Facebook Twitter

№ას-644-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ს.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – რ. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელე რ. ბ-ძის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხე შპს „ს.“ (შემდეგში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 75 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარით გადახდა.

- მოსარჩელის სარჩელი მოპსუხეების იბა ”ვ. …”, ა. ნ-ძის, ა. ა-ძის, ა. მ-ას, ბ. ი-ვის, ბ. ჩ-ას, გ. ა-ნის, გ. ბ-ის, გ. ყ-ვას, გ. ი-ის, დ. ა-ძის, დ. კ-ძის, დ. ხ-ის, დ. ფ-ას, დ. გ-ის, ე. თ-ის, ე. ფ-ის, ე. ა-ას, ე. ხ-ის, ე. გ-ის, ე. ც-ძის, ე. გ-ნის, ე. ს-ნის, ვ. ლ-ას, ვ. გ-ვას, ვ. თ-ის, ზ. მ-ვის, ზ. ყ-ის, ზ. წ-ძის, ზ. პ-ძის, ზ. ყ-ის, ზ. გ-ვას, თ. წ-ის, თ. ა-ას, თ. ბ-ას, თ. რ-ძის, თ. ჭ-ნის, თ. ც-ძის, თ. მ-ვის, თ. ნ-ას, თ. რ-ვას, ი. ბ-ვას, ი. გ-ძის, ი. ა-ის, კ. წ-ის, ლ. კ-ის, ლ. ნ-ის, ლ. ქ-ის, ლ. ზ-ძის, ლ. ჭ-ძის, ლ. ლ-ლის, მ. ო-ას, მ. ი-ვის, მ. გ-ის, მ. შ-ის, მ. ჯ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-ას, მ. თ-ვას, მ. თ-ის, მ. მ-ძის, ნ. ი-ას, ნ. დ-ძის, ნ. მ-ის, ნ. ფ-ის, ნ. დ-ნის, ნ. გ-ის, რ. ვ-ის, რ. ლ-ძის, ს. მ-ვას, ს. ხ-ვას, ს. დ-ძის, ფ. ქ-ძის, ქ. ნ-ის, ქ. გ-ას, ქ. ნ-ის, ც. კ-ის, ხ. ა-ის, ხ. თ-ის, ხ. მ-დ მ. მ-დის, ხ. უ-ის, შპს „დ.“ მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

- სარჩელი მოპასუხეთა მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით:

- შეჩერდა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოება მოწინააღმდეგე მხარეების - ბ. ჩ-ას და ზ. ყ-ის გარდაცვალების გამო, მათი უფლებამონაცვლეების დადგენამდე, 2019 წლის 25 თებერვლიდან არაუმეტეს ორი თვის ვადით.

4. აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარადგინა და მისი გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ამხანაგობიის წევრების გარდაცვალებიდან გასულია 6 თვეზე მეტი, საქმისწარმოების შეჩერება მიზნად ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. შესაბამისად, საქმის შეჩერება პროცესუალური თვალსაზრისით გაუმართლებელია, საოქმო განჩინება კი უკანონო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაჩერა წინამდებარე საქმეზე წარმოება სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს) საფუძველზე.

7. დასახელებული ნორმა ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმისწარმოება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი გარდაიცვლება და, დავის არსიდან გამომდინარე, დასაშვებია საქმისწარმოების გაგრძელება მისი უფლებამონაცვლის მონაწილეობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეები - ბ. ჩ-ა და ზ. ყ-ი სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისას გარდაიცვალენ. სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული

სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა საპროცესო უფლებამონაცვლეობას უშვებს, რაზეც არც კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმისწარმოება, მოწინააღმდეგე მხარეთა გარდაცვალების გამო, სწორად შეაჩერა.

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, მან ვერ დაასაბუთა რაში მდგომარეობდა მოწინააღმდეგე მხარეთა გარდაცვალების გამო საქმისწარმოების შეჩერების უკანონობა. პალატა ვერ გაითვალისწინებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას საქმის გაჭიანურების თაობაზე, რამდენადაც სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტი მხარის გარდაცვალებისას საქმისწარმოების შეჩერებას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. გასაჩივრებული განჩინებით კი, საქმისწარმოება გონივრული ვადით - 2 თვით შეჩერდა. ამასთან, როგორც აღინიშნა, სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული იყო საქმისწარმოება შეეჩერებინა.

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი