა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ;

- მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითად თანხაზე 125 000 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე - 42 500 აშშ დოლარი;

- პირველი მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ავტომანქანა და პირველ მოსარჩელეს დაუბრუნდა;

- მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 472 აშშ დოლარის, 12 000 აშშ დოლარის, 9 644 აშშ დოლარის (სულ 36 116 აშშ დოლარის) გადახდა;

- მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 36 116 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე 12 279.44 აშშ დოლარის ოდენობით;

- პირველი მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ავტომანქანა ,,Toyota Landcruizer” 4.2-ის, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომერი … 5…, ფასის სხვაობის 35 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

- პირველი მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის მიმართ, მიწების ღირებულების, 100 000 აშშ დოლარისა და ღვინის ქარხნის ღირებულების 100 000 აშშ დოლარის, აგრეთვე, ამ თანხებზე 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული სარჩელი, შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ, სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

6. 2019 წლის 24 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, კერძოდ, პირველი მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სადავო ავტომანქანაზე ყადაღის დადება, ხოლო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის სახედ ყადაღის გამოყენების მიზანშეუწონლად მიჩნევის შემთხვევაში, ავტომანქანის რეალიზაციისა და სხვა პირზე რეგისტრაციის აკრძალვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

8.1. საჩივრის ავტორის მტკიცებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა გაუქმდეს და მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ავტომანქანაზე გამოყენებული იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან ავტომანქანა, რომელიც საჩივრის ავტორის მფლობელობაში იყო გადავიდა მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობაში. საჩივრის ავტორი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერებაზე და საშიშროებაზე, რომ მან ავტომაქანა

შესაძლოა, გაასხვისოს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

12. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

13. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა გაუქმდეს და მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ავტომანქანაზე გამოყენებული იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან ავტომანქანა, რომელიც მანამდე საჩივრის ავტორის მფლობელობაში იყო, გადავიდა მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობაში. საჩივრის ავტორი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერებაზე და საშიშროებაზე, რომ მან ავტომაქანა შესაძლოა, გაასხვისოს. პალატა სააჩივრის ავტორის ამ არგუმენტთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.

14. პალატა მიიჩნევს, განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა შეგებებული სარჩელით მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვის რისკი. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ქონების გასხვისების საფრთხე არ შეუქმნია. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი კი ის არის, რომ დაიცვას მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დასაბუთებული არ არის, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ იგი მართებულად არ დააკმაყოფილა.

16. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი