Facebook Twitter

საქმე №ას-587-2019 20 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

.

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ი. დ-ი, ლ. დ-ვა, ა. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (სარჩელში), ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 17 ივნისს ი. დ-მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), ლ. დ-ვამ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და ა. დ-მა (შემდეგში - მესამე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს ი. ს-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და ავტომობილის დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა პირველი მოსარჩელის წინააღმდეგ ავტომანქანა „Toyota Land cruizer“ 4.2-ის (გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომრით … 5…) მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით:

- მესამე მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის მიმართ, დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა 25 000 აშშ დოლარის გადახდა მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ;

- მოპასუხეს, მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, ძირითად თანხაზე, 25 000 აშშ დოლარზე, 1% სარგებლის (სულ - 34 თვეზე) - 8 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

- მეორე მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის მიმართ, დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა 75 000 აშშ დოლარის გადახდა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ;

- მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითად თანხაზე 125 000 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე - 42 500 აშშ დოლარი;

- პირველი მოსარჩელის სარჩელი, მოპასუხის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა ,,Toyota Landcruizer” 4.2, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომერი … 5… და პირველ მოსარჩელეს დაუბრუნდა;

- მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 472 აშშ დოლარის, 12 000 აშშ დოლარის, 9 644 აშშ დოლარის (სულ 36 116 აშშ დოლარის) გადახდა;

- მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 36 116 აშშ დოლარზე 1% სარგებლის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე 12 279.44 აშშ დოლარის ოდენობით;

- პირველი მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ავტომანქანა ,,Toyota Landcruizer” 4.2-ის, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომერი … 5…, ფასის სხვაობის 35 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

- პირველი მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის მიმართ, მიწების ღირებულების, 100 000 აშშ დოლარისა და ღვინის ქარხნის ღირებულების 100 000 აშშ დოლარის, აგრეთვე, ამ თანხებზე 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე, სულ 34 თვეზე საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული სარჩელი, შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ, ავტომანქანა ,,Toyota Landcruizer“ 4.2-ის, გამოშვების წელი 2006, სახელმწიფო ნომერი … 5…, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მესამე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო ამ უკანასკნელის სარჩელზე მოპასუხის მიმართ, თანხის დაკისრების (ჯამში - 33 500 აშშ დოლარი) თაობაზე საქმისწარმოება შეწყდა.

6. აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და, ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით - კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, მესამე მოსარჩელის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობების დამატებით შესამოწმებლად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით - მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პირველი მოსარჩელე.

9. სააპელაციო სასამართლომ უფლებამონაცვლეობას საფუძვლად დაუდო მესამე მოსარჩელის სამართლებრივი ურთიერთობიდან გასვლა (სსსკ-ის 92-ე მუხლი), კერძოდ, მისი, როგორც მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებებზე (სსკ-ის 351-ე მუხლი).

10. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

10.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მესამე მოსარჩელემ ორჯერ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით და განმარტა, რომ არავითარი ე.წ. სადეპოზიტო ხელშეკრულებები მას და მოპასუხეს არ გაუფორმებიათ, ამასთან, ამ უკანასკნელს არ გააჩნდა რაიმე ვალდებულება არც მის და არც მისი ოჯახის წევრების მიმართ. მესამე მოსარჩელემ ამ საფუძვლით უარი თქვა სარჩელზე. უფრო მეტიც, მესამე მოსარჩელემ არც კი იცოდა სარჩელი რომ იყო წარდგენილი სასამართლოში თავისი სახელით და ბრალს სდებდა მოსარჩელეს, რწმუნებულების ბოროტად გამოყენებაში. მითითებული მტკიცებულებები მართებულად დაედო საფუძვლად საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებას.

10.2. მესამე მოსარჩელე არის კრედიტორი, რომელმაც უარი თქვა სარჩელზე. პირველი მოსარჩელე არ წარმოადგენს კრედიტორს და არც მესამე პირს. იგი მხოლოდ მესამე მოსარჩელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 351-ე მუხლი არასწორად განმარტა და არასწორად დაუდო საფუძვლად მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ პირველი მოსარჩელის ცნობას.

10.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 92-ე მუხლიც. ნორმა გამოიყენება სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთი მხარის გასვლისას და - არა მხარის მიერ სარჩელზე უარის თქმისას. შესაბამისად, მიმდინარე დავაში მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ პირველი მოსარჩელის ცნობა, იმ პირობებში, როდესაც მესამე მოსარჩელეს არავითარი მოთხოვნა არ გააჩნია, არასწორია. მესამე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მის ნაწილში საქმე სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა შეწყვეტილიყო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება, ისე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ა. დ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მის სარჩელზე საქმისწარმოება შეწყდეს.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა უფლებამონაცვლეობა სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმით გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის დადგენის წინაპირობები არ არსებობდა, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელემ ორჯერ მიმართა სასამართლოს განცხადებით, რომლითაც უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვა საქმისწარმოების შეწყვეტა.

14. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე) შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. სინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. მოსარჩელის უფლება - უარი თქვას სარჩელზე, შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან - საქმისწარმოების შეწყვეტასთან ერთიანობაში, რამდენადაც სარჩელზე უარის თქმას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს პრეტენზია მოპასუხის მიმართ, შესაბამისად არ აპირებს ამ მოთხოვნის რეალიზაციისათვის საპროცესო საშუალების - სარჩელის გამოყენებას. სარჩელზე უარი შეუქცევადია და მისი შედეგის შეცვლა დაუშვებელია (სსსკ-ის 273.2 მუხლი). აქედან გამომდინარე, საპროცესო კანონმდებლობა სარჩელზე უარის თქმისას უფლებამონაცვლეობას არ უშვებს. აღნიშნული გამომდინარეობს სსსკ-ის 92.2 (უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა) მუხლიდანაც, რომლის მიხედვით, უფლებამონაცვლეობამდე წინამორბედის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება უფლებამონაცვლისათვის სავალდებულოა. შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას პროცესუალურსამართლებრივად უფლებამონაცვლეობა შეუძლებელია, რამდენადაც თავდაპირველი მოსარჩელის უარი სასარჩელო მოთხოვნაზე სავალდებულოა უფლებამონაცვლისთვის და იგი საქმის განხილვის გაგრძელებას ვეღარ მოითხოვს. ამდენად, მესამე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარმა, გამორიცხა მის სარჩელზე საქმისწარმოების გაგრძელება, შესაბამისად, უფლებამონაცვლეობა.

15. პალატა არ იზიარებს არც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 351-ე მუხლიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის საფუძვლის არსებობაზე. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება მესამე პირის სასარგებლოდ გარიგების დადების ფაქტი. უფრო მეტიც, მოსარჩელემ სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებებში განმარტა, რომ მასსა და მოპასუხეს შორის არანაირი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს. ამდენად, მოსარჩელემ არა მარტო უარი თქვა სარჩელზე, არამედ უარყო თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველიც. ასეთ ვითარებაში, დაუშვებელია სსკ-ის 351-ე მუხლზე მითითებით საპროცესო უფლებამონაცვლეობა. რაც შეეხება პირველ მოსარჩელეს, თუკი იგი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება გააჩნია, შეუძლია ამ მოთხოვნით თავად აღძრას სარჩელი.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. დ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმა, მის სარჩელზე საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მესამე მოსარჩელის სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეეწყვიტა.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ალიონა დათუაშვილის სარჩელზე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 272.გ, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში;

4. ა. დ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;

5. ა. დ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმისწარმოება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი