№ას-601-576-2016 31 იანვარი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ქ. ა-ში
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ.მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. ა-ში (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი, მოვალე, მსესხებელი) ასაჩივრებს (ნაწილობრივ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ცვლილებები შევიდა ნოტარიუს მიერ 2014 წლის 25 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №14028…) მე-7 პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალისათვის პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და პროცენტის სახით მოვალის ვალდებულება 2012 წლის 30 აპრილის და 2012 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 5100 აშშ დოლარით, ხოლო 2013 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1710 აშშ დოლარით განისაზღვრა. პირგასამტეხლოს სახით მოვალის ვალდებულება გ. მ-ძის (შემდეგში კრედიტორი, გამსესხებელი, მოპასუხე) წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის პროცენტის (5100+1710=6810) 0,05%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3.40 აშშ დოლარს ანუ ჯამში 816 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის პროცენტზე (6810$) 2014 წლის 12 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებამდე 0.05% -ით განისაზღვრა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის მტკიცებით, მას სარგებლის სახით ზემდმეტად გდახდილი აქვს 10 950 აშშ დოლარი, რომლის სესხის ძირითად თანხაში ჩათვლასაც მოითხოვს. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, სააღსრულებო ფურცლით სესხის ძირითადი თანხა უნდა დაკორექტირდეს და 8050 აშშ დოლარამდე შემცირდეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2012 წლის 30 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ 30-35, ტ.2), რომლის თანახმად სესხი - 15 000 აშშ დოლარით, სესხის დაბრუნების ვადა - 3 თვით, სესხის სარგებელი - თვეში 5%-ით, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი პროცენტის 0.3%-ით განისაზღვრა. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, ო. ქუჩა, N..-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი #05.28.44… (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 23-24. ტ.2), (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
5.2.2. 2012 წლის 16 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის თანხა - 4 000 აშშ დოლარით, გაიზარდა და სესხის საერთო მოცულობა 19 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო სესხის დაბრუნების ვადად -2013 წლის 16 თებერვალი დადგინდა. სესხის ხელშეკრულების სხვა პირობები უცვლელად დარჩა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 25-26, ტ.2).
5.2.3. 2013 წლის 17 დეკემბრის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ ხელახალი შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა 2014 წლის 12 მარტამდე გაიზარდა, სარგებელი (პროცენტი) კი, 3%-მდე შემცირდა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 27-29. ტ.2).
5.2.4. მსესხებელმა სესხი არ დააბრუნა, რის გამოც მოპასუხემ ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა.
5.2.5. 2014 წლის 25 მარტს ნოტარიუსმა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 18-20. ტ.2). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: ძირითადი თანხა - 19 000 აშშ დოლარით, ექვსი თვისა და 13 დღის პროცენტი (5%-იანი განაკვეთი) - 6111 აშშ დოლარით, 3 თვის პროცენტი (3%-იანი განაკვეთი) - 1710 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო გადასახდელი პროცენტის თანხის (0.3%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 19 ივლისისდან 2014 წლის 2014 წლის 12 მარტის ჩათვლით - 3900 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის (0.2%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 12 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე. ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
5.2.6. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 25 მარტს გაცემულ #140281… სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და, აქედან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის - 8050 აშშ დოლარით განსაზღვრაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
7. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ. #ას-1541-1547-2011, 19.04.2012წ).
8. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაიცა. მოსარჩელემ განსახილველი დავის ფარგლებში სესხის სახით ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა გახადა სადავოდ, კერძოდ, კასატორი ძირითადი სესხის (19000 აშშ დოლარი) თანხიდან - 10950 აშშ დოლარის დაფარვის (სარგებლის სახით ზედმეტად გადახდის) თაობაზე აპელირებს.
8.1. კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის განმსაზღვრელია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით სურს მოვალეს, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დადასტურება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
8.2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიმართ ფულადი დავალიანების ნაწილი დაფარა. აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად კი, კასატორი თავის ახსნაგანმარტებას და სესხის ხელშეკრულების დოკუმენტს მოიხმობს. საკასაციო პალატა მხარეს სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მიუთითებს, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს სასესხო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებას წერილობითი საბუთი წარმოადგენს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი), მოსარჩელეს კი ამგვარი მტკიცებულებები ამ დავაზე სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოვალემ სასამართლო სხდომაზე თავადვე აღნიშნა, რომ მას კრედიტორისათვის სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოეპოვება. ამდენად, პალატის განსჯით, მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ სესხად ნაწილის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო.
8.3. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მოიხმოს სსკ-ის 429-ე მუხლი, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე არაერთხელ განმარტა, რომ, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომლის არსი ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (შდრ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი). განსახილველი დავაც სწორედ ასეთი შემთხვევაა, ვინაიდან მოსარჩელე შესაძლებლობას მოკლებული აღმოჩნდა, ფულადი ვალდებულების შესრულების დამდგენი წერილობითი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენით უცილობლად დაედასტურებინა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო საჩივარს წარატების პერსპექტივა არ აქვს.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი, საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ) .
10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2 991.55 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნაირა აზაკიშის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 991.55 (კერძოდ: 200.00 ლარის, საგადახდო დავალება #10089093, გადახდის თარიღი 11.05.2016; 500.00 ლარის, საგადახდო დავალება #10900784, გადახდის თარიღი 08.08.2016; 2291.55 ლარის, საგადახდო დავალება #11322466, გადახდის თარიღი 26.09.2016) ლარის 70% – 2094.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ა-შის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ქ. ა-შს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ა-შის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 991.55 (კერძოდ: 200.00 ლარის, საგადახდო დავალება #10089093, გადახდის თარიღი 11.05.2016; 500.00 ლარის, საგადახდო დავალება #10900784, გადახდის თარიღი 08.08.2016; 2291.55 ლარის, საგადახდო დავალება #11322466, გადახდის თარიღი 26.09.2016) ლარის 70% – 2094.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი