№ას-1214-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სანათა ბურდული
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ. ბ.“
მოპასუხეები - მ. ქ-ძე, ქ. ლ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2007 წლის 14 მაისს სს „თ. ბ.“ (შემდეგში - ბანკი, მოსარჩელე), მ. ქ-ძესა და ქ. ლ-ძეს (შემდეგში - მსესხებლები) შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლებმა მოსარჩელისაგან მიიღეს სესხი, 35 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წელიწადში 15.5 პროცენტი სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის შეთანხმება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს - 10 აშშ დოლარს ერთჯერადად და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ს.
2. 2007 წლის 14 მაისს ბანკსა და ე. თ-ს (შემდეგში - თავდები) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მსესხებლის ვალის დაფარვის ვალდებულება.
3. 2007 წლის 14 მაისს ბანკსა და თავდებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ა.ყ. გამზირის N…-ში (საკადასტრო კოდი: 01.14.03.040….) მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელმაც უზრუნველყო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება. ამჟამად, იპოთეკის საგნის მესაკუთრეა სანათა ბურდული (შემდეგში - მესაკუთრე, აპელანტი, კასატორი).
4. მსესხებლებმა სრულად არ შეასრულეს 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლებისა და მესაკუთრის (შემდეგში ერთობლივად ასევე მოხსენიებული - როგორც მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვა: მსესხებელთათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 7723.58 აშშ დოლარის, სარგებლის - 2125.37 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 3000 აშშ დოლარისა და დაზღვევის გადასახადის - 102.82 აშშ დოლარის დაკისრება; დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა. მოსარჩელემ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოითხოვა დავალიანების დასაფარავად მოვალეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა.
6. მსესხებლებს შესაგებელი არ წარუდგენიათ. მესაკუთრემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოვალეებმა ვალდებულება შეასრულეს სრულად. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მსესხებლებს დაეკისრათ 7723.58 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (ძირითადი თანხა), 2125.37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (სარგებელი), 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა (პირგასამტეხლო) და 101.82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. სასამართლომ დაადგინა, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სრულად არ დაიფარებოდა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, აღსრულება მსესხებლის სხვა ქონებაზე მიქცეულიყო.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესაკუთრემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესაკუთრემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით - საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
13.1. 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი დაზღვევის პირობებზე, შესაბამისად, დაზღვევის ნაწილში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ჩანს მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
13.2. სარჩელი ხანდაზმულია, რამდენადაც აღძრულია 2014 წელს, მსესხებლები კი, ვალდებულებას ასრულებდნენ 2010 წლამდე. რაც შეეხება კასატორის მიერ თანხის გადახდას, ამით ხანდაზმულობის ვადის დენა არ შემწყდარა, რამდენადაც ის არ იყო ვალდებული პირი. ვინაიდან იგი კრედიტს იხდიდა არა, როგორც თავდები, საკუთარი ანგარიშიდან, არამედ თანხა პირდაპირ მსესხებლის ანგარიშზე შეჰქონდა. შესაბამისად, ბანკი ამას აღიქვამდა როგორც მესამე პირის მიერ გადახდას და არა - ვალდებული პირის მიერ ვალდებულების შესრულებას. ამასთან, ბანკმა ვერ დაადასტურა ძირითადი მსესხებლის ნება, თავდებს შეესრულებინა ვალდებულება. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ თანხის გადახდა არ არის მსესხებლის ნების გამოვლენის შედეგი. ასეც რომ არ იყოს, თავდები არ იყო ვალდებული პირი იმიტომაც, რომ ბანკთან ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მსესხებლები, ხოლო იგი სოლიდარული თავდები იყო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით - მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
17. მოსარჩელის მოთხოვნის - სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს მსესხებელთათვის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი), 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.
18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
19. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ ძირითადი მოვალეები (მსესხებლები) ვალდებულებას ასრულებდნენ 2010 წლამდე, ამის შემდეგ მათ შეწყვიტეს კრედიტის დაბრუნება. 2010 წლის შემდეგ 2012 წლის 2 აგვისტომდე კრედიტის დაფარვას აგრძელებდა თავდები, რომელიც სსკ-ის 137-ე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას) მუხლის მიზნებისათვის არ იყო ვალდებული პირი იმიტომ, რომ იგი თანხას რიცხავდა არა როგორც თავდები საკუთარი ანგარიშიდან, არამედ მსესხებლის ანგარიშზე შეჰქონდა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ბანკთან ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მსესხებლები და თავდები არ იყო ვალდებული, გაესტუმრებინა მათი ვალი.
20. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება რომ ბანკის წინაშე ვალდებულება სრულდებოდა მსესხებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გზით. თავად კასატორიც მიუთითებს, რომ თავდებს თანხა მსესხებლის ანგარიშზე შეჰქონდა, რის შემდეგაც ბანკი სწორედ მსესხებელს აჭრიდა გადასახდელ თანხას. ამის უფლება ბანკს ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა (ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულება ხორციელდება მისი ბანკში გახსნილ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხებიდან; ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება კლიენტის დავალებით ან დავალების გარეშე უაქცეპტო წესით; ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის მიერ თანხის გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას მოახდინოს გადასახდელი თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან ნებისმიერ ვალუტაში). ამდენად, სადავო საბანკო კრედიტის დასაფარად ყველა გადახდა შესრულდა მსესხებლის ანგარიშიდან, შესაბამისად, ბანკისათვის გადამხდელად მიიჩნევა მსესხებელი და არა - ანგარიშზე თანხის შემტანი პირი.
21. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პირობის შესახებ ცნობილი იყო თავდებისთვისაც და იგი ბანკთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით დაეთანხმა ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და განსაზღვრულ პირობებს (ხელშეკრულების 2.8 პუნქტი). შესაბამისად, ერთი მხრივ, თავდებისათვის ცნობილი იყო, რომ მსესხებლის ანგარიშზე თანხის შეტანით სწორედ მსესხებელი შეასრულებდა თავის ვალდებულებას ბანკის წინაშე, მეორე მხრივ კი, ბანკი თავდების მიერ საბანკო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად მსესხებლის ანგარიშზე თანხის შეტანას საფუძვლიანად მიიჩნევდა მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულებად და სავსებით სწორად აღიქვამდა, რომ თავდებსაც სწორედ ამ მიზნით შეჰქონდა თანხა მსესხებლის ანგარიშზე.
22. ასეც რომ არ იყოს, პალატა არ იზიარებს კასატორის სამართლებრივ მსჯელობას, რომ თავდები ვალდებული პირი არ არის სსკ-ის 137-ე მუხლის გაგებით და მიიჩნევს, რომ სოლიდარული თავდების მიერ ვალდებულების შესრულება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სოლიდარული თავდებობისას კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების გარეშეც უფლებამოსილია, უშალოდ თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (სსკ-ის 895-ე მუხლი), რა დროსაც თავდები შესრულებაზე ვალდებული პირია. სოლიდარული თავდებობის არსი სწორედ თავდების მიერ ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის ვალდებულების შესრულების თანაბარმნიშვნელოვნად კისრებაა. ამდენად, ეს უკანასკნელი მოვალესთან ერთად წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს სსკ-ის 463-ე მუხლის გაგებით და მის მიერ ვალდებულების შესრულება ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტს.
23. რაც შეეხება დაზღვევის თანხის ჩამოჭრას, კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან კრედიტორის ძირითადი ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, დაზღვევის თანხა კრედიტის ძირითადი თანხასა და პროცენტთან ერთად გათვალისწინებული იყო კრედიტის დაფარვის გრაფიკშიც. მსესხებლები ნებაყოფლობით იხდიდნენ დაზღვევის თანხებს დადგენილი გრაფიკით. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ არ არსებობდა მსესხებლის ანგარიშიდან დაზღვევის თანხის ჩამოჭრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, არ არის გასაზიარებელი.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-645-612-2014, 6.04.2015 წ.; № ას-449-424-2014 , 20.02.2015 წ.).
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს. ბ-ს (0101703…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. ე-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1760 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 12.11.2018) 70% – 1232 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი