Facebook Twitter

№ას-604-604-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ნ. ქ. ქ.“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ასპინძის თვითმმართველი ერთეული, სს „ა. დ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამუშაოების შესრულებულად აღიარება, შესრულებული სამუშოების ღირებულების დაკისრება და საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ნ. ქ. ქ.“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მენარდე) და ასპინძის თვითმმართველ ერთეულს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) შორის 2016 წლის 13 სექტემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #122 ხელშეკრულება, იხ. ს.ფ. 21-28. ტ.1), (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის მიხედვით მოსარჩელეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ო., ს., ძ., ჭ.) მისასვლელი გზების (მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოები (მოასფალტება) უნდა შეესრულებინა. შესყიდვების ღირებულება - 480 277 ლარია. სამუშაოები 2016 წლის 10 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

2. ხელშეკრულების 2.1. და 2.2 პუნქტებით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებული სტანდარებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად. წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო არ მიეღო სამუშაო. მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციით, სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, გათვალისწინებული იყო შემდეგი მოთხოვნები: ტკეპნის კოეფიციენტი, საფარის სისქე და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით (0-40მმ).

3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „არდი დაზღვევამ“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან გარანტი) 2016 წლის 6 სექტემბერს გასცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია,რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა ასპინძის მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნულ სოფლებში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე მენარდის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება. გარანტმა იკისრა ვადლებულება მოეხდინა მენარდის მიერ მიყენებული ნებისმიერი პირდაპირი ზიანის ანაზღაურება საგარანტიო თანხის - 48028 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა-2016 წლის 10 დეკემბრამდე (იხ. საბანკო გარანტია, ს.ფ. 29. ტ.1).

4. 2016 წლის 29 სექტემბერს შემკვეთმა წერილით აცნობა მოსარჩელეს, რომ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზით მიმდინარეობდა და ხარვეზის აღმოფხვრა მოითხოვა.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, ასპინძის სოფლების საავტომობილო გზაზე ნიმუშების აღების ადგილებზე, ყველა შემთხვევაში, ასფალტის საფრის ქვეშ საფუძველი გაკეთდა ქვიშახრეშიანი მასალით. როგორც ნიმუშების აღების ადგილებში, ასევე - ასფალტის საფარზე არსებულ ე.წ. შურფებში (სადაც ჩანდა საფუძვლის ფენა) არცერთ შემთხვევაში, ასფალტის საფარის ქვეშ ფრაქციული ღორღი არ აღმოჩნდა. საავტომობილო გზაზე დაგებული ასფალტის საფრის ქვედა ფენიდან (მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი, ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი) ამოკვეთილი ნიმუშების მიხედვით, სისქე 3.5 სმ-დან 7.0 სმ-მდე მერყეობს. ამოკვეთილი 16 ნიმუშიდან 7 ადგილზე საფრის სისქე 5 სმ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 9 ადგილზე 5.0 სმ და 5 სმ-ზე მეტი. ასფალტის საფრის ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ დატკეპნის კოეფიციენტი კპ 1+600-ზე შეადგენდა 99%-ს, რაც შეესაბამებოდა მოთხოვნებს, კპ 0+600-ზე და პკ 2+600-ზე კი, შეადგენდა - 97%-ს, რაც ვერ პასუხობდა მოთხოვნებს. საავტომობილო გზაზე შესრულებული სამუშაოების გამოკვლეული ნაწილიდან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს შეესაბამებოდა ქვიშა-ხრეშნარევის მოწყობის სამუშაო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს არ შეესატყვისებოდა საფუძვლის სამუშაო ფრაქციული ღორღით. დაგებული ასფალტის საფრის ქვედა ფენის სისქე ზოგიერთ (9 ნიმუში) ადგილში შეესაბამებოდა, ხოლო ზოგიერთ (7 ნიმუში) ადგილში კი, არ პასუხობდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს. ასფალტის საფარის ქვედა ფენის დატკეპნის კოეფიციენტი კპ 1+600-ზე შეესაბამებოდა, ხოლო კპ 0+600-ზე და პკ 2+600 ზე არ შეესატყვისებოდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს (იხ. დასკვნა, ს.ფ. 90-111. ტ.1).

6. 2016 წლის 3 ნოემბერს შემკვეთმა მენარდეს ექსპერტიზის დასკვნა გაუგზავნა და აცნობა, რომ ორ სამუშაო დღეში დაეწყოთ დასკვნაში მითითებული ხარვეზის გამოსწორება და შემდგომ შეესრულებინათ სამუშაოები პროექტის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყდებოდა.

7. მენარდემ შემკვეთის მითითებები არ გაითვალისწინა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

8. მოპასუხის 2016 წლის 11 ნოემბრის ბრძანებით, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და მისი შეწყვეტით მიყენებული ზიანისათვის, მოსარჩელეს პირგასამტეხლო, 24013.85 ლარი და ექსპერტიზის ხარჯი, 5900 ლარი, სულ - 29913.85 ლარი დაეკისრა (იხ. ბრძანება, ს.ფ. 48-49, ტ.1).

9. შემკვეთმა გარანტს 2016 წლის 25 ნოემბერს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა საგარანტიო თანხის - 48028 ლარის ანაზღაურების შესახებ.

10. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების (მე-3 ეტაპის 1-ლი მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდგომში შპს „ა.“ შეასრულა, რომლის ღირებულება - 514 030 ლარია.

11. 2016 წლის 9 დეკემბერს მენარდემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების გაგრძელების, სამუშაოების შესრულებულად აღიარების, შესრულებული სამუშოების ღირებულების დაკისრებისა და საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.

12. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, პირველი მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება კანონის შესაბამისად გამოიცა და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ხოლო მეორე მოპასუხემ აღნიშნა, რომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიმართ საგარანტიო თანხის გადახდის კანონიერი საფუძველი აღარ იარსებებდა.

13. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 629-ე, 317-ე, 327-ე, 50-ე, 361-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 644-ე, 405.1, 636-ე, 855-ე და 879-ე, მუხლები გამოიყენა.

14. აღნიშნული გადაყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი დარჩა განუხილველი.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 4207.50 (გადასახადების გარეშე) ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

16.1. 2018 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე შემკვეთმა დაადასტურა, მენარდის მიერ გზის სამოსის მოწყობის ნაწილში ქვიშა-ხრეშნარევით (0,70 მმ) 5 სმ სიმაღლის შემასწორებელი ფენის მოწყობის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტი, რომლის ღირებულებაც - 4207.50 (დღგ-ს გარეშე) ლარს შეადგენდა. პალატამ აღნიშნა, რომ რაკი შემკვეთმა დაადასტურა მოსარჩელის მიერ გზის სამოსის მოწყობის ნაწილში ქვიშა-ხრეშნარევით (0,70 მმ) 5 სმ სიმაღლის შემასწორებელი ფენის მოწყობის სამუშაოების შესრულების ფაქტი, ამ ნაწილში არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

16.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მენარდემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოები არ დაემთხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მიმართულებებსა და მოცულობებს, რაც გამორიცხავდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და შესრულების ღირებულების მოთხოვნის საფუძველს.

16.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველყოფის გარანტიაც, რომლის გამოყენების მთავარ პირობას ხელშეკრულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა, შემკვეთმა მართლზომიერად მოითხოვა.

17. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

17.1. კასატორის მტკიცებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 9 ნოემბრის წერილი, რომლითაც მენარდემ შემკვეთს შეატყობინა, რომ ის უარს არ აცხადებდა ხარვეზის გამოსწორებაზე და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მოითხოვდა, პროექტის ფარგლებში გამოვლენილიყო ის ადგილები, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა საგზაო-სამშენებელო ობიექტის ექსპლუატაციას. აღნიშნული მოთხოვნა შემკვეთმა არ შეასრულა. კასატორის განმარტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა შესრულებული სამუშაოს პროექტთან შეუსაბამობა და არა ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზები, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში არ მიუთითებდა, რომ ობიექტი ექსპლუატაციისათვის არ იყო ვარგისი. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ის მოცემულობა, რომელიც ადგილზე შეიქმნა, საჭიროებდა სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრას ან შესრულებული სამუშაოების მიღებას ექსპლუატაციაში. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, 2016 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება. ასეთ გადაწყვეტილებას მენარდე არ ეთანხმება, ვინაიდან სამუშაოები შესრულებული იყო, ხოლო შემკვეთმა/შემსყიდველმა მიიღო, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო, ისე მიმწოდებლის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

17.2. კასატორის მითითებით, ახალმა მენარდემ სამუშაოები შეასრულა მხოლოდ მარტში, ამდენად, 2017 წლის 29 მარტამდე, ხუთი თვის განმავლობაში, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები იყო ექსპლუატაციაში, და ამ დროს ჰქონდა თუ არა საგზაო ობიექტს რაიმე ხარვეზი ან ასრულებდა თუ არა დანიშნულებას, უცნობია.

17.3. კასატორის მტკიცებით, მათ სასამართლოს წარუდგინეს შპს „ო. გ.“-ის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა მათ მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 276 878,85 ლარის სამუშაოების შესრულებას, რაზედაც შემკვეთს კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

21. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ითხოვს მის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ეს მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად შეასრულა. საკასაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს ვალდებულების საგნის ხარისხის შესახებ შემკვეთსა და მენარდეს შორის შეთანხმებულ სახელშეკრულებო დათქმას (ტკეპნის კოეფიციენტი, საფარის სისქე და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით (0-40მმ)), რომელიც მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების დროს მენარდემ არ გაითვალიწინა და საგზაო სამუშაოები ხარვეზიანად, ანუ არაჯეროვნად შეასრულა. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების დროს შემკვეთს წარმოეშობა სსკ-ის 644-ე მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე) განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ შემკვეთმა მენარდეს აცნობა გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, გაუგზავნა ექსპერტიზის დასკვნა, მიუთითა დასკვნაში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ და ხელშეკრულების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის თაობაზეც გააფრთხილა, თუმცა მენარდემ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისათვის დაწესებული დამატებითი ვადის ფარგლებშიც არ აღმოფხვრა ხარვეზი. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთმა მართლზომიერად თქვა უარი ხელშეკრულებაზე..

23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასეს და დაუსაბუთებლად გაიზიარეს შემკვეთის მიერ წადგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი. პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის იმ შინაარსზე, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას გამორიცხავს, რადგან დასკვნაში მითითებულია, რომ საავტომობილო გზაზე, ასფალტის საფარვლის ქვეშ ფრაქციული ღორღი (0-40მმ) არ ფიქსირდება, ნორმას არ შეესაბამება საფარის სისქე, ასფალტის საფრის ქვედა ფენის დატკეპნის კოეფიციენტი კპ 1+600-ზე შეესაბამება, ხოლო კპ 0+600-ზე და პკ 2+600 ზე არ შეესატყვისება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს. დასკვნის მითითებული მონაკვეთი ცხადყოფს, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა შესასრულებელი სამუშაოებისადმი შემკვეთის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო მენარდეს ამ გარემოების გამაქარწყლებელი და მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

24. საკასაციო სასამართლო ამ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის მსჯელობას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები ექსპლუატაციაში იყო ხუთი თვის მანძილზე და ამ დროს ჰქონდა თუ არა საგზაო ობიექტს რაიმე ხარვეზი ან ასრულებდა თუ არა დანიშნულებას, უცნობია, და განმარტავს, რომ ახალმა მენარდემ მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები (მოასფალტება) ხელახლა შეასრულა, ამასთან, ამ გარემოების კვლევა სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს დავის შედეგზე, ვინაიდან საქმეში დაცული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც მისი სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის საფუძველია.

25. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ო. გ.“-ის დასკვნა, რომელიც მენარდის მიერ 276 878,85 ლარის სამუშაოების შესრულებას ადასტურებდა. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ შემკვეთმა სადავო გახადა მასში მითითებული მონაცემების სისწორე და მიუთითა, რომ დასკვნა შედგენილი იყო მათი ჩართულობის გარეშე. შემსყიდველისთვის უცნობი იყო სად ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა და თუ სამუშაოს შესრულების ამსახველი რა მასალები იქნა წარდგენილი ექსპერტიზაზე, აღნიშნულით კი, დაირღვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომელიც მოითხოვს შემკვეთის მონაწილეობას შესრულებული სამუშაოს ღირებულების შეფასებაში. პალატა კასატორს მიუთითებს კონტრაჰენტ მხარეთა შორის შეთანხმებულ სახელშეკრულებო დათქმაზე, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ აკრედიტებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ პროცესებში ორივე მხარის ჩართულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატის განსჯით, მენარდემ დაარღვია ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობა, ამასთან შპს „ო. გ.“-ის ანგარიშის შესწავლის საფუძველზე თვალსაჩინო არ არის, თუ როგორ, რის საფუძველზე განხორციელდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებად 276 878.85 ლარის განსაზღვრა. კასატორს ამ მსჯელობის საწინააღმდეგო, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატის განსჯით, ამ დავის ფარგლებში დასტურდება მხოლოდ მენარდის მიერ 4207.00 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი, რაც შემკვეთმაც აღიარა და სააპელაციო სასამართლომაც მიაკუთვნა. აღნიშნულის გარდა, შემკვეთისათვის შესრულებული სამუშაოს სანაცვლო ანაზღაურების დაკისრების მავალდებულებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კასატორს ამ დავის ფარგლებში არ წარმოუდგენია. ამასთან, კასატორს მართლაც რომ შეესრულებინა 276 878,85 ლარის სამუშაოები, ეს გარემოება მაინც ვერ გახდებოდა შემკვეთისათვის მითითებული თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საფუძველს ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის შესატყვისი სამუშაოს შესრულება წარმოადგენდა, მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხემ არათუ შეთანხმებული ხარისხით, არამედ იმდენად უხარისხოდ შეასრულა საგზაო სამუშაოები, რომ შემკვეთმა ხელახალი ხელშეკრულების ფარგლებში იმავე საგზაო სამუშაოების შესასრულებლად სხვა კომპანიასთან 514 030 ლარის ხარჯი გასწია.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: #ას-719-672-2017, 19.07.2017წ; #აs-637-595-2017, 11.07.2017წ).

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გიორგი ლომიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 18.06.2018) 70% – 5600 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ. ქ. ქ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ნ. ქ. ქ.“ (44385…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ლ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 18.06.2018) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი