Facebook Twitter

№ას-759-759-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. ფ. თ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება -საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 7 აპრილს ა. ფ თ. ი-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) ქ. ფ-ლს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) ანგარიშზე (სს „პ. ბ.“) 8 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. მოპასუხემ ანგარიშიდან 6 000 აშშ დოლარი იმავე დღეს გაიტანა (იხ. საბანკო ამონაწერი, ს.ფ. 86-87, ტ. 1).

2. 2014 წლის 8 აპრილს, მოპასუხემ ქალაქ სიღნაღში, ე. ბ. ქუჩა #...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ს/კ #56.14.43…. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) 5 000 აშშ დოლარად შეიძინა და თავის სახელზე დაირეგისტრირა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 19-20). მყიდველმა ნასყიდობის ფასი სრულად გადაიხადა.

3. მოსარჩელე და მოპასუხე 2014 წლის 1 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მოსარჩელე ეგვიპტის მოქალაქეა და საქართველოში სარგებლობს მუდმივი ბინადრობის უფლებით (იხ. ბინადრობისა და ქორწინების მოწმობები, ს.ფ. 29-32, 51, ტ.1).

4. 2014 წლის 26 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგებით, მხარეებმა დაადასტურეს, სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საფასურის, მოსარჩელის მიერ გადახდის ფაქტი, ამასთან, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები გახდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია, სადავო ქონებას მოსარჩელეს გადაუფორმებდა (იხ. გარიგება, ს.ფ. 21-22, ტ.1).

5. 2017 წლის 9 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მისი მტკიცებით,სადავო ქონება მისი სახსრებითაა იყო შეძენილი, თუმცა მოპასუხემ, ქონების მისთვის გადაცემის დაპირება არ შეასრულა. მოსარჩელემ მოპასუხისგან 5 000 აშშ დოლარის დაბრუნება მოითხოვა.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგება რეალურ ფაქტებს არ ასახავს და გაფორმდა მხოლოდ მოსარჩელისთვის ბინადრობის მოწმობის აღების მიზნით. სადავო ქონება კი, საკუთარი სახსრებით შეიძინა.

7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 5 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 50-ე, 54-ე, 56-ე და 991-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

7.1. რაიონულმა სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მოსარჩელემ წარდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა სადავო ქონების მის მიერ გამოგზავნილი თანხით შეძენის ფაქტი. სასამართლოს განსჯით, 2014 წლის 26 აგვისტოს გარიგება იმის დასტურია, რომ სადავო ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, რადგან ამ გარიგებით დაფარულ იქნა სხვა გარიგება, რომლის მიხედვით, ქონების შემძენს ფაქტობრივად მოსარჩელე წარმოადგენდა.

7.2. სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით შეჩერებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის უფლება, ამ შეზღუდვის გამო კი, მოსარჩელე ვერ მოითხოვდა, მოპასუხისაგან საკუთარი სახსრებით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო მოპასუხე ამ ქონების შესაძენად გადაცემული თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა (გახდა სადავო ქონების მესაკუთრე), ნასყიდობის საფასური ექვემდებარებოდა დაბრუნებას.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა მოპასუხის/აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონება შეიძინა მისი პირადი ან ოჯახის წევრების კუთვნილი თანხით.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ კი, არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთის შესაძენად მოპასუხის მიერ მისთვის ანგარიშზე გადარიცხული თანხა გამოიყენა. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული გარიგება არ ითვალისწინებს თანხის დაბრუნების თაობაზე რაიმე სახის მითითებას, შესაბამისად, ამ გარიგების საფუძველზე მისთვის თანხის დაკისრება კანონსაწინააღმდეგოა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) დანაწესიდან გამომდინარეობს.

16. სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან სადავო თანხა საფუძვლის გარეშე გადასცა მოპასუხეს, რითაც ეს უკანასკნელი გამდიდრდა. შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა. ბ) გადაცემის განხორციელება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენა.

17. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ მოპასუხეს 2014 წლის 7 აპრილს 8000 აშშ დოლარი გადაურიცხა, საიდანაც 5000 აშშ დოლარად მოპასუხემ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძინა. საქმეში დაცული 2014 წლის 26 აგვისტოს გარიგების შინაარსი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენდა, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე/ფიზიკურ პირზე აკრძალულია (გარდა მემკვიდრეობის მიღების შემთხვევისა) (იხ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), მოსარჩელემ კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, მოსარჩელეს გადასცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა, რათა ამ უკანასკენლს მისთვის შეეძინა უძრავი ქონება. ამავდროულად, მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სადავო ქონება დაუყოვნებლივ გადაეფორმებინა მოსარჩელის სახელზე, როგორც კი, საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები გახდებოდა უცხოელზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. გარემოებათა ამგვარი ჯაჭვი ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის კანონსაწინააღმდეგო, ბათილი გარიგება დაიდო (სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და მოსარჩელემ მოპასუხეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა, ვინაიდან არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში მის მიერ გამოვლენილი ნება სადავო ქონების შეძენის თაობაზე არარეალიზებადი იყო. ამ საკვანძო საკითხის განხილვისას საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხე უარყოფს სადავო ქონების მოსარჩელის სახსრებით შესყიდვას და მიუთითებს, რომ სადავო ქონება მან საკუთარი სახსრებით შეიძინა. საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და განმარტავს რომ თითოეულმა მხარემ სარწმუნო და წონადი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ამყარებს საკუთარ მოთხოვნას, შესაბამისად, კასატორის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან საკუთარი სახსრებით შეისყიდა სადავო ქონება, მაშინ როდესაც, საქმეში დაცული გარიგების შინაარსიდან ირკვევა, რომ კასატორს მოსარჩელემ გადასცა მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული ვერ იქნება. საბოლოოდ, საქმის გარემოებათა გაანალიზებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ცალსახაა, რომ მოპასუხე მოსარჩელისგან მიწის ნაკვეთის შესასყიდად გადაცემული 5000 აშშ დოლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან მოსარჩელემ მის იურიდულ ინტერესში შემავალ საგანზე საკუთრების უფლება ვერ მოიპოვა, ხოლო დასახელებული თანხის მოპასუხისათვის გადაცემის მიზანს, სამომავლოდ, სწორედ სადავო ქონებაზე ამგვარი უფლების მოპოვება წარმოადგენდა.

18. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების შეუქცევადი ნაკლით (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემით) დამდგარი ნეგატიური შედეგის მაკომპენსირებელი ფუნქციითა აღჭურვილი შესრულების კონდიქციის მარეგულირებელი სსკ-ის 976-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული შესრულების უკუქცევის შესაძლებლობას განსაზღვრავს. „უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.“ (შდრ. საქმე Nას-1193-1122-2015. 31.05.2016წ.). კონკრეტული საქმის გარემოებები ცხადყოფს რა სსკ-ის 976.1 მუხლის გამოყენების თანმხვედრი წინაპირობების არსებობას, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის განკარგვის სფეროში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეული თანხების მოსარჩელისთვის დაბრუნება მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი წონასწორობის აღდგენას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული გარიგება თანხის დაბრუნების თაობაზე დათქმას არ ითვალისწინებდა, პალატა განმარტავს, რომ ამ გარემოებაზე მითითება გავლენას ვერ მოახდენს დავის სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების საფუძველს მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლებრივი მოცემულობა წარმოადგენს.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ. სუსგ-ები # ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016).

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 615 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ლ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 615 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 19.06.2018) 70% – 430.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ქ. ფ-ს (40001005…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 615 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 19.06.2018) 70% – 430.6 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი