№ას-1086-2018 28 ივნისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელე) – ნ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. ჭიათურის ნოტარიუსი ზ. ც-ძე, გ. ყ-ძე, ა. დ-ძე, ნ. მ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2006 წლის 14 ოქტომბერს, ნ. მ-ძესა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) და მ. ყ-ძეს (შემდეგში - თავდაპირველი მესაკუთრე/გამყიდველი, რომლის უფლებამონაცვლეა გ. ყ-ძე (შემდეგში პირველი მოპასუხე)) შორის ნოტარიუს ზ. ც-ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან ნოტარიუსი) მიერ სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გამყიდველისაგან ქალაქ ჭიათურაში, ნ. ქუჩაზე, მშენებარე, სავაჭრო რიგის პირველ სართულზე, #..-ში განთავსებული 27 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) 756 ლარად იყიდა და საჯარო რეესტრში საკუთრებად აღირიცხა (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 85-89; 72, ტ.1).
2. 2009 წლის 25 აპრილს, იმავე ნოტარიუსის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. დ-ძემ (შემდეგში - მესამე მოპასუხე) თავდაპირველი გამყიდველისაგან შეიძინა ქ. ჭიათურაში, ნ. ქუჩაზე, სავაჭრო რიგის … სართულზე, №…, 25 კვ.მ მშენებარე სავაჭრო ფართი, რომელიც 2009 წლის 29 მაისს საჯარო რეესტრში აღირიცხა მესამე მოპასუხის სახელზე. შემდგომში გაირკვა, რომ №.. ფართზე უკვე რეგისტრირებული იყო სხვა პირის საკუთრების უფლება, რის გამოც გამყიდველსა და მესამე მოპასუხეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გაკეთდა შენიშვნა და ფართის ნომრად ..-ის ნაცვლად მიეთითა №.(იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 79-83). ჭიათურის სარეგისტრაციო სამასახურის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით (ტექნიკური ხარვეზის შესწორების აქტით), მესამე მოპასუხე ამ ფართის (ქ. ჭიათურაში, ნ. ქუჩაზე, სავაჭრო რიგის … სართულზე, 25 კვ.მ, N… არასაცხოვრებელი ფართის) მესაკუთრედ აღირიცხა(იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 74-75. ტ.1).
3. 2009 წლის 22 აგვისტოს ნ. მ-სა (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან სადავო ქონების მესაკუთრე) და მესამე მოპასუხეს შორის სადავო ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც კვლავ იმავე ნოტარიუსმა დაამოწმა. უძრავი ქონების მესაკუთრედ მეოთხე მოპასუხე აღირიცხა. საკადასტრო (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 73; 251-254; ტ.1).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მეოთხე მოპასუხე გამოასახლა სადავო ფართიდან (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 32-44 ტ.1).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგინდა რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება არ ჰქონდა, მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი მესამე მოპასუხის საკუთრებად აღერიცხა, რაც განხორციელდა მესამე მოპასუხის რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის გასწორების გზით (საკუთრების ობიექტის ნუმერაციის შეცვლით, ნაცვლად #...-ისა #... მითითებით), რეალურად კი, გამოიცა ახალი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რითაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, კერძოდ, დაირღვა მისი საკუთრების უფლება. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მყიდველს/მეოთხე მოპასუხეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა მესამე მოპასუხის სახელზე ფართის რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 39-51 ტ.1).
6. 2017 წლის 10 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ გარიგებების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში - მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე).
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, მეორე მოპასუხემ მოსარჩელის წინააღმდეგ წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, საქმეში არ იყო წარმოდგენილი ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მისივე მითითებით, ზიანის ანაზღაურებისთვის მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოწურული იყო. მესამე მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაიდო. მეოთხე მოპასუხემ სარჩელს როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიზანი და ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობით ვერ მიიღწეოდა, ვინაიდან ის როგორც მყიდველი, სადავო ქონების შესყიდვის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერი იყო. მეოთხე მოპასუხის მითითებით, სარჩელი, ამავდროულად, ხანდაზმული იყო.
8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 50-ე, 54-ე, 61-ე, 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10.1. სააპელაციო პალატის განსჯით, ზიანი მარეგისტრირებელი ორგანოს არასწორი რეგისტრაციიდან გამომდინარეობდა, შესაბამისად, პალატამ უარყო აპელანტის მსჯელობა, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად ნოტარიუსის განსაზღვრის თაობაზე.
10.2. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მეოთხე მოპასუხე სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი იყო. შესაბამისად, გარიგებათა ბათილად ცნობა არ გამოიწვევდა სადავო ქონებაზე მეოთხე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმებას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას.
10.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით მოითხოვა:
11.1. კასატორის მტკიცებით, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი საჯარო რეესტრში მეოთხე მოპასუხის რეგისტრირებული ჩანაწერიდან ქონების რეკვიზიტად მითითებული ნომერაციის (N…) ამოღებაა, რადგან, ის შესაბამის მისამართზე ამ ნომერაციის მქონე (N..) ფართის მესაკუთრეა და მას მის საკუთრებაში რიცხული ფართი არ გაუსხვისებია.
11.2. კასატორის მითითებით, ნოტარიუსის ქმედებით, რომელმაც გადაუმოწმებლად გააფორმა ხელშეკრულება თავდაპირველ მესაკუთრესა და მესამე მოპასუხეს, ხოლო შემდეგ იმავე ქონებაზე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის, მას მიადგა - 4 000 ლარის ზიანი. კასატორის მოსაზრებით, პირველი მოპასუხე პასუხისმგებელი იყო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შინაარსის სისწორეზეც. კასატორის მოსაზრებით, ნოტარიუსმა ერთი და იგივე ქონების გასხვისება სამჯერ ისე დაამოწმა, რომ მას არ ჰქონდა საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ცნობა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა. მართალია, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუმცა, რაკი ეს განჩინება არსებითად სწორია, საკასაციო პალატა არ აუქმებს მას.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მეოთხე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ფართი. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, მოპასუხე ვალდებულია, სადავო ფართი მოსარჩელეს დაუბრუნოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ გაუქმებულა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მოსარჩელე ამჟამადაც წარმოადგენს სადავო ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს და, ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, დაიბრუნოს მფლობელობა ამ ფართზე. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ დადგინდება 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა და შესაბამისად, სადავო ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამოირიცხება (რაც ფაქტობრივად სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმებას ნიშნავს), მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ვერ მოითხოვს. ამდენად, ამ ეტაპზე, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. იმ შემთხვევაში კი, თუ ზიანის ანაზღაურების ზემოხსენებული პირობა დადგება (სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლება გაუქმდება), მოსარჩელე უფლებამოსილი იქნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 13.08.2018), 70%, 525 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ. მ-ძეს (5400102…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარის (საგადახდო დავალება #12, გადახდის თარიღი 13.08.2018) 70% – 525 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი