№ას-1007-928-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ფ. თ-ვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ე. ე-ი, ს. ლ-ძე, თ. ზ-ძე, მ. ზ-ძე, ზ. ზ-ძე, მ. ზ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინება მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქარელის რაიონის დაბა … საკრებულოს 1996 წლის 12 თებერვლის #259 და იმავე წლის 21 ოქტომბრის #1685 ცნობის თანახმად, ქარელის რაიონში დაბა …, ტ. ქუჩა N…-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (შემდეგში - სადავო ქონება ან უძრავი ქონება) 1970 წლიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ს. თ-ის (შემდეგში - თავდაპირველი მესაკუთრე, მამკვიდრებელი ან მოსარჩელის მამა) სახელზე ირიცხებოდა. მასთან ერთად ბინაში ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ცოლი - მ. თ-ი (შემდეგში - მოსარჩელის დედა), შვილი - ფ. თ-ი (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), შვილიშვილები: ს. თ-ი, ე. თ-ი და რძალი - ზ. თ-ი (შემდეგში -მოსარჩელის მეუღლე), (იხ. ცნობები, ს.ფ. 23;42. ტ.1).
2. 1991 წელს მოსარჩელე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად წავიდა უკრაინაში, სადავო სახლში დარჩნენ მისი მშობლები. თავდაპირველი მესაკუთრე გარდაიცვალა 19… წლის … ივლისს (იხ. ცნობა, ს.ფ. 42. ტ.1 და სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 159-161. ტ.3).
3. 1991 წლის 29 ოქტომბერს მოსარჩელის დედამ გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (შემდეგში - სადავო მინდობილობა), რომლითაც … საკრებულოს გამგებელს მიანიჭა უძრავი ქონების გაყიდვის უფლებამოსილება (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 28. ტ.1). მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა უძრავი ნივთი 1993 წლის 24 თებერვალს მიჰყიდა ზ. ე-ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი შემძენი), (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 27. ტ.1).
4. მოსარჩელის დედა 19… წლის ნოემბერში საცხოვრებლად წავიდა უკრაინაში და 19.. წლის … ოქტომბერს იქ გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 15.ტ.1).
5. პირველმა მოპასუხემ 1995 წლის 1 დეკემბერს გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (შემდეგში - სადავო მინდობილობა), რომლითაც ნ. ე-ს უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 16. ტ.1). მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა სადავო ქონება 1995 წლის 7 დეკემბერს მიჰყიდა ს. ლ-ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე შემძენი), (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 29. ტ.1).
6. ქარელის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (შემდეგში - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოსარჩელის სარჩელი პირველი და მეორე მოპასუხის მიმართ სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უარყოფილ იქნა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 107-108. ტ.1).
7. პირველი მოპასუხე 19… წლის … ოქტომბერს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 149. ტ.2).
8. 2003 წლის 9 აგვისტოს, მეორე მოპასუხემ გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად, თ. ზ-ძეს (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე შემძენი) მიანიჭა უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობის საფუძველზე რწმუნებული საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილებითაც აღიჭურვა (იხ. მინდობილობა, ს.ფ.39. ტ.3). ამ მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა/მესამე მოპასუხემ 2013 წლის 13 სექტემბერს წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით დადო სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, უძრავი ქონება მესამე მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 40-41, 55-56. ტ.3).
9. 2014 წლის 23 ივნისს მოსარჩელემ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს (იხ. განცხადება, ს. ფ. 110-116. ტ.1).
10. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა; კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და განახლდა საქმისწარმოება (იხ. განჩინება, ს.ფ. 167-169. ტ.2).
11. მოსარჩელემ, როგორც გარდაცვლილის/თავდაპირველი მესაკუთრის პირველი რიგის მემკვიდრემ, 2016 წლის 4 ნოემბერს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო გარდაცვლილის დანაშთი ქონება, ანუ სრული აქტივი და პასივი, რაც მამკვიდრებელს ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის (იხ. სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 159-161. ტ.3).
12. 2016 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის, ე. ე-ის (შემდეგში - პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე), მეორე და მესამე მოპასუხეების, მ. ზ-ძის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), ზ. ზ-ძისა (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) და მ. ზ-ძის (შემდეგში - მეექვსე მოპასუხის) მიმართ გარიგებების ბათილად ცნობის, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ პირველმა მოპასუხემ დედამისი აიძულა ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობა გაეცა მაშინდელი დაბა … საკრებულოს გამგებლის სახელზე, რომელმაც შემდგომ სადავო ქონება მიჰყიდა პირველ მოპასუხეს. მოსარჩელის მითითებით, დედამისი არც უძრავი ქონების მესაკუთრე და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა მოსარჩელის მამასთან და არც სამკვიდრო მოწმობა არ აუღია. ბინის მესაკუთრე იყო მამამისი. პირველმა მოპასუხემ სადავო ქონების განკარგვის თაობაზე მინდობილობა გაუფორმა ძმას, რომელმაც უძრავი ქონება მიჰყიდა მეორე მოპასუხეს. საქართველოში დაბრუნების შემდგომ დაიწყო დავა ქონების დაბრუნების შესახებ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე 2014 წელს შეიტყო და მისი განცხადების საფუძველზე ეს გადაწყვეტილებაც ბათილად იქნა ცნობილი. 2013 წლის 9 აგვისტოს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობამდე კი, მეორე მოპასუხის მიერ მესამე მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სადავო ქონება საკუთარ თავთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მესამე მოპასუხის სახელზე აღირიცხა. ამჟამად უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მესამე მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები. მისი მტკიცებით, მოპასუხეთა უკანონო ქმედებით დაკარგა კუთვნილი უძრავი ქონება.
13. პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის დედის მიერ 19… წლის … ოქტომბერს … საკრებულოს გამგებლის სახელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან იძულება არ იყო დადგენილი. მოსარჩელის დედა, როგორც თავდაპირველი მესაკუთრის კომლის წევრი, სადავო ქონების მესაკუთრე იყო, შესაბამისად, კუთვნილი ქონების გასხვისების უფლებამოსილებაც ჰქონდა. ამდენად, არც 1993 წლის 24 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის მინდობილობაც გაფორმებულია კანონის მოთხოვნათ დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
13.1. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეძენისას ქონების სადავოობის შესახებ არაფერი იცოდა, მხოლოდ სასამართლოში გახდა ცნობილი. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა საცხოვრებლად გადასვლა, რის გამოც მიჰყიდა მესამე მოპასუხეს, მინდობილობაც იმ მიზნით გაუფორმა, რომ თვითონ აღარ ევლო საბუთების გასაფორმებლად.
13.2. მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხეებმაც სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ბინა შეიძინეს მეორე მოპასუხისაგან, გაარემონტეს და წლებია იქ ცხოვრობენ. არიან კეთილსინდისიერი შემძენები და მათ არაფერი იცოდნენ უძრავი ქონების სადავოობის შესახებ.
14. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის დედასა და პირველ მოპასუხეს შორის სადავო უძრავი ქონებაზე 1993 წლის 24 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად; დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
15. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე უარყოფილ იქნა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღიარებით სასარჩელო მოთხოვნებზე მოსარჩელის იურიდიულ ინტერესი სადავო საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების ცნობა, ამ ბინის გამოთავისუფლება და ჩაბარებაა, რომელსაც წინ ეღობებოდა უძრავი ქონების დღევანდელი მესაკუთრის/მესამე მოპასუხის, როგორც უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის, კანონით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მესამე მოპასუხე სადავო ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი იყო. ამასთან, პალატამ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოსარჩელე/აპელანტი ვერ უთითებდა ვერცერთ გარემოებაზე ამჟამინდელი მესაკუთრის, როგორც სადავო ქონების შემძენის, არაკეთილსინდისიერებაზე. პალატის დასკვნით, მესამე მოპასუხემ არ იცოდა და ობიექტურად, არც შეიძლებოდა, სცოდნოდა, რომ უძრავი ნივთზე, რომელიც მან შეიძინა, რეესტრის ჩანაწერი უზუსტო იყო ან/და მასზე (შეძენილ უძრავ ნივთზე) არსებობდა დავა.
18. აღნიშნული განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებაც გაასაჩივრა.
18.1. კასატორის მტკიცებით, უდავოა, რომ პირველმა მოპასუხემ ყველაფერი გააკეთა მისი მამაპაპისეული ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. უდავოა ისიც, რომ მას ქონების საფასური არ გადაუხდია. გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნიეს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მეორე და მესამე მოპასუხეები კეთილსინდისიერ შემძენებად, მაშინ, როდესაც მათთვის ყველა სადავო გარემოების შესახებ ცნობილი იყო, კერძოდ, მეორე მოპასუხე უშუალოდ მონაწილეობდა სასამართლოში საქმის განხილვაში, ხოლო მესამე მოპასუხე და მისი ოჯახი ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში მისმა მეუღლემ, დაბა … საკრებულოს თანამშრომელმა და ოჯახის ახლობელმა ნ. კ-ძემ გააფრთხილეს, რომ უძრავ ქონებაზე მიმდინარეობდა დავა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა შუამდგომლობით ნ. კ-ძის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მეორე და მესამე მოპასუხის არაკეთილსინდისიერებას, თუმცა სასამართლომ უარყო ეს შუამდგომლობა, რაც უკანონო და დაუსაბუთებელია, რაიონულ სასამართლოში აღნიშნული პირის მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო (მეუღლის ავადმყოფობისა და შემდგომ მისი გარდაცვალების გამო), ვერ იშუამდგომლა მისი მოწმედ დაკითხვაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
22. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის მთავარ ინტერესს ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება წარმოადგენს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 185-ე მუხლის საფუძველზე, სწორად უარყო მისი მოთხოვნა და სრულიად მართებულად მიიჩნია მესამე მოპასუხე კეთილსინდისიერ შემძენად, სახელდობრ:
23.1. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილია (ვინაიდან, თავდაპირველ მესაკუთრეს ქონების გასხვისების ნება არ გამოუვლენია), ხოლო მესამე მოპასუხე არაკეთილსინდისიერი შემძენია, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ნივთზე საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 185-ე (შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე) მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენის (მესამე მოპასუხის) არსებობა განაპირობებს.
23.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება წარმოადგენს სამოქალაქო ურთიერთობების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. კლასიკურ შემთხვევებში, როდესაც გამსხვისებელი მესაკუთრედ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მიუხედავად რეგისტრაციის უკან არსებული უფლების არამართლზომიერებისა, შემძენისათვის იგი წარმოადგენს მესაკუთრეს. როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება მართლზომიერია, კეთილსინდისიერების საკითხი არ განიხილება. ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალური მას შემდეგ ხდება, როდესაც გასხვისების ნებას გამოავლენს არანამდვილი (არამართლზომიერი) მესაკუთრე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემძენმა საკუთრების უფლების გადასვლამდე არ იცოდა უფლებრივი მდგომარეობის ხარვეზის შესახებ, ანუ ამ ფაქტის მიმართ იგი კეთილსინდისიერია, შემძენისათვის საკუთრების უფლება წარმოშობილია გარიგების წერილობითი ფორმით დადებისა და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
23.3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უთითებს, რომ მეორე გამყიდველი თავად დადიოდა სასამართლო პროცესებზე და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო უძრავ ქონებაზე მიმდინარე დავის შესახებ. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ მეორე მოპასუხის მიმართ სასამართლო პროცესი მას შემდეგ წარიმართა, რაც ამ უკანასკნელთან სადავო გარიგება დაიდო. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პირველი მოპასუხის საკუთრების ხარვეზის თაობაზე მეორე მოპასუხისთვის გარიგების დადებამდე იყო ცნობილი. მეორე მოპასუხე მაშინ იქნებოდა არაკეთილსინდისიერი შემძენი, თუ მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ მან გარიგების დადებისას იცოდა პირველი შემძენის საკუთრების ხარვეზის თაობაზე. ამასთან, რომც დგინდებოდეს მისი არაკეთილსინდისიერება, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მესამე მოპასუხეც/მესამე მყიდველიც ამ ფაქტის წინაშე არაკეთილსინდისიერია. საკასაციო პალატა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), კერძოდ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მესამე შემძენმა საკუთრების უფლების გადასვლამდე იცოდა უფლებრივი მდგომარეობის ხარვეზის შესახებ, ან/და მასზე (შეძენილ უძრავ ნივთზე) არსებობდა დავა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, მან დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო და სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერცერთი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. მან ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც მესამე მოპასუხის, როგორც სადავო უძრავი ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერებას დაამტკიცებდა. კასატორის მტკიცებით, მისმა მეუღლემ, საკრებულოს წარმომადგენელმა და ოჯახის ახლობელმა - ნინო კობალაძემ, ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე ბინის შეძენამდე გააფრთხილეს უძრავი ნივთის სადავოობის თაობაზე, თუმცა კასატორმა მითითებული გარემოება სასამართლოსთვის სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა. საკასაციო პალატის განმარტებით, რაკი მოსარჩელის მეუღლე საქმეზე მოწმედ არ დაკითხულა, მისი ახსნა-განმარტება მოსარჩელის წარმომადგენლის სტატუსის ფარგლებში, თავად მხარის ახსნა-განმარტებაა და სადავო ფაქტის დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად არ განიხილება. თითოეული მხარის მითითება ამა თუ იმ გარემოების არსებობა-არარსებობის თაობაზე უნდა დასტურდებოდეს სარწმუნო მტკიცებულებებით, მათ შორის, ასეთი შესაძლებელია იყოს მოწმის ჩვენებაც. ამ დავის ფარგლებში, მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების სადავოობის თაობაზე მესამე მოპასუხის ინფორმირების დადასტურების შესაძლებლობის მქონე პირად დასახელებული ნ. კ-ძის სასამართლო სხდომაზე მოწმედ წარმოდგენა ვერ შეძლო. დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, რომ საქმეზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც (ნ. ლ-ძე, მ. მ-ი) ვერ დაადასტურეს მესამე მოპასუხის არაკეთილსინდისიერების ფაქტი უძრავი ნივთის ნასყიდობის მიმართ და დასძინეს, რომ თავადაც მოგვიანებით (მას შემდეგ, რაც მესამე მოპასუხემ შეიძინა სადავო ქონება), შეიტყვეს ქონებაზე საკუთრების უფლების სადავოობის თაობაზე. რაც შეეხება საკრებულოს თანამშრომელს - ლ. ს-ს, რომელმაც კასატორის მტკიცებით ასევე უწყოდა მესამე მოპასუხის არაკეთილსინდისიერების ფაქტი, მისი დაკითხვის მოთხოვნით, მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია. შესაბამისად, მოსარჩელემ ამ დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზაცია და მესამე მოპასუხის კეთილსინდისიერების ფაქტის გაქარწყლება.
23.4. საკასაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის დედასა და პირველ მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე 19… წლის .. თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, აუცილებელია, დამატებით ერთი წინაპირობის არსებობა, კერძოდ კი, შემძენი (მესამე მოპასუხე) უნდა იყოს არაკეთილსინდისიერი, რაც, განსახილველ შემთხვევაში, გამოუვლენელია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია, რის გამოც, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
24. დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზეც, რადგან, სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული სსკ-ის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება, განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და თავად კასატორიც არ უარყოფს, რომ მას რაიონულ სასამართლოში ნ. კ-ძის მოწმედ დაკითხვა არ მოუთხოვია და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში დააყენა ეს შუამდგომლობა, თუმცა ვერ დაასაბუთა მის მიერ მითითებული საპატიო მიზეზის არსებობა. მოსარჩელეს არც სხვა რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის, რაც მესამე მოპასუხის არაკეთილსინდისირების ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად სარჩელს ამ დავის ფარგლებში წარმატების პერსპექტივა არ აქვს.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-1089-1009-2017, 05.12.2017წ).
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. სკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 620.15 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ. ც-ძის (პ/ნ 4300102..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (620.15 ლარის, საგადახდო დავალება #14290366, გადახდის თარიღი 27.09.2017) 70% – 434.10 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ფ. თ-ს (პ/ნ 6534900...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ჯ. ც-ძის (პ/ნ 43001020…) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (620.15 ლარის, საგადახდო დავალება #14290366, გადახდის თარიღი 27.09.2017) 70% – 434.10 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი