№ას-1205-1165-2016 25 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ო.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ო.“ (შემდეგში - მოპასუხეს, მიმწოდებელს) დაეკისრა 1112.4 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს განსაზღვრავს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტია ის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს ეკისრება სანქცია. ამასთანავე, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის ინტერესი, რითაც სასამართლომ მხარეს შესაძლებლობა მისცა, თავი აერიდებინა იმ პასუხისმგებლობისათვის, რაც მას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრებოდა, ეს კი, ეწინააღმდეგება ვალდებულების შესრულების პრეზუმფციას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს, შორის 2015 წლის 9 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N444 (გამარტივებული ელექტრონული ტენდერი SPA15001..) ხელშეკრულება დაიდო , რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული ავტომატური კომპიუტერიზებული ე.წ. ფრეზირების დანადგარი და აქსესუარები, ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში (2015 წლის 8 აგვისტომდე).
5.2.2. ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 82 400 ლარით, ხოლო საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების ან პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის 0.2%-ით განისაზღვრა.
5.2.3. 2015 წლის 25 აგვისტოს, 2015 წლის 9 ივნისის №444 ხელშეკრულების საფუძველზე, 82400 ლარის საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. შემსყიდველმა სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგნის ღირებულება, თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვადაგადაცილებით შეასრულა.
5.2.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 2966.4 ლარი დაერიცხა, საიდანაც მოპასუხემ პირგასამტეხლოს მხოლოდ ნაწილი - 741.6 ლარი გადაიხადა.
6. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად/ვადაგადაცილებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.
7. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში დაკისრებული 1112.4 ლარი სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპნესირებისათვის ადეკვატურ რაოდენობას წარმოადგენს. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დასთანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი.
8. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი)“. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
9. საბოლოოდ, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის განსჯით, ქმნის 1112.4 ლარის ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივ საფუძვლიანობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავაზე სწორად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს შესაბამისი მოცულობით განსაზღვრის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა
10. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ #ას-897-837-2017, 22.09.2017; სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი