№ას-657-657-2018 30 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებას, რომლითაც, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ბ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 01.04.2016 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №93..- აქტში მითითებული მოძრავი ნივთები.
2. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე და მოვალე წარმოადგენენ მამა-შვილს და საერთო სახლში ცხოვრობენ. ამდენად, მოძრავი ნივთების შეძენა შეეძლო როგორც მოვალეს, ასევე მოსარჩელეს. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს და მოძრავ ნივთებთან მიმართებით, მის მიმართ მოქმედებს საკუთრების უფლების პრეზუმცია, გასათავალისწინებელია, რომ მოვალეც ცხოვრობს და რეგისტრირებულია აღნიშნულ უძრავ ქონებაში, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ სპეციალური კანონი კი, აყალიბებს ზოგადისაგან განსხვავებულ პრეზუმციას, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოვალე ცხოვრობს და რეგისტრირებულია მოსარჩელის უძრავ ქონებაში, იგულისხმება, რომ მის საცხოვრებელ ბინაში მოძრავი ნივთები მას ეკუთვნის საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ „ასერის“ ფირმის კომპიუტერზე, კომპიუტერის მაგიდაზე, „სამსუნგის“ ფირმის მაცივარსა და კუთხის დივანზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, ხოლო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით, ნივთების მესაკუთრის ვინაობის გამორკვევა ეწინააღმდეგებოდა მხარეთა შეჯიბრებითობისა და დავის სამართლიანად გადაწყვეტის პრინციპს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.2.1. ქალაქ თბილისში, ლ. ქუჩა #...-ში მდებარე ბინა #..., მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #01.11.03.008…., 2011 წლის 1 ნოემბრიდან მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 26-27).
5.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #4/72…-15 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კ. გ-ს (შემდეგში მეორე მოპასუხე ან მოვალე), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
5.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 18 იანვარს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #935… აქტით, მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ბინაში არსებულ მოძრავ ნივთებს: კომპიუტერი „ასერის“ მონიტორით, „სამსუნგის“ ტელევიზორს, კომპიუტერის მაგიდას, „ელ ჯის“ სარეცხი მანქანას, “სამსუნგის“ მაცივარსა და კუთხის დივანს. (იხ. აქტი, ს.ფ. 18-19).
5.2.4. მოვალე კ. გ-ი არის ბ. გ-ის შვილი, რომლის რეგისტრირებული მისამართია მოსარჩელის უძრავი ქონება.
5.2.5. მოწმეთა ჩვენების თანახმად, სადავო ნივთები მოსარჩელემ შეიძინა.
6. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 186-ე მუხლი (1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.) და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტები.
7. განსახილველ შემთხვევაში სადავოა დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრის ვინაობა და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანსაც სწორედ ამ გარემოების, კერძოდ სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების შედავების სამათლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს, რა მიზნითაც პალატა ყურადღებას საქმის შემდეგ გარემოებებს მიაქცევს:
7.1. დადგენილია, რომ მოძრავი ნივთების განთავსების ადგილის/უძრავი ნივთის მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოვალე მოსარჩელესთან ერთად მოსარჩელის საცხოვრისის ბინადარია. საგულისხმოა, რომ მოვალემ დავის პროცესში სარჩელი ცნო, რითაც სადავო საგნებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება აღიარა, თუმცა პალატის განსჯით მარტოოდენ ეს გარემოება არ კმარა დავის სწორი შედეგის განსაზღვრისათვის, ვინაიდან დაყადაღებული მოძრავი ნივთების მიმართ, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალების მიმართ იურიდიული ინტერესი აქვს მოვალის კრედიტორს/კასატორს. კასატორი საკუთარ სამართლებრივ პრეტენზიას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის დანაწესზე ამყარებს, რომლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის), თუმცა საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ ნორმის კასატორისეულ ინტერპრეტაციას და განმარტავს, რომ, მართალია, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი, როგორც სპეციალური ნორმატიული აქტი ითვალისწინებს შესაბამის რეგულაციას, მაგრამ, ამავდროულად, ამავე კანონის 32-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში მესამე პირებს უფლება აქვთ სასამართლოს წინაშე იდავონ მათ საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ორი ნორმა ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ არა ყველა მოვალე მიიჩნევა უცილობლად მოვალეთა საცხოვრებელ ადგილას განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრედ, არამედ ის მოვალეები, რომელთა საცხოვრებელ ადგილას განთავსებული მოძრავი ნივთების დაყადაღებისას, მესამე პირები სასამართლოს წინაშე სარჩელის წარდგენის გზით არ განაცხადებენ და არ დაასაბუთებენ დაყადაღებული ნივთების მათდამი კუთვნილების თაობაზე.
7.2. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება შემდეგნაირია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
7.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ნივთის პასპორტი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად დასტურდება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილება, შესაბამისად, სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლებისა და მოძრავი ნივთებზე მოვალის საკუთრების უფლების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება კასატორს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, სასამართლოს განსჯით, მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის, არ იყო საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება პირველ მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, შესაძლებელია საკუთვნებელის სახით არსებული გარკვეული ნივთი წარმოადგენდეს ცალკე სანივთო უფლების ობიექტს, თუმცა, ის, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ ბინაში განთავსებული მოძრავი ქონება წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ - მოვალის საკუთრებას, მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რაც ვერ მოახერხა.
10. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დასძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი