Facebook Twitter

ბს-561-530(კ-06) 16 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ., შ., თ. და გ. ჯ-ები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 25 ნოემბერს მ., შ., თ. და გ. ჯ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქედის რაიონულ სასამართალოს მოპასუხეების: ქედის რაიონის სააღსრულებო ბიუროსა და ნ. ვ-ის მიმართ იძულებითი აღსრულების შეწყვეტის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვეს საქართველოს სახალხო ბანკის ქედის ფილიალში - ნ. ვ-ის სახელზე რიცხული თანხების დაყადაღება.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის განჩინებით

მ., შ., თ. და გ. ჯ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის განჩინებით

საქმეში აჭარის სააღსრულებო ბიურის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა აჭარის სააღსრულებო ბიურო.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ., შ., თ. და გ. ჯ-ების სასარჩელო განცხადება ქედის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ., შ., თ. და გ. ჯ-ებმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ., შ., თ. და გ. ჯ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ., შ., თ. და გ. ჯ-ების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მოქმედება ჩაითვალა უკანონოდ და შეწყდა მ., შ., თ. და გ. ჯ-ებისათვის პენსიის დაქვითვა.

2006 წლის 23 ივნისს მ., შ., თ. და გ. ჯ-ებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით მ., შ., თ. და გ. ჯ-ების განცხადება დაკმაყოფილდა და მათ განემარტათ, რომ პენსიის დაქვითვის შეწყვეტა არ ნიშნავდა უკვე დაქვითული თანხის უკან დაბრუნებას.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ., შ., თ. და გ. ჯ-ებმა.

კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მოქმედება მიიჩნია უკანონოდ და შეწყვიტა პენსიის დაქვითვა, შეწყვეტასთან ერთად უნდა მომხდარიყო დაქვითული თანხების უკან დაბრუნებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით მ., შ., თ. და გ. ჯ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ., შ., თ. და გ. ჯ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ., შ., თ. და გ. ჯ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება; მ., შ., თ. და გ. ჯ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ზემო აჭარის სააღსრულებო ბიუროს მოქმედება ჩაითვალა უკანონოდ და შეწყდა მ., შ., თ. და გ. ჯ-ებისათვის პენსიის დაქვითვა.

მ., შ., თ. და გ. ჯ-ებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით და სასამართლოსაგან ითხოვეს განმარტებულიყო, მითითებული გადაწყვეტილება გულისხმობდა თუ არა უკვე დაკავებული თანხის მოსარჩელეებისათვის დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილება არ გულისხმობდა გადახდილი თანხის მოპასუხეებისათვის დაბრუნებას, რასაც განმცხადებლები არ ეთანხმებიან და კერძო საჩივრის საფუძველზე ითხოვენ მითითებული განჩინების გაუქმებას.

საკასაციო სასამართლომ, კერძო საჩივრის საფუძველზე, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ არ არსებობს მითითებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

პროცესის ზემოაღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. ამასათან, საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მითითებული მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ მ., შ., თ. და გ. ჯ-ების განცხადების დაკმაყოფილებას თან მოჰყვება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების იმდაგვარად განმარტებას, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ. ამასთან, საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული პირების მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივად გამოიწვევს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას და არა გადაწყვეტილების განმარტებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში და არ არსებობს მისი გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ., შ., თ. და გ. ჯ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.