№ას-644-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ს.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – რ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელე რ. ბ-ძის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხე შპს „ს.“ (შემდეგში - მოპასუხე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 75 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარით გადახდა.
- მოსარჩელის სარჩელი მოპსუხეების იბა ”ვ. …-ის”, ა. ნ-ძის, ა. ა-ძის, ა. მ-ვას, ბ. ი-ვის, ბ. ჩ-ას, გ. ა-ნის, გ. ბ-ის, გ. ყ-ვას, გ. ი-ის, დ. ა-ძის, დ. კ-ძის, დ. ხ-ის, დ. ფ-ას, დ. გ-ის, ე. თ-ის, ე. ფ-ის, ე. ა-ას, ე. ხ-ის, ე. გ-ის, ე. ც-ძის, ე. გ-ნის, ე. ს-ნის, ვ. ლ-ვას, ვ. გ-ვას, ვ. თ-ის, ზ. მ-ვის, ზ. ყ-ის, ზ. წ-ძის, ზ. პ-ძის, ზ. ყ-ის, ზ. გ-ვას, თ. წ-ის, თ. ა-ას, თ. ბ-ას, თ. რ-ძის, თ. ჭ-ნის, თ. ც-ძის, თ. მ-ის, თ. ნ-ას, თ. რ-ას, ი. ბ-ვას, ი. გ-ძის, ი. ა-ის, კ. წ-ის, ლ. კ-ის, ლ. ნ-ის, ლ. ქ-ის, ლ. ზ-ძის, ლ. ჭ-ძის, ლ. ლ-ის, მ. ო-ას, მ. ი-ის, მ. -ის, მ. შ-ის, მ. ჯ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-ას, მ. თ-ას, მ. თ-ის, მ. მ-ის, ნ. ი-ას, ნ. დ-ის, ნ. მ-ის, ნ. ფ-ის, ნ. დ-ის, ნ. გ-ის, რ. ვ-ის, რ. ლ-ის, ს.მ-ას, ს. ხ-ას, ს. დ-ის, ფ. ქ-ის, ქ. ნ-ის, ქ. გ-ას, ქ. ნ-ის, ც. კ-ის, ხ. ა-ის, ხ. თ-ის, ხ. მ-დ მ. მ-დის, ხ. უჩ-ის, შპს „დ.ს“ მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
- სარჩელი მოპასუხეთა მიმართ ზიანის - 2011 წლის მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1500 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც. მან მოითხოვა მასზე დაკისრებული 75 000 აშშ დოლარის დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაკისრება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად.
6. 2019 წლის 26 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა, კერძოდ, კერძო აღმასრულებლის - ჯ. ძ-ძის წარმოებაში არსებული აღსრულების ქვემდებარე აქტის NA1902… (თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.02.2019 წ. აქტის N2/1280-15 საფუძველზე) შეჩერება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
8.1. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე. აღმასრულებლის წარმოებაშია საქმე იმ თანხის აღსრულების თაობაზე, რომლის სოლიდარულად დაკისრების შესახებ დავა მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. სოლიდარული ვალდებულებებიდან გამომდინარე თანხა დაკისრებული აქვს მხოლოდ ერთ-ერთ მოვალეს. სასამართლოს დავის საგანი სწორედ სოლიდარული მოვალეობის დადგენაა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის დასრულებამდე აღსრულდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 75 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება, რადგან მოპასუხე ვეღარ მოითხოვს დანარჩენი პირებისაგან თანხას. შესაბამისად, მას მიადგება პირდაპირი და გამოუსწორებელი ზიანი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
12. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი არის მოსარჩელის დაცვა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა მოპასუხემ. ამასთან, მას არ აქვს აღძრული შეგებებული სარჩელი რაიმე მოთხოვნით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე განმცხადებელს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
13. ასეც რომ არ იყოს, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული არგუმენტი გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვიანიდან მოპასუხის მიმართ ვალდებულების აღსრულების შემთხვევაში, მას ექნება უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ სოლიდარულ მოვალეთა მიმართ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება სააპელაციო საჩივარი და დადგინდება მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობა. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს სოლიდარული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებიდან, კერძოდ, სარჩელის მატერიალური უფლების მომწესრიგებელი ნორმებთან ერთად მოქმედებს სსკ-ის 465-ე (კრედიტორს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე, ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება) და 469-ე (სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც) მუხლები. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ვერ იქონიებს გავლენას მოპასუხისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულებაზე, რამდენადაც, კრედიტორს უფლება აქვს, მოთხოვნა წაუყენოს, როგორც ყველა სოლიდარულ მოვალეს, ისე საკუთარი შეხედულებისამებრ, რომელიმე ერთ სოლიდარულ მოვალეს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საჩივარი არ არის დასაბუთებული და სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
15. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი