Facebook Twitter

საქმე №ას-1494-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „მ. თ. M. T.”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „კ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 23 თებერვალს შპს „კ.“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „მ. თ. M. T.”-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 912.27 ლარის გადახდა.

3. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის-წარმოების განახლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა.

8. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

8.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან დარღვეული სამართლებრივი თანასწორობის აღდგენა ფუნქციური თვალსაზრისით წარმოადგენს უფრო დიდ სიკეთეს ვიდრე სსსკ-ის მიერ დადგენილი ფორმალური მოთხოვნები, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ მოთხოვნა. ამდენად, სასამართლომ ვერ შეაფასა სამართლებრივ ღირებულებათა იერარქია და გადაწყვეტილება მიიღო ვიწრო პროცესუალურ ჭრილში.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 19 ივნისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2019 წლის 20 ივნისს, რასაც არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ.

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, კერძოდ, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 21 ივნისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2019 წლის 27 ივნისს ამოიწურა (პარასკევი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ N ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; Nას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილ შეზღუდვებს შორისაა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულება (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები) და კონკრეტული მოთხოვნები სააპელაციო საჩივრის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები, ხოლო ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში - შესაბამისი შედეგი (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

15. კერძო საჩივარში მთითებული პრეტენზია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით, არ არის გასაზიარებელი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (იხ. სუსგ №ას-396-2019, 28 ივნისი, 2019 წელი). აპელანტს სასამართლოსათვის ბაჟისაგან გათავისუფლების ან გადავადების დასაბუთებული შუამდგომლობა არ წარუდგენია. ის არც კერძო საჩივარში მიუთითებს ამგვარი საფუძვლების არსებობის თაობაზე.

16. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისათვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივანის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001). როგორც აღინიშნა, აპელანტს ფინანსური მდგომარეობის გამო, ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადავადება არ მოუთხოვია. ამასთან, ხარვეზის განჩინებით აპელანტს, გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენაც დაევალა. კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენით ნაწილობრივ მაინც რატომ არ გამოასწორა ხარვეზი. მას შეეძლო, წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ეშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუკი საამისოდ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი გააჩნდა.

17. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე (1) მუხლითა და „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. როგორც აღინიშნა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

18. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ Nას-884-824-2017, 12.09.2017 წელი; №ას-23-2019, 24.04.2019; №ას-693-2019, 28.06.2019 წელი)

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ. თ. M. T.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი